იაპონიაში მასწავლებლები პენსიით უზრუნველად ცხოვრობენ, საქართველოში კი პედაგოგებს ყველაზე დაბალი ხელფასი აქვთ - რას ამბობენ განათლების ექსპერტები | Allnews.Ge

იაპონიაში მასწავლებლები პენსიით უზრუნველად ცხოვრობენ, საქართველოში კი პედაგოგებს ყველაზე დაბალი ხელფასი აქვთ - რას ამბობენ განათლების ექსპერტები

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის 1-ელ კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.4 პროცენტით გაიზარდა და 1 256 ლარს შეადგენს. უწყებამ გამოითვალა, რომ ყველაზე მაღალი ხელფასი სადაზღვევო და საფინანსო საქმიანობის დარგშია (2 448 ლარი), ხოლო ყველაზე დაბალი ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება (807 ლარი) და წყალმომარაგება/კანალიზაცია/ ნარჩენების მართვა (748 ლარი).

ტრადიციულად, მასწავლებლების ხელფასი ერთ-ერთ ყველაზე დაბალანაზღაურებადთა კატეგორიაში ხვდება, რაშიც განათლების ექსპერტები სერიოზულ პრობლემას ხედავენ. რევაზ აფხაზავა იმ მიზეზებზე საუბრობს, რაც მისი შეფასებით, განათლების სფეროში არსებული დაბალი ხელფასების უკან დგას.

rezoaxazava-1624530051.jpg

"წლებია ამ დარგში დასაქმებულ პირთა ხელფასი სტატისტიკურ მონაცემებში ბოლო ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოსთვის განათლების სფერო არ არის პრიორიტეტი. შედეგად კი ვიღებთ, რომ ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ კვლევაში განათლების ხარისხთან მიმართებაში, ყოველთვის ძალიან ცუდი შედეგები გვაქვს და მერე გვიკვირს რატომ ხდება ასე. ნორმალური კადრების მოზიდვა ჭირს. ძალიან ცოტაა მასწავლებლობის მსურველი, რადგან ყველამ იცის, რომ ამ სფეროში ხელფასები ყველაზე დაბალია, შრომა კი - დიდი.

ეს ყველაფერი, ცხადია კიდევ უფრო მძიმე შედეგებს მოიტანს სამომავლო პერსპექტივაში. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში მასწავლებელთა ხელფასი იმატებს, ფასების ზრდისა და ცხოვრების პირობების გაუარესების ფონზე, ეს მატება საგრძნობი არ არის.

სამწუხაროდ, არცერთი ხელისუფლება არ ცდილობს განათლების სრულყოფილ რეფორმირებას, რადგან ეს მარტივი საქმე არ არის, საკმაო ძალისხმევა სჭირდება. პოლიტიკოსები მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზე ფიქრობენ და არა ქვეყნის განვითარებაზე. მათი ძირითადი მიზანი არჩევნებში ქულების მოპოვებაა, რომელსაც უფრო ფასადური პოლიტიკით ცდილობენ, ვიდრე განათლების სისტემის განვითარებით" - ეუბნება Allnews.ge-ს რევაზ აფხაზავა.

განათლების საკითხების მკვლევარი თინათინ ცერცვაძე საერთაშორისო გამოცდილებაზე საუბრობს და მასწავლებელთა შრომის სათანადოდ დაფასების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას:

cercvadze-1624530125.jpg

"ცხადია, ხელფასების გაზრდის საჭიროება არსებობს, მაგრამ ამასაც თავისი წესები აქვს. უბრალოდ მოვუმატოთ ხელფასი და მორჩა, ეს არ იქნება შედეგის მომტანი. უამრავი პუნქტი ჩნდება აქ: როგორ უნდა მოხდეს ზრდა სწორად და რამდენად განსაზღვრავს ხელფასის მატება მასწავლებლის კმაყოფილების ხარისხს. ამასთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანაში კვლევები არ ტარდება. 20 წელზე მეტია მასწავლებლებთან მაქვს პროფესიული შეხება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ და ყოველთვის იკვეთება მსგავსი კვლევების საჭიროება.

საქართველოში რამდენჯერმე შემუშავდა მასწავლებლებისთვის ხელფასების მომატების სტრატეგიები, თუმცა არცერთი მათგანს არ უძღვოდა წინ პედაგოგთა კმაყოფილების ხარისხს განსაზღვრელი კვლევა. ვერ ვიტყვით, რომ სხვა ქვეყნებში საგანმანათლებლო სფეროებში დასაქმებულთა ხელფასები ბევრად უსწრებს მაგალითად, ფინანსურ ან სადაზღვევო სფეროში მომუშავეთა ანაზღაურებას, მაგრამ მაინც საკმაოდ კარგი ხელფასები აქვთ მასწავლებლებს უცხოეთში. ამის გარდა, მოქმედებს უამრავი ბენეფიტი მათთვის.

რამდენიმე განვითარებული ქვეყნის მაგალითი რომ მოვიყვანოთ, იაპონიაში არსებობს სპეციალური მაღაზიები, სადაც მასწავლებლებს შეუძლიათ მეოთხედ ფასში შეიძინონ პროდუქცია. ამასთან, 10 წლის შემდეგ ყველა მასწავლებელი გადის საპატიო პენსიაზე და თან ისეთი სარგებელი მიჰყვებათ, მთელი ცხოვრება უზრუნველად ცხოვრობენ. აშშ-ში კი 4 წელიწადში ერთხელ მასწავლებელს აქვს უფლება და შეიძლება ითქვას, ვალდებუულებაც, რომ გარკვეული პერიოდი შეისვენოს და განახლებული ძალებით განაახლოს პედაგოგიური მოღვაწეობა. ეს ყველაფერი კი მათი განათლების სისტემის სიძლიერეს უზრუნველყოფს" - გვეუბნება მკვლევარი.

განათლების საკითხების მკვლევარის თქმით, განათლების დარგის გაძლიერებაზე ზრუნვა, სკოლიდანვე უნდა დაიწყოს. მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს თავიდანვე უნდა ჰქონდეთ მოტივაცია და სურვილი, რომ მოღვაწეობა განათლების სფეროში გააგრძელონ.

"მასწავლებლების კეთილდღეობაზე თუ ვსაუბრობთ, მომავალი მასწავლებელების წახალისების კვალიფიკაციის უზრუნველყოფის საკითხსაც უნდა შევეხოთ. ძალიან მძიმე ვითარებაა პედაგოგთა კვალიფიკაციის კუთხით ქვეყანაში. ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან უნდა მოხდეს მომავალი მასწავლებლების წახალისება, რომ ამ დარგში რაც შეიძლება ძლიერი კადრები მოვიდნენ.

ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველოში მასწავლებელთა ხელფასი დაბალია, ამიტომ წარმატებულ მოსწავლეებს არ უჩნდებათ სურვილი, განათლების მიმართულებით გააგრძელონ სწავლა. ვისაც ჯანსაღი ამბიცია აქვს, ირჩევს ბიზნესს ან სხვა ფაკულტეტებს, სადაც ფიქრობენ, რომ მეტად დაუფასდებათ შრომა და მაღალი ანაზღაურება ექნებათ. შედეგად, პედაგოგიურზე აბარებენ ძირითადად დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები, რაც ცხადია, პირდაპირ კავშირიშია განათლების ხარისხთან" - ეუბნება Allnews.ge-ს თინათინ ცერცვაძე.

ავტორი: თინათინ ზვიადაძე

myquiz