5 გამოგონება, რომელიც ქართველ მოსწავლეებს ეკუთვნით | Allnews.Ge

5 გამოგონება, რომელიც ქართველ მოსწავლეებს ეკუთვნით

ქართველი მოსწავლეებისა თუ სტუდენტების ნაწილი ბოლო დროს ხშირად გამოირჩევა საინტერესო და სხვადასხვა სფეროში გამოსადეგი გამოგონებებითა და ინოვაციებით, ახალგაზრდები სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობენ და ხშირად აღწევენ წარმატებას ქვეყნის შიდა ასპარეზზე თუ საზღვრებს გარეთ.

Allnews.ge დღეს რამდენიმე ინოვაციურ გამოგონებას წარმოგიდგენთ, რომლებიც ქართველი ახალგაზრდების მიერაა შექმნილი.

  • უსაფრთხო ჩაფხუტი - "მარკო"

მოსწავლეებმა თამარ ბატიაშვილმა და გიორგი ხაჭაპურიძემ პროექტი მოტომოყვარულების უსაფრთხოების დაცვისთვის შექმნეს. Marco მძღოლს აჩვენებს ყველა იმ ინფორმაციას, რაც მას მართვის პროცესში ჭირდება: GPS, Bluetooth, ულტრაბგერითი მანძილის სენსორი, საფრთხის მაჩვენებელი და ა.შ. ჩაფხუტს აქვს 360 გრადუსიანი ხედვის არეალი და სენსორები საფრთხის მოახლოების შესახებ ვიბრაციითა და დისპლეის საშუალებით აფრთხილებენ მძღოლს.

markoo-1624528313.jpg

Marco ერთდროულადაა დაკავშირებული მოტოციკლთან და ტელეფონთან, ყველა საჭირო ინფორმაცია კი ინახება ჩაფხუტის მინაზე და ისეა გამოსახული, რომ ხედვას ხელს არ უშლის - გამოდის, რომ ჩაფხუტის მინა ერთდროულად არის ეკრანიც და საქარე მინაც. იმისთვის, რომ ჩაფხუტის მ,ინა ეკრანად ექციათ, ახალგაზრდა გამომგონებლებმა ის გადააქციე ნახევრად გამჭვირვალე სარკედ, რისთვისაც ზედ დააფინეს ვერცხლის თხელი ფენა.

  • რიგის კონტროლის სისტემა

მოსწავლე გამომგონებელთა კონკურსის "ლეონარდო და ვინჩის" გამარჯვებული 2020 წელს ინოვაციური პროექტი - "რიგის კონტროლის სისტემა" გახდა, რომლის ავტორები არიან მოსწავლეები: გიგი გუგუნავა, ნია ნორაკიძე და დიმიტრი გულუა.

rigiskontroli-1624526700.jpg

ახალი სისტემის შესაქმნელად ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას, კოვიდპანდემიის დროს დაწესებული რეგულაციების ეფექტური კონტროლი წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, გამომგონებელთა ჯგუფმა ისეთი მოწყობილობის შექმნა დაისახა მიზნად, რომელიც ერთდროულად შეძლებდა დახურულ სივრცეში მყოფი პირების რეგისტრირებას, რაოდენობის აღრიცხვას და თერმოსკრინინგს.

შეიქმნა მონაცემთა ბაზა, ბარათის ნომერს კონკრეტული პირის სახელი და გვარი ებმის. ასევე, მოცემულია გაკვეთილისა თუ ლექციის დაწყების დრო, დაწესებულია ტემპერატურული ზღვარი. თითოეულ მოსწავლეს, სტუდენტს თუ თანამშრომელს ექნება საკუთარი ბარათი, რომელიც დაწესებულებაში შესვლისთანავე საბარათო სისტემაზე უნდა გაატაროს.

rigiskontroliii-1624526831.jpg

ბარათის რეგისტრაციის დროს, კონკრეტული პირის ხელისკენ მიმართულია ინფრაწითელი კამერა, რომელიც რეგისტრაციასთან ერთად, თერმოსკრინინგსაც ატარებს. თუ ტემპერატურა ზღვარს სცდება, ტურნიკეტი არ გაიღება და ადამიანი ვერ შეძლებს დაწესებულებაში შეღწევას. მისი მონაცემები შეინახება მონაცემთა ბაზაში და შემდგომ გაიგზავნება შესაბამის დაწესებულებაში.

  • "ჭკვიანი გასაღები"

2016 წელს, მე-9 კლასის მოსწავლეებმა საბა და ვიტალი დიდიძეებმა შექმნეს აპლიკაცია-გასაღები. ქართველი ძმების პროექტი - Smart Key (ჭკვიანი გასაღები) შეიქმნა იმისთვის, რომ ადამიანს მნიშვნელოვანი დისკომფორტი - გასაღებების ასხმის თან ტარება ააცილოს თავიდან. საბა დიდიძის თქმით, თანამედროვე ცხოვრების წესი ადამიანს აიძულებს, რომ ბევრი ნივთი ატაროს თან, მათ შორის კი ერთ-ერთი ყველაზე შემაწუხებელი გასაღებია. ძმებმა ამ პრობლემის გადაჭრა გადაწყვიტეს და სმარტფონს გასაღების ფუნქციაც შეუთავსეს.

gasagebigamogoneba-1624526964.jpg

Smart Key ორი ნაწილისგან შედგება. ერთი სპეციალური მოწყობილობაა, რომელიც კარებზე მაგრდება და მეორე - მობილური აპლიკაცია. ელექტრონულ საკეტს ინდივიდუალური კოდი ექნება, კარის გაღება კი შიგნიდან, მობილური აპლიკაციისა და იმავე კოდის საშუალებით მოხდება.

  • "დისტანციური რეალობა"

რობოტი, რომელიც ოპერაციას გააკეთებს ან ხანძარს ჩააქრობს, ორმა ქართველმა მოსწავლე გამომგონებელმა - ირაკლი ყაზაიშვილმა და გიორგი ჯიქიძემ 2016 წელს შექმნეს. პროექტის სახელია "დისტანციური რეალობა".

"გამოგონება ორი ნაწილისგან შედგება: ერთი ვირტუალური რეალობის უკვე კარგად ცნობილი სათვალის მსგავსი მოწყობილობაა, მას ადამიანი იკეთებს; მეორეა რობოტი, რომელიც ამ ადამიანის მოძრაობას ზუსტად იმეორებს. ადამიანს დამატებით ხელებსა და ფეხებზე სენსორებიც უმაგრდება, რაც უზრუნველყოფს, რომ რობოტის მოძრაობა უშეცდომო იყოს" - განმარტავს გამომგონებელი ირაკლი ყაზაიშვილი.

distanciurigamogoneba-1624527175.jpg

გამოგონების მიზანია კრიტიკულ სიტუაციაში მექანიზმმა ადამიანი ჩაანაცვლოს. ახალგაზრდა გამომგონებლების თქმით, მან შეიძლება, ოპერაციაც გააკეთოს - სათვალითა და სენსორებით აღჭურვილი ექიმი ოპერაციას გააკეთებს, რობოტი კი მას იდენტურად გაიმეორებს და მეორე ოპერაციას ჩაატარებს. ამასთანავე, ყაზაიშვილის თქმით, რობოტის "შეშვება" შეიძლება ისეთ ხანძარში, რომელიც მეხანძრის სიცოცხლისთვის სახიფათოა; რობოტის გაგზავნა კოსმოსშიცაა შესაძლებელი...

ირაკლი ყაზაიშვილისა და გიორგი ჯიქიძის განმარტებით, "დისტანციური რეალობის" მთავარი უპირატესობა მსგავს პროექტებთან შედარებით ის არის, რომ რობოტს არ სჭირდება გაწვრთნა და კონტროლი. ის ადამიანის მოძრაობას იმეორებს და დამოუკიდებლად არაფერს აკეთებს.

  • "მანძილის მზომი რობოტი"

"მანძილის მზომი რობოტი" - ეს არის პლანშეტიდან, ტელეფონიდან ან სხვა ტექნიკური საშუალებიდან მართვადი რობოტი, რომელსაც მრუდი ტრაექტორიის, მაგალითად, წრეწირის გაზომვა შეუძლია. სამშენებლო სამუშაოებისას თუ მღვიმეების შესასწავლი ექსპედიციების დროს, მშენებლებსა და მკვლევარებს მანძილის ან სიღრმის გაზომვა ხელით უწევთ, რაც ხშირად საფრთხისშემცველია. "მანძილის მზომი რობოტი" კი ამ პრობლემას გადაჭრის - ის დისტანციურად იმართება და დამკვირვებელი, რომელიც მას სიმაღლეებზე, მღვიმეში თუ სხვა საფრთხისშემცველ ადგილზე სამუშაოებისას იყენებს, უბედური შემთხვევისგან აბსოლუტურად დაცულია.

mandziligamogoneba-1624527284.jpg

ქუთაისელმა მოსწავლეებმა - იონა იობიძემ, გიორგი ურატაძემ და ზურა კიკალიშვილმა "მანძილის მზომი რობოტი" 2017 წელს გამოიგონეს. მათ "ლეონარდო და ვინჩის კონკურსში" გაიმარჯვეს და 5 000 ლარის მფლობელებიც გახდნენ.

"ეს გამოგონება ადამიანებს ცხოვრებას გაუმარტივებს და სამუშაო პროცესს უსაფრთხოს გახდის, რადგან კილომეტრების გაზომვა დღეს ხელით უწევთ და რობოტი ამას დისტანციურად აკეთებს. როდესაც ადამიანი უცნობ, გამოუკვლეველ მღვიმეში შევა, არავინ იცის, იქ რა შეხვდება, რობოტი კი ამას გაუმკლავდება და არავის სიცოცხლე საფრთხეში აღარ იქნება", - განმარტავს გამომგონებელი იონა იობიძე.

ავტორი: ეკა აბაშიძე

myquiz