"ზედმეტად სექსუალური", "ანტი-ქრისტიანული", "შეურაცხმყოფელი" - 7 ცნობილი წიგნი, რომელიც აშშ-ში სხვადასხვა მიზეზით აიკრძალა | Allnews.Ge

"ზედმეტად სექსუალური", "ანტი-ქრისტიანული", "შეურაცხმყოფელი" - 7 ცნობილი წიგნი, რომელიც აშშ-ში სხვადასხვა მიზეზით აიკრძალა

21-ე საუკუნეში, თავისუფალი სამყაროს სიმბოლოდ ქცეულ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლიტერატურის შეზღუდვა თუ აკრძალვა უცხო არ არის. სხვადასხვა შტატში აკრძალული წიგნების ჩამონათვალში, ისეთი სახელგანთქმული ავტორების ნაწარმოებებსაც აღმოაჩენთ, რომელთა გარეშეც მკითხველისთვის მსოფლიო ლიტერატურა წარმოუდგენელია.

კონგრესის მიერ 1789 წელს მიღებული პირველი შესწორება, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება, შეიცავს სიტყვის, რელიგიის, პრესის, პეტიციისა და შეკრების თავისუფლებებს. ის ხშირად მოიხსენიება ისეთი სასამართლო საქმეების განხილვისას, რომელიც წიგნების შეზღუდვას ან აკრძალვას ეხება.

არსებობს სხვადასხვა მიზეზი, რის გამოც აშშ-ში ნაწარმოებებს კრძალავენ:

  • ენობრივი - ესაა ცენზურის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი, როცა რომანი დიდი დოზით ლანძღვა-გინებას ან შეურაცხმყოფელ ტერმინებს შეიცავს. მაგალითად, სიტყვა "ზანგის" გამოყენების გამო, "ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი" "შავ სიაშია" შესული.
  • სექსუალური - თუ წიგნი შეიცავს სიტუაციებს, რომელიც შესაბამისი არაა ბავშვების ან კონკრეტული აუდიტორიისთვის. მაგალითად: "დიდი გეთსბი" შეზღუდულია "სექსუალური მინიშნებების" გამო.
  • პოლიტიკური - ხშირად, რომანები, რომლებიც უკიდურეს პოლიტიკურ ან რევოლუციურ შეხედულებებს გამოხატავენ, იზღუდება ან იკრძალება. მაგალითი: "ცხოველების ფერმა" შეზღუდულია გამოყენებული ფრაზის - „მასები აჯანყდებიან“ გამო.
  • ძალადობრივი - რომანები იზღუდება ან იკრძალება გრაფიკული გამოსახვის გამო, როგორიცაა ძალადობრივი სცენები, სისხლი და ა.შ. მაგალითი: ტონი მორისონის "შეყვარებული" შეიზღუდა, რადგან მეტისმეტად ძალადობრივად ჩაითვალა.
  • რელიგიური - წიგნი რელიგიური მიზეზით იკრძალება, განსაკუთრებით მაშინ, თუ საუბარი არაპოპულარულ რელიგიაზეა. მაგალითი: "მხევლის წიგნი" აკრძალულია, რადგან ანტი-ქრისტიანულად ჩაითვალა.

რაც შეეხება კონკრეტულად იმ წიგნებს, რომლებიც ამერიკის სხვადასხვა შტატში შეზღუდული და აკრძალულია - ALLNEWS.GE წარმოგიდგენთ 7 პოპულარულ ნაწარმოებს:

  • "ნუ მოკლავ ჯაფარას", ჰარპერ ლი - ენობრივი მიზეზი, აკრძალულია მინესოტას შტატში

წიგნმა "ნუ მოკლავ ჯაფარას" (1960) პოპულარობა სწრაფად მოიპოვა, პულიცერის პრემია მიიღო და მას შემდეგ ამერიკულ კლასიკად ითვლება. რომანი უპირისპირდება გაუპატიურებისა და რასობრივი უთანასწორობის საკითხებს. თუმცა, მასზე ცენზურა 1960 წლიდან, გამოქვეყნებისთანავე დაიწყო და ის ALA-ს (ამერიკის ბიბლიოთეკის ასოციაციის) მიერ 2009 და 2011 წლებში ყველაზე შეზღუდული წიგნების ათეულში მოხვდა.

mockingbird-1623740700.jpg

რომანი შეურაცხმყოფელად ჩაითვალა, რადგან ის ეხება რასობრივ უსამართლობას, კლასობრივ სისტემებს, გენდერულ როლებს; ის მძაფრი ენით გადმოსცემს ძალადობის, გაუპატიურების, ინცესტის სცენებს.

1996 წლის ივლისში, მისისიპის Moss Point-ის სასკოლო რაიონის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ "ნუ მოკლავ ჯაფარას" უნდა განეხილათ მშობლების, საზოგადოების წევრებისა და მასწავლებლების ჯგუფს მას შემდეგ, რაც სასულიერო პირმა გრეგ ფოსტერმა, რომანში რასობრივი აღწერილობისა და სექსუალური აქტივობის დისკუსიის შესახებ სასამართლოში შეიტანა საჩივარი. საბოლოოდ, რომანი სკოლაში დაიბლოკა.

კიდევ ერთი შემთხვევა 2008 წელს ნიუ-ჯერსიში მოხდა, სადაც ჩერი ჰილის მცხოვრები წინააღმდეგი იყო, "ნუ მოკლავ ჯაფარას" საშუალო სკოლის ინგლისური ენის სასწავლო პროგრამაში ყოფილიყო. მას არ მოსწონდა, როგორ ეპყრობოდნენ რომანში აფრო-ამერიკელებს და შიშობდა, რომ ეს აღწერილობა შავკანიან სტუდენტებს გაანაწყენებდა. წიგნის აკრძალვის ნაცვლად, სკოლის გამგეობამ ერთხმად დაუჭირა მხარი წიგნის სასწავლო პროგრამაში დარჩენას. სანაცვლოდ, კი იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც გაკვეთილებზე აღნიშნულ რომანს იყენებდნენ, რასობრივი მგრძნობელობის ტრენინგები დანერგეს.

  • "მხევლის წიგნი", მარგარეტ ეტვუდი - რელიგიური მიზეზი, აკრძალულია ჩრდილო კაროლინაში

ბესტსელერი 1985 წელს გამოქვეყნდა, გახდა არტურ კლარკის პრემიის ლაურეატი, მიიღო ბუკერის და ნებულას პრემიის ნომინაციები. წლების განმავლობაში "მხევლის წიგნი" კოლეჯების ლიტერატურის გაკვეთილებზე განიხილებოდა, ამასთანავე, სკოლის ბიბლიოთეკებიდან ქრებოდა, მას ხოტბას ასხამდნენ, გმობდნენ და უყვარდათ...

handmaid-1623740984.jpg

"მხევლის წიგნი" როგორც 1990-იან, ისე 2000-იან წლებში მოხვდა ამერიკის ბიბლიოთეკის ასოციაციის სიაში - "ათწლეულის განმავლობაში ათი ყველაზე აკრძალული წიგნი". ამის მიზეზად ანტი-ქრისტიანულობა სახელდებოდა (საპირისპირო მოსაზრებით, ეს ასე არ არის, უბრალოდ, წიგნი ანტი-ფუნდამენტალისტურია ან მასში ბევრი "შემაშფოთებელი" სექსი ფიგურირებს).

ნაწარმოებში ნებისმიერი ქალის ყველაზე წარმოუდგენელი კოშმარებია თავმოყრილი: დამოუკიდებლობის დაკარგვა, არასასურველ კაცთა მორჩილება, გაუპატიურება, ძალადობა, ბავშვის დაკარგვა, ან უშვილობის გამო საზოგადოების მიერ უღირსად ჩათვლა, თანაც ნაწარმოებში ეს ყველაფერი სახელმწიფოს მიერაა სანქცირებული.

  • "დიდი გეთსბი", ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი - სექსუალური მიზეზი, აკრძალულია სამხრეთ კაროლინაში

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის კლასიკური წიგნი "დიდი გეტსბი" 1925 წელს გამოქვეყნდა. თითქმის 100 წლის განმავლობაში საშუალო სკოლების მოსწავლეებისთვის მისი წაკითხვა იზღუდებოდა.

greatgatsbyscott-1623741145.jpg

ბევრი ჯგუფი, განსაკუთრებით რელიგიური ორგანიზაციები, აპროტესტებდნენ რომანში გამოყენებულ ენას, ძალადობასა და სექსუალურ მინიშნებებს და საჯარო სკოლებში წიგნის აკრძალვას წლების განმავლობაში ცდილობდნენ.

მაგალითად, ალასკაში ერთ-ერთმა სკოლამ მასწავლებლებს "მეტისმეტად სექსუალური" "გეტსბის" გამოყენება აუკრძალა და აღნიშნა, რომ მოსწავლეებისთვის წიგნი ზედმეტად "წინააღმდეგობრივია". ეს გადაწყვეტილება მალევე ადგილობრივ მასწავლებელთა კავშირმა დაგმო და აკრძალვა გაუქმდა. საინტერესოა, რომ წიგნში სიტყვა "სექსი", ნახსენებიც კი არ არის...

  • "1984", ჯორჯ ორუელი - პოლიტიკური მიზეზით აკრძალულია ფლორიდაში

იოსებ სტალინის აღმავლობის ფონზე, ტუბერკულოზით დაავადებულმა ჯორჯ ორუელმა "1984" დაწერა. შესაძლოა, ავადმყოფობამ განაპირობა რომანის პირქუში ელფერი, თუმცა უმთავრესი ისაა, რომ ორუელის შთაგონება, სიტყვის თავისუფლების სიყვარული იყო.

orwell-1623741294.jpg

ორუელი წერს მთავრობაზე, რომელიც მოქალაქეების ინდივიდუალიზმსა და ცხოვრებას სრულად შლის. ავტორი აჩვენებს, როგორ ცვლის ტოტალიტარული რეჟიმი კაცობრიობასა და მის ისტორიას. წიგნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ციტატაა: ”ვინც აკონტროლებს წარსულს, აკონტროლებს მომავალს. ვინც აკონტროლებს აწმყოს, აკონტროლებს წარსულს".

მჩაგვრელი რეჟიმების "სახის ჩვენების" გამო, წიგნი ხშირად ყოფილა აკრძალვის სამიზნე. "1984" არაერთხელ აიკრძალა და შეიზღუდა თავისი სოციალური და პოლიტიკური თემების, აგრეთვე, გარკვეული სექსუალური შინაარსის გამო. 1981 წლიდან წიგნზე წვდომა ფლორიდის შტატში, პრო-კომუნისტურობის გამო შეიზღუდა.

  • "ცხოველების ფერმა", ჯორჯ ორუელი - პოლიტიკური მიზეზით აკრძალულია ვისკონსინში

რომანი შინაური ცხოველების შესახებ, რომლებიც თავიანთი ფერმერის წინააღმდეგ ჯანყდებიან და უფრო თანაბარი და ბედნიერი საზოგადოების შექმნას ცდილობენ, ბრმა ტოტალიტარიზმს აკრიტიკებს.

ესეში "რატომ ვწერ" (1946), ორუელმა "ცხოველების ფერმა" აღწერა, როგორც "პირველი წიგნი, რომელშიც ვცდილობდი, იმის სრული გაცნობიერებით, თუ რას ვაკეთებდი, პოლიტიკური მიზანი და მხატვრული დანიშნულება ერთ მთლიანობაში შემერწყა".

animalfarm-1623741453.jpg

გასაკვირი არაა, რომ ორუელის ეს უაღრესად სატირული და პოლიტიკური დატვირთვის მქონე ნაწარმოები აკრძალული წიგნების სიაში მოხვდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ წიგნმა აშკარად დიდ წარმატებას მიაღწია (და ახლა აშშ-ის მრავალ სკოლაში ისწავლება), გამოქვეყნებისთანავე დიდი კრიტიკა მოჰყვა. იგი მთლიანად აიკრძალა სსრკ-ში, აშშ-ში და ბრიტანეთში ბევრ სასწავლო დაწესებულებაში შეხვდა წინააღმდეგობა. ერთ მომენტში, ნიუ-იორკის შტატის ინგლისური საბჭოს ცენზურისგამ დაცვის კომიტეტმა მიუთითა, რომ წიგნი შეიძლება, პრობლემური ყოფილიყო საკლასო ოთახის გარემოში, რადგან "ორუელი კომუნისტი იყო".

  • "ყვავილები ელჯერნონისთვის", დენიელ კიზი - სექსუალური მიზეზი, არკანზასი

სამეცნიერო ფანტასტიკა "ყვავილები ელჯერნონისთვის" 1959 წელს დაიწერა და ჩარლი გორდონის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც იშვიათად დაბალი გონებრივი შესაძლებლობები აქვს. მან ამის შესახებ იცის და სურს, ჭკვიანი იყოს, ამიტომ, როდესაც შანსი ეძლევა, ექსპერიმენტში მიიღოს მონაწილეობა, რომელმაც შეიძლება, მისი IQ საგრძნობლად გაზარდოს, ამას დაუყოვნებლივ თანხმდება. ექსპერიმენტის პირველი საცდელი "მასალა" თაგვი ელჯერნონია, რომელთან მიღებულ შედეგზეც მეცნიერები დიდ იმედებს ამყარებენ.

algernonplay-1623741984.jpg

ჩატარებული ოპერაცია გმირს დროებით გენიოსად აქცევს, ჩარლის განვითარებასთან ერთად კი მისი ურთიერთობები რადიკალურად იცვლება, რაც მკითხველს თავად გმირის სულიერი ტრანსფორმაციის მომსწრეს ხდის.

1981 წელს წიგნი არკანზასის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში აკრძალეს, მიზეზად კი სექსუალური აქტის პირდაპირი, მკაფიო აღწერა გახდა. წიგნთან დაკავშირებით პრეტენზიები პირველად მერვე კლასის მოსწავლის მამამ გამოთქვა. სკოლის ბიბლიოთეკიდან ამოღებამდე რომანი კომიტეტმა განიხილა.

წიგნთან პრეტენზია რელიგიური საფუძვლებითაც იყო - კიზი "უფლის ნების" შელახვაში დაადანაშაულეს, ექიმების მიერ ადამიანის გადასხვაფერების აღწერის გამო.

  • "ქარწაღებულნი", მარგარეტ მიტჩელი - ენობრივი მიზეზი, კალიფორნია

1936 წელს დაწერილ ამ რომანს აშშ-ის ერთ-ერთ სიამაყედ თვლიან. პულიცერის პრემიის ლაურეატი ნაწარმოები, სამხრეთის პლანტაციების მფლობელის გათამამებული ქალიშვილის ცხოვრების შესახებ გვიყვება. მოვლენები სამოქალაქო ომამდე და მას შემდეგ ვითარდება.

gonewith-1623742263.jpg

რომანი კრიტიკოსების მიერ განსაკუთრებით დადებითად შეფასდა დამაფიქრებელი და რეალისტური გადმოცემის გამო, თუმცა ის მეტ-ნაკლებად ერთნაირი მიზეზების გამო იქნა აკრძალული. წიგნი კრიტიკის ქარ-ცეცხლში მონობის მეტისმეტად რეალისტური წარმოსახვის გამო მოექცა, რომ აღარაფერი ვთქვათ ისეთი სიტყვების გამოყენებაზე, როგორიცაა: "ზანგი" და "შავები".

ნაწარმოებზე წვდომის შეზღუდვის მიზეზები რასობრივი საკითხები, სექსუალური შინაარსი, ძალადობა, სიკვდილი და მონობა გახდა. კალიფორნიის საშუალო სკოლებში "ქარწაღებულნი" 1978 წლიდან აიკრძალა.

ცენზურას გადარჩენილი ბესტსელერები

ჯოან როულინგის ჰარი პოტერი ერთ-ერთი წიგნია, რომელიც გადარჩა. 2003 წელს, არკანზასის ერთ-ერთი სკოლის საბჭომ ჰარი პოტერის რომანებზე წვდომის შეზღუდვას მისცა ხმა. საბოლოოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სკოლასთან დაკავშირებული საკითხები გამგეობის კომპეტენციაში შედიოდა, მას არ შეეძლო, სტუდენტებისთვის დაერღვია პირველი შესწორების უფლება წიგნის წაკითხვის შესახებ.

კიდევ ერთი გადარჩენილი წიგნია ჯერომ სელინჯერის "თამაში ჭვავის ყანაში", რომელიც 1951 წელს გამოიცა და მას შემდეგ ისწავლებოდა და იბლოკებოდა კიდეც.

salinger-1623743256.jpg

1980-იან წლებში, ეს იყო რომანი, რომელიც ერთდროულად, თან აკრძალული იყო, თან, საჯარო სკოლების პროგრამაში იყო შეტანილი. ამერიკის ბიბლიოთეკის ასოციაციის მიერ "თამაში ჭვავის ყანაში" ცენზურაში ყველაზე ხშირად გატარებულ წიგნად იქნა აღიარებული 1966-1975 წლებში, 1990-1999 წლებში კი ის ათ ყველაზე შეზღუდულ წიგნებს შორის შედიოდა.

პრეტენზიების დიდი ნაწილი რომანის ენობრივ მახასიათებლებს ეხებოდა, ამასთან წიგნში ასევე ნახსენებია პროსტიტუცია, სექსუალობა და არასრულწლოვნების მიერ ალკოჰოლის დალევა. ALA ცენზურის მიზეზებად შემდეგს ასახელებს: "შეურაცხმყოფელი ენა, სექსუალური თვალსაზრისით დეტალური და ასაკობრივი ჯგუფისთვის შეუსაბამო".

პირველად წიგნი 1960 წელს, ოკლაჰომაში გახდა ცენზურის მსხვერპლი. თუმცა, მაგალითად 1996 წელს მეინში სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომანის სწავლება რაიონის საშუალო სკოლაში გაგრძელებულიყო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაინერგებოდა პრაქტიკა, რომლის მეშვეობითაც მოსწავლეების მშობლებს მიეწოდებოდათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას კითხულობდნენ მათი შვილები - საბოლოოდ, არჩევანი, თუ რას წაიკითხავდნენ ახალგაზრდები, სკოლის მაგივრად, მათივე მშობლებს რჩებოდათ.

ავტორი: ეკა აბაშიძე

myquiz