რას ასწავლიდნენ საუკუნეების წინ გელათის და იყალთოს აკადემიებში - "IV საუკუნეში, ქართულ სკოლებში სასწავლებლად ბერძნები ჩამოდიოდნენ" | Allnews.Ge

რას ასწავლიდნენ საუკუნეების წინ გელათის და იყალთოს აკადემიებში - "IV საუკუნეში, ქართულ სკოლებში სასწავლებლად ბერძნები ჩამოდიოდნენ"

ყველა ქვეყანა ამაყობს თავისი კულტურითა და განათლების კერებით, რომელთაც განვითარებისთვის ნიადაგი მოამზადეს. სამწუხაროდ, საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ ავთენტური წყაროები, არ მოგვეპოვება. პირველი წყაროები, რომლებიც კოლხეთის სამეფოს არსებობისა და მისი ძლევამოსილების შესახებ მოგვითხრობენ, ბერძნული წარმოშობისაა.

ესენია ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობი ჰომეროსის “ილიადა“ და ”ოდისეა“, პინდარეს „IV პითიურიეპინიკი“, ევრიპიდეს „მედეა“, აპოლონიოს როდოსელის პოემა „არგონავტიკა“და რომაელი პოეტის ვალერიუს ფლაკუსის „არგონავტიკა.

AMBEBI.GE-ს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან ჭკუასელი უამბობს, რომ ამ პერიოდისთვის საქართველო უკვე კარგად განვითარებული სახელმწიფოა, სადაც კარგად ფლობენ მიწათმოქმედების, ბრინჯაოს, რკინის, ოქროსა და თიხის დამუშავების ტექნიკას. პროფესორის თქმით, ბუნებრივია, ამ მიმართულებებს სასწვლო კერებიც ექნებოდა, მაგრამ მათ ორგანიზაციულ მოწყობაზე, სამწუხაროდ, არაფერი ვიცით.

პროფსორი ჩვენს მკითხველს უამბობს, რომ ძვ.წ. III-I საუკუნეებში, იბერიის სახელმწიფოშიც, ეს დარგები, მაღალ დონეზე იყო განვითარებული, მაგრამ სასწავლო დაწესებულებების შესახებ აქ კიდევ უფრო ნაკლები ცნობები მოგვეპოვება.

სავარაუდოდ, ამ პერიოდში ცოდნის გადაცემა ზეპირმეტყველებით და პრაქტიკული უნარების დაუფლებით მიდინარეობდა

როდის დაიწყო საქართველოში ნამდვილი, მწიგნობრული სწავლა-განათლება?

პროფესორ ქეთევან ჭკუასელის ინფორმაციით, თუ მეცნიერებს - ი.ჯავახიშვილს, გ.წერეთელს, შ. ამირანაშვილს და სხვებს დავესესხებით, მწიგნობრობა საქართველოში ძვ. წელთაღრიცხვამდე IV-III საუკუნეებში მაინც უნდა შექმნილიყო. ამასვე ადასტურებს მემატიანე "ფარნავაზმა განავრცო ენა ქართული და არღარ იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა. და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული".

პროფესორი განათლების სფეროს განვითარების მომდევნო საფეხურების შესახებაც გვიამბობს. მისი მონათხრობის მიხედვით, საქართველოში, ფაზისთან ახლოს კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლის არსებობის შესახებ უტყუარი ბერძნული წყარო არსებობს. კერძოდ, ბერძენი ფილოსოფოსი თემისტოსი (317-388 წწ) ფაზისის მახლობლად IV საუკუნეებში არსებულ უმაღლესი საფეხურის სასწავლებელს ასახელებს. მასზე კი მხოლოდ ეს ერთადერთი პირდაპირი ცნობა მოიპოვება.

„ქართველი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თუ IV საუკუნეში ეს აკადემია ისეთი მაღალი დონის იყო, რომ იქ სასწავლებლად ბერძნები ჩამოდიოდნენ, მაშინ იგი სულ მცირე ნახევარი საუკუნით ადრე უნდა გახსნილიყო. აკადემიკოს შ.ნუცუბიძის აზრით, არ არსებობს არავითარი საბუთი, რომ ეს სკოლა საკულტო, და მით უფრო, ქრისტიანულ-თეოლოგიურ ინტერესებს ემსახურებოდა. იგი ფიქრობს, რომ სკოლა სასამართლო მოხელეებს, იურისტ-ორატორებს ამზადებდა. ასეთ შემთხვევაში, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იმ პერიოდში რომში არსებული რიტორიკული სკოლების მსგავსად, რომლებიც ციცერონისა და კვინტილიანეს თეორიულ ნაშრომებს და პრაქტიკულ-პედაგოგიურ მოღვაწობას ეყრდნობოდნენ, ფაზისის აკადემიაშიც, სწავლების შინაარსში შედიოდა - ტრივიუმი (სამართალი, ანტიკური ლიტერატურა, ფილოსოფია - რიტორიკა) და კვადრიუმი (არითმეტიკა, გეომეტრია, ასტრონომია, მუსიკა). ე. ი. ქართული სკოლა შინაარსით იმეორებდა იმ დროისათვის ცივილიზებულ სამყაროში გავრცელებული სკოლების შინაარსს", - აღნიშნავს ქეთევან ჭკუასელი.

პროფესორის თქმით, ვარაუდობენ, რომ ანტიკურ საქართველოში გავრცელებული იყო ე.წ გიმნასიონები, რომლებიც ასევე, განათლების წყაროს წარმოადგენდა

„გიმნასია ათინური განათლების სისტემის ერთ-ერთი საფეხურია. კერძოდ, ათინაში სწავლა იწყებოდა 7 წლის ასაკში. 7-12 წელი - გრამატისტთა სკოლა (წერა, კითხვა, ანგარიში) და კითარისტთა სკოლა (მუსიკა, გალობა, პოეზია; 13-15 წელი - პალესტრა (გიმნასტიკის სკოლა); 16-18 წელი - გიმნასია (გიმნასტიკა, პოლიტიკური, ლიტერატურული, ფილოსოფიური საუბრები) და 18-20 წელი ეფებია (სამხედრო წრთობა და ფიცი სახელმწიფო კანონების ერთგულებაზე, ქვეყნისათვის სამსახურის ერთგულებაზე). გიმნასიების ყველაზე ტიპური სასწავლებლებია პლატონის აკადემია და არისტოტელეს ლიკეუმი (ლიცეუმი). ამ ტიპის სასწავლებლის არსებობაზე საქართველოში არანაირი წყარო არ მოგვეპოვება, მაგრამ თუ კვლავ დავეყრდნობით ძველი ბერძენი ისტორიკოსებისა და გეოგრაფების ცნობებს, რომ საქართველოში, კოლხეთსა და იბერიაში ყოფილა „აყვავებული ქალაქები“ მშვენიერი „საზოგადოებრივი შენობებით“, კვლავ უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ყველაფერი სწავლა-აღზრდის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა და იმ პერიოდის კოლხეთში გიმნასიონებიც უნდა ყოფილიყო“, - აღნიშნავს ის.

თსუ-ს პროფესორის თქმით, განათლების სისტემის განვითარებაში ქრისტიანულ რწმენას დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ქეთევან ჭკუასელის განმარტებით, ჩვენს ქვეყანაში რწმენამ, როგორც ცოდნამ, არსებულისაგან სრულიად განსხვავებულ, ახლებურ აზროვნებას დაუდო საფუძველი.

„საქართველო, საკუთარი სურვილითა და ნებით დაადგა ახალი ცოდნის შეძენის გზას. გავყვეთ ფაზისის აკადემიის (IV) შემდგომ ძალიან ზოგადად განათლების განვითარების ისტორიას საქართველოში. ქართველმა თეოლოგმა და ფილოსოფოსმა, ქრისტიანული ნეოპლატონიზმის ფუძემდებელმა, იბერიის მეფის ბუზმარის შვილმა და ბაკურ დიდის შვილიშვილმა პეტრე იბერმა(ძვ.წ V ს.) ქვეყნის გარეთ, სირიაში, სადაც თავადაც მოღვაწეობდა, ააშენა ქართველთა მონასტერი და შექმნა სკოლა, რომლის ბირთვს, სირიელებსა და ბერძნებთან ერთად, იქ მყოფი ქართველები შეადგენდნენ. არსებობს ქართველ მეცნიერთა მოსაზრება, რომ ამ სკოლაში სწავლამიღებული ქართველები VI საუკუნეში სამშობლოში დაბრუნდნენ, რაც ქართულ ისტორიოგრაფიაში ასურელ მამათა მოსვლის სახელითაა ცნობილი. 13 ასურელი მამის მიერ დაარსებული სამონასტრო განათლების სახით, საქართველოში ისევ ახალი ცოდნა შემოვიდა”, - აღნიშნა მან.

საქართველოში განათლების სფეროს განვითარების შემდეგი მნიშვნელოვანი საფეხური გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობაა.

„VII-VIII-IX საუკუნეებში გრიგოლ ხანძთელი და მისი მოწაფეები კლარჯეთში ფართომასშტაბიან სამონასტრო მშენებლობას ხელმძღვანელობდნენ - ხანძთა, ოპიზა, შატბერდი, პარეხთა, მიძნაძორი, ბერთა და სხვები; იწერებოდა დღემდე შემორჩენილი ფასდაუდებელი ოთხთავები, ითარგმნებოდა და იქმნებოდა სასულიერო და სამეცნიერო ლიტერატურა. განათლების მიზანი - რეგიონში ქრისტიანობის გაძლიერება იყო, რომელიც სასტიკად იდევნებოდა საქართველოს დანარჩენ რეგიონებში. ეს პროცესი კი სასულიერო ლიტერატურის მეცნიერულ დონეზე შესწავლაში გამოიხატა“, - განმარტავს პროფესორი.

პროფესორი გვიამბობს, რომ ტაო-კლარჯეთის მამათა სამეცნიერო და საულიერო მოღვაწეობამ ორი უდიდესი სამონასტრო კომპლექსის დაარსებას მოუმზადა საფუძველი. უფრო კონკრეტულად, X საუკუნეში ქვეყნის გარეთ - ათონის ივერთა მონასტერი(საბერძნეთი, ათონის მთა) და პეტრიწონოს აკადემია (ბულგარეთი, სოფ.ბოჩკოვო) დაარსდა. XII საუკუნეში კი საქართველოში, გელათისა და იყალთოს აკადემიები შეიქმნა.

ცოტა ვინმე თუ მოიძებნება ჩვენს ქვეყანაში, ვინც ამ სასწავლო დაწესებულებების შესახებ არაფერი იცის. გელათის აკადემია 1106 წელს დავით აღმაშენებელმა დააარსა. გელათის აკადემია ფილოსოფიურ/საღვთისმეტყველო სასწავლებელი იყო. მასწავლებლები კი ქვეყნის შიგნით და გარეთ კარგად განსწავლული ადამიანები. აკადემიის პირველი მოძღვართ-მოძღვარი, რექტორი იყო იოანე პეტრიწი. რაც შეეხება იყალთოს აკადემიას, ის არსენ იყალთოელმა დააარსა. იყალთოს მონასტერ/აკადემიაში ასწავლიდნენ ღვთისმეტყველებას, რიტორიკას, ასტრონომიას, ფილოსოფიას, გეოგრაფიას, გეომეტრიას, გალობასა და სხვა მიმართულებებს", - გვიყვება პროფესორი.

ქეთევან ჭკუასელის ინფორმაციით, საგანმანათლებლო დონეზე აქ პირველად ვხვდებით პროფესიულ განათლებას - მევენახეობა-მეღვინეობას, ლითონის დამუშავებას, კერამიკულ წარმოებას, ფარმაკოლოგიასა და სხვა პროფესიულ მიმართულებებს. სწორედ ამ ეპოქის განათლების ნაყოფია შოთა რუსთაველის უკვდავი პოემა „ვეფხისტყაოსანი“. XIII-XVI საუკუნეები საქართველოს ცხოვრებაში, როგორც განათლების, ისე ეკონომიკისა და ყველა მიმართულებით უმძიმესი პერიოდი აღმოჩნდა.

„ეს იყო მონღოლთა ბატონობისა და შინა ომების პერიოდი და ქართველი ერის ბრძოლა გადარჩენისთვის. კულტურისა და განათლების განვითარებაზე საუბარი ზედმეტია, არსებულის შენარჩუნებაც კი ვერ მოხერხდა. გაიძარცვა და განადგურდა საეკლესიო და სამონასტრო ბიბლიოთეკები და ფონდები. სოციალური-პოლიტიკური ცხოვრების სიმძიმემ აღარ დაუტოვა ადამიანს მეცნიერებისა და განათლების განვითარების შესაძლებლობა“, - განგვიმარტა პროფესორმა.

XVI საუკუნის ბოლოდან, როცა საქართველომ მძიმე პერიოდი შედარებით გადალახა, კვლავ დაიწყო ფიქრი განათლებაზე. პროფესორი ქეთევან ჭკუასელი იმ ადამიანების ჩამონათვალს გვთავაზობს, ვინც ამ და მომდევნო პერიოდში, ჩვენს ქვეყანაში განათლების სფეროს განსავითარებლად ბევრი რამ გააკეთეს. მეფე თეიმურაზ I-მა ელჩის ნიკიფორე ირბაქის (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი) დახმარებით შეადგინა ქართულ-იტალიური ლექსიკონი, რომელიც 1629 წელს რომში დაიბეჭდა. არჩილ მეფემ (მე-2) მოსკოვში სინოდის სტამბასთან დააარსა ქართული წიგნსაბეჭდი, რომელზე ზრუნვაც 1686 წელს დაიწყო. მანვე შეუკვეთა ქართული შრიფტი ამსტერდამის ცნობილ ოსტატს. მიუხედავად იმისა, რომ შრიფტი ერთ წელიწადში დამზადდა, არჩილმა მხოლოდ 1705 წელს მოახერხა ქართულ ენაზე პირველი ფსალმუნის „დავითნი“ გამოეცა. ეს მოვლენა საქართველოს განათლების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ასევე, არჩილის თხზულებებია „საქართველოს ზნეობანი“ - აღზრდის წეს-ჩვეულებათა აღწერა, შეხედულებანი აღზრდა-განათლების საკითხებზე.

საგანმანათლებლო სფეროში უდიდეს პიროვნებებზე საუბრისას, რთულია, დასაწყისში არ ახსენო სულხან-საბა ორბელიანი (1658-1725) და მისი სიტყვის კონა, სიბრძნე-სიცრუისა, გრამატიკის სახელმძღვანელო. სულხან-საბა იყო მწერალი, ჰუმანისტი, დემოკრატიული პედაგოგიური იდეების მქონე მოღვაწე. მას ეკუთვნოდა ახლი იდეები ადამიანის გონებრივ, ზნეობრივ აღზრდაზე, როგორც ფიზიკური, ისე სულიერი განვითარების გზებსა და საშუალებებზე. მის მიზნებს პიროვნების ჰარმონიული განვითარება წარმოადგენდა. სულხან-საბა ორბელიანმა აღზარდა ვახტანგ VI (1675-1737), რომელიც მასწავლებლად და მეცნიერად ჩამოყალიბდა.

პროფესორ ქეთევან ჭკუასელის განმარტებით, საქართველოში მეცნიერებისა და სწავლების აღორძინების თვალსაზრისით, ვახტანგ VI-მ სერიოზული საფუძველი მოამზადა. საქართველოს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მოღვაწე დავით გურამიშვილია (1705-1792), რომელიც აზროვნებაში არჩილის, სულხან-საბას და ვახტანგის იდეებს მოიცავდა.

„სწორედ ამ პიროვნებების თავდადებამ, მეფეების არჩილის, ვახტანგ VI-ს, ერეკლე II-ს სახელმწიფოებრივმა ხედვებმა მოამზადა ნიადაგი, საქართველოში გახსნილიყო ისეთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო კერები, რომლებიც თავისი შინაარსით ესადაგებოდა იმ პერიოდისათვის მსოფლიოში არსებული საგანმანათლებლო კერებში არსებულ ტენდენციებს. ეს იყო თბილისისა და თელავის სემინარიები XVIII საუკუნის მეორე ნახევარში. ორივე სემინარია დაარსდა სახელმწიფოს ხარჯზე“, - აღნიშნა ქეთევან ჭკუასელმა.

ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა სახელმწიფო ინტერესდება, თავისივე დაფინანსებით შექმნას საგანმანათებლო სივრცეები. თსუ-ს პროფესორი, ქეთევან ჭკუასელი განგვიმარტავს, რომ თბილისის სემინარია საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური სასწავლებელი იყო. ის 1755 წელს ანჩისხატის ტაძრის ეზოში დაარსდა, მის პირველ რექტორად კი იმ დროისთვის განათლებული ფილოსოფოსი ფილიპე ყაითმაზაშვილი დაინიშნა. მე-18 საუკუნის სახელმწიფო სასწავლებელში გრამატიკას, პოეტიკას, რიტორიკას, ლოგიკას, მეტაფიზიკას, ფსიქოლოგიასა და ფილოსოფიას ასწავლიდნენ. თბილისის სემინარიაში სწავლა განათლება მიმდინარეობდა საქართველოს ისტორიის მორიგ სისხლიან პერიოდამდე - 1795 წლის სექტემბრამდე, სანამ ირანის მმართველი აღა-მაჰმად-ხანი თავისი ძლევამოსილი ლაშქრით ჩვენს ქვეყანას შემოესეოდა.

განაგრძეთ კითხვა

myquiz