10 ქართველი მეცნიერი, რომლებიც მსოფლიოს პრესტიჟულ ინსტიტუტებსა და ლაბორატორიებში უნიკალურ კვლევებში მონაწილეობენ | Allnews.Ge

10 ქართველი მეცნიერი, რომლებიც მსოფლიოს პრესტიჟულ ინსტიტუტებსა და ლაბორატორიებში უნიკალურ კვლევებში მონაწილეობენ

მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და ლაბორატორიებში უამრავი ქართველი მეცნიერი საქმიანობს. საქართველომ ბევრის სახელი და გვარი მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც კორონავირუსის პანდემია დაიწყო და ქვეყანას მათი ინტელექტუალური თუ პრაქტიკული ცოდნის გაზიარება დასჭირდა.

წარმოგიდგენთ 10 ქართველ მეცნიერს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სამეცნიერო წრეებში კარგად ცნობილნი არიან და მნიშვნელოვან პროექტებშიც მონაწილეობენ:

გიორგი ბაბუაძე

კანადაში, ლავალის უნივერსიტეტში მუშაობდა. დოქტორანტი მოლეკულური ვირუსოლოგიის მიმართულებით, 2017 წლიდან დნმ-ის სხვადასხვა ტიპის ვაქცინაზე მუშაობდა.

ბაბუაძე კანადაში მეცნიერთა იმ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი იყო, რომელმაც სწორედ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ვაქცინის შექმნაზე იმუშავა. ამ ტიპის ვაქცინა ორგანიზმში ცოცხალი ვირუსის ან ანტივირუსის შეყვანას არ საჭიროებს, არამედ, დნმ პლატფორმის მეშვეობით, ვირუსის ანტიგენის შეყვანის მექანიზმია. გიორგი ბაბუაძე 2020 წლის ივნისიდან ტორონტოში, სანიბრუკის ჯანმრთელობის მეცნიერებათა ცენტრის ბიოლოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტში მუშაობს.

სოფია ადამია

აშშ-ში მცხოვრები ქართველი დოქტორი საქმიანობს დან-ფარბერის კიბოს ინსტიტუტსა და ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში.

მისი კვლევის მიმართულებებია: ონკოლოგია, ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეები (ლეიკემია, მიელომა), ადამიანის გენეტიკა, მოლეკულური ბიოლოგია. სამეცნიერო ლიტერატურის ყველაზე დიდ ონლაინ-ბიბლიოთეკა Google Scholar-ზე მისი 140 პუბლიკაცია იძებნება.

თენგიზ გლოველი

გერმანიაში სამუშაოდ 1992 წელს წავიდა.

ის ბერლინის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის Charité-ს ნეიროფიზიოლოგიის ინსტიტუტის პროფესორია, ასევე, ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ნეიროფიზიოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ნერვული ქსელის ფიზიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი თავის ტვინის ნორმალური და პათოლოგიური აქტივობის მექანიზმებს იკვლევს.

მერაბ კოკაია

პროფესიით ფიზიოლოგი, წლებია შვედეთში საქმიანობს. ის დღესდღეობით არის: ვალენბერგის ნევროლოგიის ცენტრის ეპილეფსიის კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 

1998 წლიდან - ლუნდის უნივერსიტეტის დოცენტი ექსპერიმენტულ ნევროლოგიაში; 2008 წლიდან - პროფესორი; 2011-დან - ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; 2013-დან - ეპილეფსიის ცენტრის დირექტორი;

მერაბ კოკაიას სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალში 120-ზე მეტი პუბლიკაცია აქვს გამოქვეყნებული. ლაბორატორია, რომელსაც ქართველი მეცნიერი ხელმძღვანელობს, კვლევებს ატარებს ნევროლოგიური დაავადებების, კერძოდ, ეპილეფსიის მკურნალობის ახალ მეთოდებზე. ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორია მერაბ კოკაიას უმცროსი ძმა, ზაალ კოკაიაც. 2010 წლიდან ის შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ღეროვანი უჯრედებისა და უჯრედული თერაპიის სტრატეგიულ კვლევით დარგს ხელმძღვანელობს.

თამარ პაზიაშვილი

სტენფორდისა და კალიფორნიის უნივერსიტეტების პროფესორია.

რამდენიმე წლის წინ ეპილეფსიის კვლევის საკითხებში შეტანილი წვლილისთვის Michael Prize-ის ჯილდო გადაეცა აღმოჩენისთვის, რომლის საშუალებითაც მღრღნელებს ოპტოგენეტიკის (ნერვული უჯრედების გამოკვლევის ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც შედგება მასში მემბრანების მოთავსებით სპეციალური გზებით "ოპსინებით") დახმარებით ეპილეფსიური კრუნჩხვები უწყდებათ.

პაზიაშვილმა, ასევე, აღმოაჩინა ნეირონების წრედი, რომელსაც კრუნჩხვების შეჩერება შეუძლია. ის 33 წლის ასაკში სან-ფრანცისკოსა და სტენფორდის უნივერსიტეტების ასისტენტ-პროფესორი გახდა და გლადსტოუნის ინსტიტუტმა ლაბორატორიის გახსნა შესთავაზა, რომელსაც მისი სახელი დაერქვა (Paz Lab). აღნიშნულ ლაბორატორიაში ადამიანის ტვინსა და ტვინის პრობლემებს იკვლევენ.

არჩილ კობახიძე

ავსტრალიაში, სიდნეის უნივერსიტეტში თეორიული ფიზიკის ასოცირებული პროფესორია 2012 წლიდან. 

მანამდე იყო ჰელსინკის უნივერსიტეტის მკვლევარი, ასევე მონაწილეობდა კვლევებში აშშ-ში - ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში და მელბურნის უნივერსიტეტში.

მისი კვლევები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: თეორიული ნაწილაკების ფიზიკა, გრავიტაცია და კოსმოლოგია. Google Scholar-ზე კობახიძის 144 ნაშრომს ვხვდებით.

ზურაბ გუგუჩია

დოქტორი ფიზიკის დარგში შვეიცარიის ყველაზე მასშტაბური სამეცნიერო ცენტრის - პოლ შერერის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი და მაღალი ველის მიუონის ლაბორატორიაზე პასუხისმგებელი პირია. პარალელურად მიწვეული მეცნიერია პრინსტონის უნივერსიტეტში.

2016-2018 წლებში მუშაობდა ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში პოსტდოქტორის პოზიციაზე. ზურაბ გუგუჩიას კვლევები შემდეგ მიმართულებებზე ფოკუსირდება: მაღალტემპერატურული ზეგამტარობის მექანიზმის დადგენა, ახალი თვისებების მქონე ტოპოლოგიური ზეგამტარების და მაგნიტების შესწავლა და ახალი ტიპის მაგნიტური ნახევარგამტარების შექმნა.

ჯერ მხოლოდ 33 წლის ქართველმა მეცნიერმა აღმოაჩინა სრულიად ახალი ტიპის მაგნიტური ნახევარგამტარები. ამასთან, მის სახელს უკავშირდება პრინციპულად ახალი თვისებების მქონე ე.წ. ტოპოლოგიური (ვეილის) ზეგამტარული და მაგნიტური ნივთიერებების მიკროსკოპულ დონეზე შესწავლა მიუონის სპინის ბრუნვის მეთოდით. Google Scholar-ზე გუგუჩიას 166 ნაშრომი იძებნება.

ესტატე ხმალაძე

ველინგტონში, ახალ ზელანდიაში საქმიანობს და ველინგტონის ვიქტორიას უნივერსიტეტში მუშაობს. 

ის სტატისტიკოსია და ყველაზე მეტად ცნობილია თავისი - "ხმალაძის ტრანსფორმაციით" სფეროში შეტანილი წვლილით. ხმალაძე თბილისიდან სიდნეიში, ავსტრალიაში 1996 წელს, შემდეგ კი ველინგტონში, ახალ ზელანდიაში გადავიდა, სადაც 2002 წელს სტატისტიკის პროფესორად დაინიშნა.

ხმალაძის შემოქმედების დამახასიათებელი ნიშანი ერთმანეთისგან დაშორებულ ანალიტიკურ თემებს შორის კავშირის ძიებაა. მისი მათემატიკური კვლევის უმეტესი ნაწილი ემპირიულ პროცესებსა და სტატისტიკური ჰიპოთეზის შემოწმების დროს განაწილებისგან თავისუფალ მეთოდებზეა კონცენტრირებული.

ესტატე ხმალაძე მუშაობს შემდეგი მიმართულებებით: სტატისტიკის გამოყენება, ციტო-გენეტიკა, ფიზიოლოგია, დემოგრაფია და დაზღვევა, ტექსტების სტატისტიკური ანალიზი, ეკონომიკისა და ფინანსების სხვადასხვა პრობლემები.

თეიმურაზ ფირაშვილი

ქართველი მათემატიკოსია, რომელიც 2006 წლიდან დიდ ბრიტანეთში, ლესტერის უნივერსიტეტში მუშაობს - ჯერ ლექტორად, 2007 წლის შემდეგ კი - პროფესორად. ის 1999 წელს ჰუმბოლტის საზოგადოების პრემიის ლაურეატი გახდა.

გარდა ამისა, არის საფრანგეთის რიგი უნივერსიტეტების (სტრასბურგი, ნიცა, ნანტი, მონპელიე, პარიზი) სადოქტორო დისერტაციების ჟიურის წევრი. ფირაშვილი 80-ზე მეტი ნაშრომის ავტორია. ამასთან, არის ჟურნალ “Extracta Mathematicae” სარედაქციო კოლეგიის წევრი. მეცნიერი მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში, როგორც მომხსენებელი, ასევე, როგორც თანაორგანიზატორი.

ქეთევან მამისეიშვილი

დაახლოებით 20 წელია, აშშ-ში ცხოვრობს. ის აკადემიური და სტუდენტური საკითხების ასოცირებული დეკანი და უმაღლესი განათლების პროფესორია არკანზასის უნივერსიტეტის განათლებისა და ჯანდაცვის კოლეჯში. მაგისტრის ხარისხი მოიპოვა აშშ-ში, მისურის უნივერსიტეტში საგანმანათლებლო ლიდერობისა და პოლიტიკის ანალიზის სფეროში.

2008 წლიდან მუშაობს არკანზასის უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის, რეაბილიტაციის, ადამიანური რესურსების და კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად. ქეთევან მამისეიშვილს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული წამყვან ჟურნალებში. ამასთან, არის ორი საერთაშორისო კონფერენციის მიმომხილველი და უმაღლესი განათლების მიღების ასოციაციის ერთ-ერთი სხდომის თავჯდომარე წაიკითხეთ ინფორმაცია კიდევ 10 ქართველი მეცნიერის შესახებ, რომლებიც უცხოეთში მოღვაწეობენ