რომელია ახალი საგანი, რომელიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს დაემატებათ? | Allnews.Ge

რომელია ახალი საგანი, რომელიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს დაემატებათ?

საგანი "კომპიუტერული ტექნოლოგიები" 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან პილოტირების რეჟიმში II, III და IV კლასებში 400-მდე ქართულენოვან სკოლაში შევა. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გვითხრეს. 2021-2022 სასწავლო წელს კი დაგეგმილია, რომ აღნიშნული საგანი სავალდებულოდ შევიდეს სკოლებში, თუმცა, როგორც სამინისტროში ამბობენ, იქამდე პილოტირების ეტაპია გასათვალისწინებელი, რომელმაც მნიშვნელოვანი გამოწვევები უნდა გამოკვეთოს.

"ახალი კორონავირუსის ფონზე განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა კომპიუტერულ წიგნიერებასთან დაკავშირებული გამოწვევები. დისტანციური სწავლების უზრუნველსაყოფად მოკლე დროში საჭირო იყო შესაბამისი ცოდნის გაზიარება როგორც მასწავლებლებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის.   შემუშავდა საგნის "კომპიუტერული ტექნოლოგიები" ახალი კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს პანდემიის პერიოდში ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ცოდნის, გამოცდილების გამყარებასა და სხვა აუცილებელი, XXI საუკუნის შესაბამისი კომპეტენციების დაუფლებას ადრეული ასაკიდანვე. ამიტომაც მნიშვნელოვანია, ახალი თაობა მოვამზადოთ იმ მაღალტექნოლოგიური გარემოსათვის, რომელშიც მას მომავალში მუშაობა და ცხოვრება მოუწევს." - გვითხრეს სამინისტროში.

აღსანიშნავია, რომ საგანი "ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები" გათვალისწინებული იყო მხოლოდ I (არჩევითი), V და VI კლასების სასწავლო ბადეში. II, III და IV კლასებში ახალი საგანი „კომპიუტერული ტექნოლოგიები" 1-საათიანი კვირეული დატვირთვით შევა.

myquiz