ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ქუთაისის უნივერსიტეტი სტუდენტების მიღებას ერთ წელში შეძლებს | Allnews.Ge

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ქუთაისის უნივერსიტეტი სტუდენტების მიღებას ერთ წელში შეძლებს

2012 წელს, საჯაროდ დავპირდი ქართულ საზოგადოებას, რომ ქუთაისში ავაშენებდით უნივერსიტეტს, დღეს ყველანი ვხედავთ, რომ მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება და 2020 წლის სექტემბერში, ამ შენობაში პირველი სტუდენტები შემოაბიჯებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის საკითხზე აცხადებს.

მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის სისტემა, მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მართვის სისტემასთან იქნება შესაბამისობაში.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქუთაისში გვექნება საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის მენეჯმენტის სისტემა, საგანმანათლებლო მიმართულებები, მკვლევართა და ლექტორთა შერჩევის წესი მთლიანად შესაბამისობაში იქნება მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მართვის სისტემასთან, რომელთანაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2017 წლიდან თანამშრომლობს. გარდა ამისა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს მსოფლიოს ისეთ წამყვან სასწავლო და სამეცნიერო ცენტრებთან, როგორიცაა იულიხის კვლევითი ცენტრი, აახენის უნივერსიტეტი და რენის უნივერსიტეტი. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ფონდი „ქართუ“ უკვე რამდენიმე წელი მუშაობს საქართველოში ადრონული ამაჩქარებლის პროექტზე და ამ მიზნით თბილისსა და ქუთაისში იქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ეს გახლავთ ურთულესი მაღალტექნოლოგიური პროექტი, რომლის წარმატებით განხორციელებას ესაჭიროება სათანადო სამეცნიერო-კვლევითი ბაზა, რაც გულისხმობს როგორც ინფრასტრუქტურას, ისე შესაბამისი კადრების მომზადებას. ფონდი ეტაპობრივად ახორციელებს დასახულ მიზანს. პირველ ეტაპზე ქუთაისში აიგება ადრონული თერაპიის ცენტრი ციკლოტრონის ტიპის ამაჩქარებლით, რომელსაც ექნება როგორც სამეცნიერო-კვლევითი, ისე სამედიცინო დანიშნულება. ამ მიზნით უკვე გაფორმდა ხელშეკრულება ამაჩქარებლების მწარმოებელ საერთაშორისო კონცერნ „აიბიეისთან“ (IBA), რომელიც მსოფლიო ლიდერია ამ დარგში. ამავე დროს თბილისში, კერძოდ დიღომში არსებულ ცენტრში მიმდინარეობს თანამედროვე ლაბორატორიებით აღჭურვილი საბუნებისმეტყველო სამეცნიერო ინსტიტუტების კლასტერის მოწყობა. ორივე ცენტრის მიზანია შესაბამისი კადრების მომზადება და ქართველი მეცნიერების ახალი თაობის აღზრდა“, - აღნიშნავს ივანიშვილი.

მისივე თქმით, ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი მოიცავს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამის საერთაშორისო კვლევით ტექნოლოგიურ ცენტრს და ჯანდაცვის საერთაშორისო ცენტრს, რომელთაც დღეს საქართველოში ანალოგი არ გააჩნია.

„პროექტის განხორციელების მეორე ეტაპზე მოხდება დიდი ამაჩქარებლის - სინქროტრონის შექმნა, რომელიც სრულიად ახალ დონეზე აიყვანს ქართულ მეცნიერებას და შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყანას, გახდეს ევროპისა და მსოფლიოს ინტელექტუალური სივრცის სრულფასოვანი ნაწილი. ამრიგად, ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი მოიცავს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამის საერთაშორისო კვლევით ტექნოლოგიურ ცენტრს და ჯანდაცვის საერთაშორისო ცენტრს, რომელთაც დღეს საქართველოში ანალოგი არ გააჩნია და ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯია. განსაკუთრებულად მინდა გავუსვა ხაზი, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი იმუშავებს, ხოლო აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის კრიტერიუმები მთლიანად განისაზღვრება მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მოთხოვნების შესაბამისად. აღვნიშნავ იმასაც, რომ ფონდი "ქართუ" დარჩება მხოლოდ კერძო დამფინანსებლად და არა მესაკუთრედ საუნივერსიტეტო კომპლექსისა, რომელიც ვინმეს საკუთრება კი არ იქნება, არამედ იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტი და მთელი ქვეყნის საკუთრება“, - განმარტავს ის.