მიზეზები, რის გამოც სინგაპურის განათლების სისტემა ყველაზე წარმატებულია მსოფლიოში | Allnews.Ge

მიზეზები, რის გამოც სინგაპურის განათლების სისტემა ყველაზე წარმატებულია მსოფლიოში

სინგაპურის განათლების სისტემა ფინეთის განათლების სისტემასთან ერთად მსოფლიოში ყველაზე წარმატებულად მიიჩნევა. ამას მოწმობს საერთაშორისო ტესტირების შედეგები, რომელსაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ატარებს. ბოლო მსგავსი ტესტირება მათემატიკასა და მეცნიერებაში 2015 წელს ჩატარდა, რომლის მიხედვითაც ყველაზე მაღალი შეფასება სინგაპურელმა ბავშვებმა მიიღეს, შესაბამისად სინგაპურის განათლების სისტემა მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელდა. როგორ ახერხებს ამას სინგაპური? გთავაზობთ იმ მთავარ მიზეზებს, რის გამოც განათლების დონე ამ ქვეყანაში ყველაზე მაღალია.

დავიწყოთ იქიდან, რომ სინგაპური ბიუჯეტის 20%-ს სწორედ განათლების სექტორში ხარჯავს.

მნიშვნელოვანია, რომ სინგაპურში ბავშვს აქვს ბევრი არჩევანი ისწავლოს ის, რაც მას სურს. ზოგად საშუალო განათლებას ბავშვი 10-11 წლის განმავლობაში იღებს.

თავდაპირველად 6 წლამდე ისინი სკოლამდელ განათლებას იღებენ, რა დროსაც სწავლობენ წერისა და კითხვის ძირითად უნარებს, ასევე კრეატიულობას და სოციალურ უნარებს და ფიზიკური აქტივობითაც კავდებიან. გარდა ამისა, ბავშვებს სწავლების ამ ეტაპზე შეუძლიათ ისწავლონ ორი ენა, როგორც წესი ერთია ინგლისური, ხოლო მეორე ჩინური, მალაი ან ტამილური.

ამის შემდეგ 6 წლის განმავლობაში დაწყებით სკოლაში სწავლობენ, რა დროსაც საბაზისო მათემატიკას და ინგლისურ ენას იუმჯობესებენ და კარგად სწავლობენ მშობლიურ ენას. ამასთან, სწავლების ამ ეტაპზე ზოგი სკოლა უფრო მეტ აქცენტს აკეთებს სპორტზე, ზოგი ხელოვნებაზე, ზოგიც კიდევ სოციალურ კლუბებზე.

ამის შემდეგ კი 4-5 წლის მანძილზე საშუალო განათლებას იღებენ. მათ აქვთ შესაძლებლობა აირჩიონ ჩვეულებრივი საშუალო სკოლა, სპეციალიზებული სკოლა ან ექსპრესს სკოლა, რომელიც 5-ის ნაცვლად 4 წლიან დაჩქარებულ სწავლებას გულისხმობს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებამდე.

საშუალო განათლების მიღების შემდეგ კი მოსწავლეს შეუძლია აირჩიოს პოლიტექნიკური, კოლეჯი ან უნივერსიტეტი.
ეს სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ მოზარდს ჰქონდეს ბევრი არჩევანი თავისი უნარებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

რა მეთოდებით ასწავლიან მათემატიკას სინგაპურის სკოლებში?

სინგაპურის განათლების სისტემაში ასევე მნიშვნელოვანია სწავლის მიდგომა და მეთოდი, მათ მიაჩნიათ, რომ ყველა ბავშვი არის ინდივიდუალური და დასწავლის განსხვავებული უნარი აქვს, ამიტომაც სწავლების განსხვავებული მიმართულებები ქვეყანაში გარანტიაა იმისა, რომ თითოეული სტუდენტი მიაღწევს წარმატებას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოსწავლეს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა გახდეს მოთხოვნადი სამომავლოდ სამუშაო ბაზარზე.

სიგაპურში სკოლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დანიშნულებაა ბავშვის ძლიერი მხარეების და სოციალური უნარების განვითარებაზე ზრუნვა. მასწავლებელთა ნაწილი თამაშს იყენებს სწავლების მეთოდად, ასე ბავშვები უფრო დაინტერესებულები არიან ისწავლონ რაიმე ახალი.

სასწავლო გეგმა მორგებულია თითოეულ ბავშვზე, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ერთი საერთო ეროვნული სასწავლო გეგმა, სკოლებს აქვთ საშუალება მასში მოთხოვნებიდან და საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა მეთოდები და მიდგომები შეიტანონ. მშობელს კი აქვს შესაძლებლობა აირჩიოს ის სკოლა, სადაც მისთვის სასურველი მეთოდებით ასწავლიან.

სინგაპურის განათლების სისტემა იცვლება დროთა განმავლობაში ადგილობრივი და საერთაშორისო დონეზე მომხდარი ცვლილებების მიხედვით, იმისათვის რომ სტუდენტები მზად იყვნენ არსებულ გამოწვევებთან გამკლავებისთვის და მზად იყვნენ ჩაერთონ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. იმისათვის რომ განათლების სისტემა იყოს წარმატებული, ყველა რეფორმა სინგაპურში ძალიან ფრთხილად და ბევრი მსჯელობის შედეგად ტარდება, რათა მისი შედეგები არ იყოს დამანგრეველი.

იმისათვის, რომ განათლების სისტემა იყოს წარმატებული, მასწავლებელი ასრულებს წამყვან როლს.
ყველა სკოლა სინგაპურში მასწავლებელს უქმნის ისეთ გარემოს, რომ იგი იყოს ინოვაციური, კრეატიული და პროდუქტიული სწავლების პროცესში. მასწავლებლებს სინგაპურში აქვთ ინტენსიური ინტერაქცია მოსწავლეებთან, რასაც სწავლების ხარისხზე უდიდესი გავლენა აქვს.

სინგაპურის განათლების სამინისტრო დიდ რესურს ხარჯავს მასწავლებლების განათლების და პრაქტიკული უნარების განვითარებისთვის.

სამინისტრო აქტიურ როლს თამაშობს მსურველის მასწავლებლად ჩამოყალიბებაში, რათა მასწავლებელს, მაშინ როდესაც იგი უკვე უშუალოდ დაიწყებს მუშაობას, ჰქონდეს ყველა ის უნარი და ცოდნა, რაც საჭიროა თანამედროვე ციფრულ ეპოქაში. სამინისტრომ მასწავლებელთა განათლების ახალი მოდელიც კი შეიმუშავა, რომელსაც ჰქვია "მასწავლებელთა განათლების მოდელი 21-ე საუკუნისთვის".

კიდევ ერთი ფაქტორი, რის გამოც სინგაპურის განათლების სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, არის ის, რომ ბავშვების განათლების მიღების პროცესში მშობლებიც აქტიურად არიან ჩართულები. განათლების სამინისტროს მიაჩნია, რომ მშობელი კიდევ უფრო უმყარებს ბავშვს იმ ცოდნას, უნარებსა და ღირებულებებს, რასაც სკოლაში ასწავლიან. ამგვარად, ყველა სკოლაში მოქმედებს "მშობელთა მხარდაჭერის ჯგუფი", რომელიც მოხალისე მშობლებისგან შედგება, ჯგუფი ყოველწლიურ შეხვედრებს მართავს მასწავლებლებთან, სადაც განიხილავენ ბავშვების პროგრესს.

myquiz