ფრაზები, რომლებიც ბავშვს ბაღთან შეგუებაში დაეხმარება - ფსიქოლოგ ქეთი მესხიშვილის რჩევები | Allnews.Ge

ფრაზები, რომლებიც ბავშვს ბაღთან შეგუებაში დაეხმარება - ფსიქოლოგ ქეთი მესხიშვილის რჩევები

ხშირად მშობლებს ჰგონიათ, რომ საბავშვო ბაღთან ბავშვის შეგუება, პედაგოგზე და გარემოზეა დამოკიდებული. სპეციალისტების თქმით, ახალ გარემოსთან ბავშვის ადაპტაცია აღმზრდელთან ერთად მშობლებზეც არის დამოკიდებული. ფსიქოლოგი ქეთი მესხიშვილი მშობლებს რამდენიმე რჩევას აძლევს.

როგორ შევაჩვიოთ ბავშვი ბაღში სიარულს?

ყველაზე დიდი სირთულე რომელიც ბავშვს ბაღში მისვლის დროს აქვს, ესაა ადაპტაცია ახალ გარემოსთან და შეგუება იმ მომენტთან, როდესაც მას მშობელი ტოვებს მისთვის უცხო გარემოში. ამაზე ყველა ბავშვი განსხვავებულად რეაგირებს. ზოგი მარტივად ადაპტირდება ემოციური სირთულეების გარეშე, ზოგს კი უჭირს მშობელთან განშორება, რასაც ემოციურად გამოხატავენ. იმისათვის რომ ბავშვი ბაღს მარტივად შეეჩვიოს აუცილებელია შეყვანამდე მშობლებმა მისთვის გასაგებ ენაზე აუხსნან რა არის ბაღი.

შესაძლოა, აჩვენონ სურათები ან მიიყვანონ და დაათვალიერებინონ და თუ შესაძლებელია ბაღის მასწავლებელი გააცნონ. ასევე მნიშვნელოვანია სირთულის მიუხედევად ბავშვმა ბაღში ყოველდღე იაროს, მაგრამ დასაწყისში არ არის რეკომენდირებული მთელი დღით მისი იქ დატოვება. გამოყვანის შემდეგ უნდა მოხდეს ემოციების გაზიარება. დაუშვებელია საბავშვო ბაღით შეშინება, რაც სამწუხაrოდ ხშირად ხდება ხოლმე.

რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა შვილის ბაღში მიყვანამდე?

ბაღში მიყვანამდე უნდა მოხდეს ბავშვის წინასწარ მომზადება. ბაღის გაცნობა და ამ ახალი გარემოს მიმართ დადებითი განწყობის ჩამოყალიბება. ბავშვმა უნდა იცოდეს რომ ესაა ადგილი, სადაც მას თამაშის და განვითარების საშუალება ექნება. ეყოლება თანატოლი მეგობრები და მასწავლებელი, რომელიც მას დაეხმარება, იზრუნებს მასზე და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ამ სიტუაციის საშიშად წარმოდგენა.

თუკი ბავშვი ბაღში მიყვანის შემდეგ სულ ტირის, მშობელი როგორ უნდა მოიქცეს?

ტირილი მიანიშნებს რომ ბავშვს უჭირს ახალ გარემოსთან შეგუება და საჭიროებს კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას. ასეთ შემთხვევაში მშობლებმა მას ბაღი არ უნდა გააცდენინონ, გამონაკლის შემთხვევების გარდა, იმ იმედით რომ ერთ დღეს ბავშვი უბრალოდ აღარ იტირებს. პირიქით, უმჯობესია მან რეგულარულად იაროს, არა მთელი დღე, რა თქმა უნდა, და მშობლებმა და მასწავლებლებმა ერთობლივად უნდა შეუქმნან ისეთი გარემო, რომელიც პატარას ბაღში დარჩენის პროცესს გაუმარტივებს.

შეიძლება მშობელმა წამახალისებელი ჯილდო გამოიყენოს, თუმცა მან ტირილი არ უნდა აუკრძალოს. ზრდასრულები იმას კი არ უნდა ცდილობდნენ რომ ბავშვმა არ იტიროს, არამედ ტირილის მიზეზს უნდა მიხვდნენ და ბავშვს სათანადო დახმარება აღმოუჩინონ. თუ დამოუკიდებლად ვერ ართმევენ თავს მაშინ მიმართონ სპეციალისტს.

რა ფრაზები არ უნდა ვუთხრათ ბაღში მიყვანამდე ბავშვს?

მშობელმა უნდა გამოიყენოს ფრაზები, რომლებიც ბავშვში ბაღის მიმართ ინტერესს გამოიწვევს. მშობელმა ბაღი უნდა აღუწეროს, როგორც ადგილი, სადაც ის შეძლებს ბევრი ითამაშოს, ჰყავდეს მეგობრები და გაიზარდოს. კონკრეტული ფრაზების არჩევა კი მშობლებისთვის მიმინდვია, ისინი უკეთ მიხვდებიან.

ხშირად მშობელი ბაღში სიარულის სანაცვლოდ მას სხვადასახვა დაპირებებს აძლევს. რამდენად სწორი მიდგომაა?

უმჯობესია თუკი ამის გარეშე მიეჩვევა ბავშვი ბაღს, თუმცა, ზოგჯერ ხდება ხოლმე მსგავსი სტრატეგიის გამოყენება და ასეთ დროს კარგი იქნება თუკი მშობელი რეკომენდაციას სპეციალისტისგან მიიღებს. ზოგადად ვიტყვი რომ ჯილდოს სახით უმჯობესია გამოიყენებოდეს ისეთი აქტივობები, რომელიც მოწონს ბავშვს. მაგ: გასართობ ცენტრში ან პარკში წაყვანა, ახალი სათამაშო, წიგნი და ა.შ. ზოგჯერ მშობლები თანხით აჯილდოვებენ ხოლმე ბავშვს, რაც არასწორად მიმაჩნია.

myquiz