შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკისრებული თანხა - 712 000 ლარი გადაიხადა | Allnews.Ge

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკისრებული თანხა - 712 000 ლარი გადაიხადა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკისრებული 712 000 ლარი, რომელთან დაკავშირებითაც სასამართლო დავა მიმდინარეობს, გადაიხადა.

როგორც უნივერსიტეტის რექტორი, ილიას ჩილოღლუ აცხადებს, თანხის გადახდა დღეს იმ მიზნით მოხდა, რომ ავტორიზაციის საბჭომ უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების საშუალება მისცეს.

მისივე თქმით, თანხის გადახდის მიუხედავად, სახელმწიფოსთან ფინანსურ დავას მაინც გააგრძელებენ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავტორიზაციის საბჭოს 27 აგვისტომდე აძლევს ვადას, რომ უნივერსიტეტს სტუდენტების მიღებასთან დაკავშირებული შეზღუდვა მოუხსნას.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციასთან, სტუდენტებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ განაცხადა, ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკისრებული დავალიანება გადაიხადა, იმას არ ნიშნავს, რომ უნივერსიტეტი ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აღიარებს.

"ის, რომ ჩვენ ფინანსთა სმინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკისრებული თანხა - 712 000 ათასი ლარი გადავიხადეთ, იმას არ ნიშნავს, რომ ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ვაღიარებთ. ეს გადაწყვეტილება არის უსამართლო. ჩვენ საბჭოს ყველა ის დოკუმენტაცია წარვუდგინეთ, რომელიც გვქონდა. ასევე ვუთხარით, რომ ჩვენი უნივერსიტეტის აქტივები ამ თანხაზე მეტია და მომავალში თანხის გადახდასთან დაკავშირებით არანაირი საფრთხე არ იქნება. სასამართლო დავა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. დღეს რომ გადავხედეთ იმ სტუდენტების რაოდენობას, რომელთაც ჩვენი უნივერსიტეტი ჩამონათვალში პირველი ადგილიდან ჯერ კიდევ არ შეუცვლიათ, ვიფიქრეთ, რომ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რომ ეს სტუდენტები არ დაზარალდნენ. ეს თანხა ჩვენ უკვე გადავიხადეთ და ცენტრს მივმართავთ, რომ გადაწყვეტილებას გადახედონ", - განაცხადა ილიას ჩილოღლუმ.

ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ერთი წლით სწორედ ფინანსური დავალიანების გამო შეუზღუდა.

myquiz