სად ისწავლიან ის აბიტურიენტები, რომლებსაც უნივერსიტეტების ჩამონთვალში პრიორიტეტი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის ჰქონდათ მინიჭებული | Allnews.Ge

სად ისწავლიან ის აბიტურიენტები, რომლებსაც უნივერსიტეტების ჩამონთვალში პრიორიტეტი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის ჰქონდათ მინიჭებული

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და მისი მოადგილე ალექსანდრე თევზაძე გუშინ იმ აბიტურიენტებს შეხვდნენ, რომლებსაც უნივერსიტეტების ჩამონთვალში პრიორიტეტი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის ჰქონდათ მინიჭებული.

როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს აბიტურიენტებმა განუცხადეს, ისინი შეხვედრით ბოლომდე კმაყოფილები არ არიან, რადგან მათ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაბარება სურდათ, თუმცა გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება შედგა. კერძოდ, აბიტურიენტ თამარ ციმაკურიძის თქმით, მინისტრმა და მისმა მოადგილემ აბიტურიენტებს განუცხადეს, რომ უნივერსიტეტში აბიტურიენტების ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ უნივერსიტეტებში გამოცხადდება მობილობა და ისინი სასურველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შერჩევას შეძლებენ.

"მე არჩეული მქონდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. შევხვდით მინისტრსა და მინისტრის მოადგილეს, მათ აგვიხსნეს, რომ ის, რომ ჩვენ პირველ არჩევნად დღემდე გვიწერია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მოუხედავად იმისა, რომ ამ არჩევანს ვეღარ შევცვლით, დღის ბოლომდე გვაქვს არჩევანის შეცვლის უფლება. ჩვენ პრობლემა არ გვექნება, შეგვიძლია, პირველ არჩევნად თავისუფლად ჩავწეროთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. თუ დავუშვათ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეს ავტორიზაცია არ აღუდგება, ჩვენი მობილობა მოხდება ანუ სხვა უნივერსიტეტში გადასვლა შეგვიძლია, ამიტომ ის ბავშვები, რომლებსაც პირველ ნომრად შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გვქონდა არჩეული, არ ვცვლით არჩევანს და ამ უნივერსიტეტს ვტოვებთ. ისინი გამოაცხადებენ მობილობას, სთხოვენ უნივერსიტეტს, რომ ადგილები გამოაცხადონ იმ ფაკულტეტებზე, რომლებზეც ჩვენ გვინდა და შემდეგ ჩვენ შეგვიძლია, ის უნივერსიტეტი ავირჩიოთ, რომელიც გვინდა", - აღნიშნა თამარ ციმაკურიძემ.

მისივე თქმით, მიღებული სახელმწიფო გრანტი მათ მობილობის შემთხვევაში სხვა უნივერსიტეტშიც შეუნარჩუნდებათ, თუმცა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიღებული შიდა დაფინანსების შენარჩუნება არ მოხდება.

"ადამიანს, რომელსაც ძალიან მინდოდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოხვედრა და ამ უნივერსიტეტზე თავიდანვე ვიყავი ორიენტირებული, შეხვედრის შედეგები ნაკლებად მაკმაყოფილებს, თუმცა გარეთ არ დავრჩებით და მიუხედავად ყველაფრისა, სტუდენტები ვხდებით. შეიძლება წელს ვერ, მაგრამ მომავალ წელს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გადავალთ",- აღნიშნა მან.

აბიტურიენტებთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი განათლების მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე თევზაძემაც გააკეთა.

"აბიტურიენტებთან ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა, ჩვენ განათლების იმ შესაძლებლობებზე ვისაუბრეთ, რომლებსაც ჩვენ სტუდენტებს ვთავაზობთ. ის სტუდენტები, რომლებიც შავი ზღვის საერთაშორისო ან ევროპის უნივერსიტეტში უნდა მოხვედრილიყვნენ (ეს არის ორი უნივერსიტეტი, რომელთაც აკრედიტაციის საბჭომ სტუდენტების მიღება შეუზღუდა), შეძლებენ არაგეგმური მობილობის მექანიზმით სარგებლობას. ჩვენ განვმარტეთ, რომ ვიმუშავებთ უნივერსიტეტებთან იმისთვის, რომ მათ ამ ახალგაზრდებისთვის დამატებითი ადგილები გამოაცხადონ. ვისაუბრეთ, თუ რომელ სტუდენტს რა მიმართულება აინტერესებს, როგორ გეგმავენ განათლების მიღებას, რა სპეციალობები უნდათ, რომელი სხვა უნივერსიტეტები აინტერესებთ და მინისტრი დაჰპირდა, რომ ვიმუშავებთ ყველა უნივერსიტეტთან იმისთვის, რომ ყველა ახალგაზრდას ინტერესი დავაკმაყოფილოთ",- აღნიშნა ალექსანდრე თევზაძემ.

იგი დარწმუნებულია, რომ აბიტურიენტებისთვის დამატებით ადგილებს არამხოლოდ კერძო, არამედ სახელმწიფო უნივერსიტეტებიც გამოაცხადებენ. "ჩვენ შევეცდებით, რომ სტუდენტებს მაქსიმალურად შევთავაზოთ განათლების თავსებადი პროგრამა, მათ იმ სპეციალობითა და დაახლოებით იმ მიმართულებით ისწავლონ, რომლითაც გეგმავენ. მნიშვნელობა არ აქვს ახალგაზრდას პირველ ადგილზე ეწერა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მეორეზე თუ რომელ ადგილზე, თუ კონკურსის შედეგად ის მოხვდა ამ ვირტუალურ ადგილებზე, სადაც მიღება შეზღუდულია, ჩვენ ამ სტუდენტების ჩარიცხვაზე არაგეგმური მექანიზმებით ვიზრუნებთ",- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა.

myquiz