თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის დამატებითი ეტაპი დაიწყო | Allnews.Ge

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის დამატებითი ეტაპი დაიწყო

საზოგადოების მოთხოვნის გათვალისწინებით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო აღსაზრდელთა დამატებით რეგისტრაციას აცხადებს. 2018-2019 სააღმზრდელო წლებისთვის, დამატებითი რეგისტრაციის მიზნით, განცხადებების მიღება საბავშვო ბაღებში 20 აგვისტოს დაიწყება და 7 სექტემბრამდე გაგრძელდება. ამის შესახებ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ინფორმაციით, აღსაზრდელთა რეგისტრაცია რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით მოხდება: განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები; დედმამიშვილები (რომლებმაც ვერ მოასწრეს რეგისტრაცია, რეგისტრირებული არიან სხვა ბაღში და სხვა); ბაგა-ბაღის თანამშრომლის შვილები; სოციალურად დაუცველი ბავშვები (რომლებმაც პირველ ეტაპზე დარეგისტრირება ვერ მოახერხეს); იმავე რაიონში რეგისტრირებული აღსაზრდელები, სადაც მდებარეობს ბაგა-ბაღი; სხვა დანარჩენი განცხადებები.

"რეგისტრაციის მსურველებმა კონკრეტულ საბავშვო ბაგა-ბაღს განცხადებით უნდა მიმართონ და შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინონ. კერძოდ, ბავშვის დაბადების მოწმობა; რეგისტრირებული მისამართის დამადასტურებელი ცნობა ან ამხანაგობის მიერ გაცემული ცნობა, რითაც ოჯახის კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტი დასტურდება; სამედიცინო ცნობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის; ცნობა სოციალურად დაუცველის სტატუსის შესახებ; თანამშრომლის შვილის შემთხვევაში, თანამშრომლის დანიშვნის ბრძანება ამავე ბაგა-ბაღში.

განაცხადების მიღება სასურველ ბაგა-ბაღში იწარმოებს, საიდანაც მათი გადაგზავნა ბაღების მართვის სააგენტოში მოხდება. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბავშვი შესაბამის ბაგა-ბაღში ჩაირიცხება", - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

myquiz