რა სიახლეებია მოსალოდნელი სექტემბრიდან საჯარო ბაგა-ბაღებში? | Allnews.Ge

რა სიახლეებია მოსალოდნელი სექტემბრიდან საჯარო ბაგა-ბაღებში?

თბილისის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელები ჯგუფებში სექტემბრიდან ისევ იმ რაოდენობით იქნებიან, რა რაოდენობაც დღეს არის, ამ მხრივ ცვლილება არ იგეგმება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ განუცხადა.

"ჯერჯერობით კანონში მუხლი არ არის შემუშავებული, აქედან გამომდინარე, ამ მხრივ ცვლილებას წელს არ ვგეგმავთ", - განაცხადა გვანცელაძემ.

რაც შეეხება ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის დაგეგმილ სიახლეებს, კახაბერ გვანცელაძის განმარტებით, მუშაობა მიმდინარეობს იმისათვის, რომ მენიუ მომავალი წლიდან განახლდეს.

მისივე თქმით, სიახლეებია სხვა მიმართულებითაც. კერძოდ, როგორც კახაბერ გვანცელაძემ აღნიშნა, დედაქალქში არსებულ 171 ბაღს 9 ახალი ბაღი შეემატება, სექტემბრიდან კი ბაგა-ბაღებს ტრენერების მიერ სპეციალურად გადამზადებული აღმზრდელ-პედაგოგები ეყოლება. გარდა ამისა, გვანცელაძის თქმით, მიმდინარეობს ბაღების სახანძრო-უსაფრთხოების სისტემით აღჭურვა, სადაც მონტაჟდება თანამედროვე ტიპის დეტექტორები. წლის ბოლომდე კი თბილისის მასშტაბით ყველა ბაგა-ბაღი უსაფრთხოების სისტემით აღიჭურვება.

„გავხსნით 9 ახალ საბავშვო ბაღს და 2 ახალ კორპუსს, რომელიც შეემატება მოქმედ ბაღებს. ეს ახალი დამატებითი კორპუსები მოცულობით უტოლდება ერთი საბავშვო-ბაღის ინფრასტრუქტურას ანუ დაახლოებით, დამატებითი 3 000-მდე აღსაზრდელის მიღება გახდა შესაძლებელი. ასევე, განათლების სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს მეთოდისტებისთვის ტრენინგები. ეს გახლავთ აღმზრდელ-პედაგოგის სტანდართან შესაბამისობაში მოყვანისათვის ტრენინგები. 40 მეთოდისტი გადაამზადებს აღმზრდელ პედაგოგებს ჩვენს ბაღებში. მიმდინარეობს სხვადასხვა სარემონტო სამუშაოები, სამზარეულოების მოწესრიგება ბაღებში. ამასთან, ჩვენი პრიორიტეტია სახურავების მოწესრიგება, მიმდინარეობს ავარიული ბაღების გამაგრებითი და აღდგენითი სამუშაოებისთვის საპროექტო სამუშაოები. უსაფრთხოების კუთხით ვაგრძელებთ პროექტებს, როგორიც არის სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ბაღებში. აღნიშნული პროცესი გაგრძელდება, - განაცხადა გვანცელაძემ.

კახაბერ გვანცელაძის ინფორმაციით, ბაგა-ბაღები ახალ სასწავლო-სააღმზრდელო წელს 17 სექტემბერს განაახლებს.

შეგახსენებთ, რომ წელს საბავშვო ბაღების თითოეულ ჯგუფში აღსაზრდელების რაოდენობა, რიგ შემთხვევაში 60 ბავშვს აჭარბებდა.

myquiz