"სწორ პასუხებთან ერთად მართლაც ჩანდა დამატებითი 2 გვერდი, თუმცა ეს მონაცემები არ გახლავთ სწორი პასუხები" - NAEC-ის განმარტება
12 ივლისს ღამით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გამოცდების ეროვნულის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე სამაგისტრო გამოცდების სამომავლო ტესტების პასუხები რამდენიმე წუთით გამოქვეყნდა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არ ადასტურებს. როგორც ცენტრში განმარტავენ, აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება და მაგისტრანტებს მოუწოდებენ, რომ გავრცელებულ ინფორმაციას არ ენდონ.
საუბარი იყო 18-19 და 24-25 ივლისის მაგისტრატურის გამოცდის B და C ტესტების პასუხების "სქრინების" სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, თუმცა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, მაგისტრატურაზე ჩაბარების მსურველები თავადაც დარწმუნდებიან, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
"მაგისტრანტობის იმ კანდიდატებს, რომლებიც B და C ტესტებს აბარებენ, ვთხოვთ, არ ენდონ ინფორმაციას, რომ ცენტრის ვებგვერდის მობილური, ანდროიდ ვერსიით აღნიშნული ტესტების სწორი პასუხების ნახვა იყო შესაძლებელი. ამ (ანდროიდ) ვერსიით სწორ პასუხებთან ერთად მართლაც ჩანდა დამატებითი 2 გვერდი, თუმცა ეს მონაცემები არ გახლავთ B და C ტესტების სწორი პასუხები (რაშიც ნებისმიერი მსურველი დარწმუნდება ტესტებისა და სწორი პასუხების გამოქვეყნებისთანავე). ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული მონაცემების, როგორც სწორი პასუხების გამოყენება ტესტზე მუშაობისას, ერთმნიშვნელოვნად დააზარალებს მაგისტრანტობის კანდიდატს,"- ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
რაც შეეხება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოზიციას, როგორც უწყებაში განმარტავენ, "განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პოზიციას იზიარებს და მის მიერ გავრცელებულ განცხადებებს ეყრდნობა", - განმარტეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.