რამდენად დაცულია სკოლებისა და ბაღების შენობები? - "თუ აღნიშნულ შენობებში ხანძარი გაჩნდება, ამან შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიოს" | Allnews.Ge

რამდენად დაცულია სკოლებისა და ბაღების შენობები? - "თუ აღნიშნულ შენობებში ხანძარი გაჩნდება, ამან შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიოს"

უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის 2017-2018 წლებში თბილისში სულ 45 სკოლა და 15 საბავშვო ბაღი დაჯარიმდა, -ამის შესახებ Allnews.ge-ს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს სახელმწიფო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა, გიორგი კოდალაშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, სკოლებსა და ბაღებში უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით წლების განმავლობაში არაერთი შეუსაბამობა დაფიქსრიდა:

"თბილისში დისლოცირებულია 247 საჯარო სკოლა, 2015 წლიდან, როცა სააგენტო შეიქმნა, აბსოლუტურად ყველა სკოლაში ტარდება მონიტორინგი, სახანძრო-ტექნიკური შემოწმება-გამოკვლევები, რის შემდგომაც ჩვენ ვსახავთ იმ სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებებს, რომელიც უნდა გამოსწორდეს და ვუთითებთ შესაბამის გონივრულ ვადებს. ამ სკოლებში დღემდე მიმდინარეობს მონიტორინგი. ჩატარებული 319 სახანძრო-ტექნიკური დეტალური შემოწმების, 481 საკონტროლო-სახანძრო ტექნიკური და 170 მიზნობრივი სახანძრო-ტექნიკური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საჯარო სკოლებში ჩვენ მიერ მითითებული, ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები დღემდე არ არის შესრულებული," - განმარტა გიორგი კოდალაშვილმა.

მისი ინფორმაციით, ის ხარნძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები, რომლებიც დარღვევების მქონე სკოლებში ჯერ კიდევ არ არის ჩატარებული, ასეთია: არ არიან დანიშნული სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვაზე პასუხისმგებელი პირები, არ არის დამონტაჟებული ხანძრის აღმომჩენი ავტომატური სიგნალიზაციები და ხანძრის ხმოვანი მაუწყებლები, შიდა სახანძრო წყალგაყვანილობა ზოგ სკოლაში საერთოდ არ არის დამონტაჟებული და სადაც არის, ფუნქციონირების თვალსაზრისით პრობლემები აქვს, სასხვენო გადახურვები სპეციალური ცეცხლგამძლე ხსნარით დამუშავებული არ არის, ზოგიერთ სკოლაში მთლიანად ელექტრომეურნეობა ელექტროტექნიკური დანადგარების მოწყობისს წესებს არ შეესაბამება. გარდა ამისა, ზოგიერთი სკოლა პირველადი ხანძრის ქრობის საშუალებების საჭირო რაოდენობით არ არის დაკომპლექტებული, შენობების ნაწილში საევაკუაციო გასასვლელი საერთოდ არ არის, სადაც არის, ზოგი გადაკეტილია და არ ფუნქციონირებს.

გიორგი კოდალაშვილის განმარტებით, მონიტორინგის შედეგად საგანმანათლებლო დაწესებულებებმა საევაკუაციო გეგმები შეადგინეს და ხანძრის ქრობის საშუალებები შეიძინეს. მისივე თქმით, უსაფრთხოების საკითხში ცნობიერების ასამაღლებლად დაახლოებით 168 სკოლაში შეიქმნა საგანგებო შტაბები, 52 სკოლაში მათ ჩაუტარდათ სწავლება, მოხდა 600-მდე მანდატურის გადამზადება და ჩატარდა სხვა ღონისძიებები.

რაც შეეხება ბაღებს, როგორც გიორგი კოდალაშვილი განმარტავს, აქაც თითქმის იგივე შეუსაბამობები ფიქსირდება, რაც დედაქალაქის სკოლებში. მისი ინფორმაციით, 2015 წლიდან დღემდე ჩატარებულია 258 სახანძრო-ტექნიკური დეტალური, 383 საკონტროლო და 110 მიზნობრივი სახანძრო-ტექნიკური შემოწმება.

ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის განმარტებით, ამჟამად არსებული კანონის გათვალისწინებით სანქციები არაადეკვატურია, რადგან დარღვევების დროულად და სრულად აღმოფხვრა ვერ ხერხდება, შესაბამისად, საჯარიმო თანხების ზრდის საჭიროება დადგა. გიორგი კოდალაშვილმა ასევე განმარტა, თუ რა პრობლემები შეიძლება შექმნას სკოლებსა და ბაღებში სახანძრო უსაფრთხოების არარსებობამ:

"თუ აღნიშნულ შენობებში ხანძარი გაჩნდება, ამან შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიოს. ცეცხლმაქრის არქონის გამო ხანძრის დაწყების სტადიაზე, ცეცხლი შეიძლება სხვადასხვა ფართობზე გავრცელდეს და ხანძრის ჩაქრობა უკვე გაძნელდება, გამოიწვევს დაკვამლიანებას, ხალხის ევაკუაცია გახდება საჭირო," - აღნიშნა მან.

გიორგი კოდალაშვილი ასევე აღნიშნავს, 2019 წლის ბიუჯეტში კი გათვალისწინებულია უკვე ის თანხები, რომლის მეშვეობითაც მთლიანად სკოლებში ან ბაღებში იქნება სახანძრო უსაფრთხოების ნორმები დაცული.

როგორია არქიტექტორის რეკომენდაციები სკოლებსა და ბაღებში სახანძრო უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით?

არქიტექტორი თამაზ დოგრაშვილი განმარტავს, რომ არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც, როგორც საგანმანათლებლო, ისე სხვა შენობა-ნაგებობების შემთვევაშიც უნდა იყოს გათვალისწინებული. კერძოდ, მნიშვნელოვანია, რომ შენობასთან შესაძლებელი იყოს სახანძრო ავტომობილების მობილიზება და გადაადგილება, რაც, როგორც არქიტექტორი განმარტავს, თბილისში ხშირად დარღვეულია.

"გარდა ამისა, სკოლებისა და ბაღების შენობებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სართულიანობას, თუკი დერეფნული სისტემაა, დიდი მნიშვნელობა აქვს დერეფანში ორი კიბეს შორის დაცილების მანძილს, რადგან ხანძარი თუ ერთ ზონაში გაჩნდა, ევაკუაცია მეორე კიბით უნდა მოხდეს. მართალია, ჩვენ კედელზე, მეორეხარისხოვან ფასადზე არსებული კიბეების მიმართ ყოველთვის პროტესტს გამოვთქვამდი, მაგრამ აუცილებელია სახანძრო კიბე," - განმარტავს თამაზ დოგრაშვილი.

მისივე განმარტებით, შენობის მეორე სართულის ფანჯრების გისოსებში ჩასმა არ უნდა მოხდეს.
"ზოგიერთი სკოლისა თუ ბაღის ადმინისტრაცია თავს იზღვევს, რომ შენობა არ გაძარცვონ, თუმცა ეს პირდაპირ სახანძრო ნორმატივების დარღვევაა. ხშირად ხდება ხოლმე, რომ ხანძრის დროს ამ ფანჯრებიდან ხდება ბავშვების ევაკუაცია და წარმოიდგინეთ, როცა გისოსები დაგხვდება, სანამ შენ მათ მოანგრევ, მანამდე რა პროცესები შეიძლება განვითარდეს," - აღნიშნავს თამაზ დოგრაშვილი.

არქიტექტორი ასევე აღნიშნავს, რომ თბილისის განაშენიანებაში არსებული დარღვევები ძალიან შორს წასული პროცესია, რომლის გამოსწორებასაც შეიძლება ათეულობით წლები დასჭირდეს. როგორც ის აღნიშნავს, მათ შორის სკოლები და ბაღებიც ამ არასწორად და საფრთხისშემცველად განაშენიანებულ სივცეშია მოქცეული.

აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო პაკეტი უკვე მომზადებულია, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე განიხილა. საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, ის სკოლები და ბაღები, რომლებიც უსაფრთხოების წესებს არ დაიცავენ, დაახლოებით 2000-დან 5000-მდე ლარით დაჯარიმდებიან. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განმარტებით, არსებული კანონმდებლობა დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულების 50-200 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი 300-500 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

myquiz