112-ის ოპერატორს გადაუდებელი შემთხვევებისას მოსწავლის მშობლების საკონტაქტო ინფორმაციაზე წვდომა ექნება | Allnews.Ge

112-ის ოპერატორს გადაუდებელი შემთხვევებისას მოსწავლის მშობლების საკონტაქტო ინფორმაციაზე წვდომა ექნება

112-ის ოპერატორს შესაძლებლობა ექნება, გადაუდებელი შემთხვევის დროს, დაადგინოს დაზარალებული ბავშვის საცხოვრებელი მისამართი და მშობლების საკონტაქტო ინფორმაცია, - როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულს ითვალისწინებს მემორანდუმი, რომელიც 112-სა და EMIS-ს შორის გაფორმდა.

მათივე განმარტებით, ინფორმაციის მიმოცვლა დახურული ქსელის საშუალებით განხორციელდება, რაც იმას გულისხმობს, რომ მონაცემები გარეშე პირებისგან დაცული იქნება და მათზე წვდომა ექნებათ მხოლოდ 112-ის ოპერატორებს, თან მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როდესაც მოსწავლე თავის ადგილსამყოფელს ვერ დაასახელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-სა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ "განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას" (EMIS) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტის თანახმად, 112-ის ოპერატორს შესაძლებლობა ექნება, გადაუდებელი შემთხვევის დროს, სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემა - eSchool-ის საშუალებით, ოპერატიულად დაადგინოს დაზარალებული ბავშვის სახელით, გვარითა და სკოლის მონაცემით მისი საცხოვრებელი მისამართი და მშობლების საკონტაქტო ინფორმაცია.

აღნიშნული სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი შემთხვევების დროს, როდესაც მოსწავლემ ზუსტად არ იცის საკუთარი მისამართი, მაგრამ იცის თავისი სკოლის სახელწოდება და ნომერი.

ინფორმაციის მიმოცვლა დახურული ქსელის საშუალებით განხორციელდება, რაც გულისხმობს იმას, რომ მონაცემები გარეშე პირებისგან დაცული იქნება და მათზე წვდომა ექნებათ მარტო 112-ის ოპერატორებს, მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როდესაც მოსწავლე თავის ადგილსამყოფელს ვერ დაასახელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრსა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას შორის მემორანდუმის გაფორმება ხელს შეუწყობს, რომ გადაუდებელი შემთხვევის დროს კიდევ უფრო ოპერატიულად მოხდეს რეაგირება, როცა დაზარალებული ბავშვია და წამები გადამწყვეტია", - განმარტავენ შს სამინისტროში.

myquiz