მეცნიერებმა უცხო ენის შესწავლის ოპტიმალური ასაკი დაადგინეს | Allnews.Ge

მეცნიერებმა უცხო ენის შესწავლის ოპტიმალური ასაკი დაადგინეს

თუ უცხო ენის სრულყოფილად შესწავლა გსურთ, ეს ადრეული ასაკიდანვე დაიწყეთ. მეცნიერებმა ის ზღვრული ასაკი დაადგინეს, სადამდეც უცხო ენის შესწავლა გაცილებით მარტივია.

მაგალითად, თუ გსურთ, ინგლისური ენის გრამატიკა ისევე კარგად ისწავლოთ, როგორ მშობლიური ენის გრამატიკა, იდეალურ შემთხვევაში, მკვლევარების რჩევით, მისი შესწავლა 10 წლამდე უნდა დაიწყოთ.

მეცნიერების განმარტებით, ადამიანის ტვინი ახალ ცოდნას 17-18 წლის ასაკამდე გაცილებით სწრაფად და მარტვიდა ითვისებს, შემდეგ კი აღნიშნული უნარი თანდათან სუსტდება.

კვლევის შედეგები, ჟურნალ Cognition-შია გამოქვეყნებული. მკვლევარებმა აღნიშნული შედეგები სხვადასხვა ასაკისა და ეროვნების 670 ათასი ადამიანის ინგლისური ენის გამოცდის ანალიზის შემდეგ მიიღეს.

ტესტირების პროცესში უფრო ფართო აუდიტორიის ჩართვის მიზნით, ტესტი Facebook-ზეც გამოქვეყნდა.

გამოცდაში მონაწილეებს უნდა შეემოწმებინათ გრამატიკულად სწორად იყო თუ არა შედგენილი ინგლისურენოვანი წინადადება.

დავალების შესრულების შემდეგ, მონაწილეებს საკუთარი ასაკი, ინგლისური ენის შესწავლის დრო და ის უნდა მიეთითებინათ, თუ რა ვითარებაში დაიწყეს ამ ენის შესწავლა.

გამოცდაში მონაწილე ადამიანებიდან, დაახლოებით, 246 ათასი ინგლისურენოვან გარემოში აღიზარდა და ბავშვობაში მხოლოდ ამ ენაზე საუბრობდა, სხვა დანარჩენებისთვის ინგლისური მშობლიური ენა არ იყო. ინგლისურის შემდეგ, ყველაზე გავრცელებული პირველი სასაუბრო ენა ამ ადამიანების შემთხვევაში, ფინური, თურქული, გერმანული, რუსული და უნგრული იყო.

გამოცდაში მონაწილეთა დიდი ნაწილი 20-30 ასაკობრივ კატეგორიაში ხვდებოდა, ყველაზე ახალგაზრდა 10 წლის იყო, ყველაზე უფროსი კი 80-ს მიახლოვებული.

მეცნიერებმა მიღებული შედეგები კომპიუტერული პროგრამის დახმარებით გაანალიზეს და დაასკვნეს, რომ გრამატიკის შესწავლის უნარი ყველაზე უკეთ ბავშვობაშია განვითარებული, იკლებს მოზარდობის ასაკში და შესუსტებულია ზრდასრულ ასაკში.

myquiz