რა ჯდება საქართველოში სხვადასხვა საგნის რეპეტიტორებთან მომზადება? | Allnews.Ge

რა ჯდება საქართველოში სხვადასხვა საგნის რეპეტიტორებთან მომზადება?

ეროვნული და საატესტატო გამოცდებისთვის რეპეტიტორებთან თითქმის ყველა მოსწავლე ემზადება. თუმცა, განსაკუთრებით ბოლო წლებია დაბალ კლასებშიც შეიმჩნევა მოსწავლეების დამატებით მომზადების ტენდენცია. Allnews.ge შეეცადა გაერკვია, რა უჯდებათ მშობლებს ბავშვების რეპეტიტორებთან მომზადება. ჩვენ სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ვესაუბრეთ.

"ორივე შვილი, გოგონაც და ბიჭიც რეპეტიტორებთან დამყავს. გოგონა ინგლისურზე დამყავს, ფორმაში რომ იყოს და თვეში 60 ლარს ვიხდი, ბიჭი ფიზიკაზე დადის კვირაში სამჯერ და 150 ლარი, ხოლო მათემატიკაში ასევე კვირაში სამჯერ და თვეში 200 ლარს ვიხდი. ინლისურის ეს ფასი მინიმალურია, გარეუბანში დამყავს ბავშვი რეპეტიტორთან, სხვაგან უფრო ძვირია. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ გარეუბნის სკოლებში უფრო კარგი სწავლებაა, მაგრამ ახლა ბავშვს საჯარო სკოლაში რომ მიიყვან, უნდა იცოდე, რომ რეპეტიტორებთან ტარებაც მოგიწევს. მაღალ კლასებში სწავლის ხარისხი და დისციპლინა ეცემა. თუ მოსწავლეები არ ხმაურობენ მასწავლებელი ამითაც კმაყოფილია. საბოლოო ჯამში, სკოლებში არსებული სიტუაცია, ნამდვილად არაა მისაღები", - ამბობს ლალი სილაგაძე.

თბილისის გარეუბნის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა ნინო ჭკადუაც, რომელიც საატესტატო გამოცდებისთვის ემზადება და ამისათვის ერთ-ერთ მოსამზადებელ ცენტრში დადის.

ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები შედის

"ცენტრში, სადაც დავდივარ, მეთორმეტე კლასის ჩათვლით ნებისმიერი ასაკის ბავშვები ემზადებიან, უბრალოდ მე ახლა საატესტატო გამოცდებისთვის ვემზადები. ამ ეტაპზე 4 საგანში ვემზადები - ფიზიკა, ბიოლოგია, გეოგრაფია და ქიმია. ოთხივე საგანში ერთად თვეში 120 ლარს ვიხდი, შედარებით იაფი იმიტომაა, რომ ჯგუფში 6 მოსწავლეა".

თამილა არევაძე, მშობელი: "ჩემი გოგონა აბიტურიენტი 2 წლის წინ იყო, თუმცა არც მაშინ გვიჯდებოდა მისი საგამოცდოდ მომზადება იაფი. ინგლისურში თვეში 120 ლარს ვიხდიდით, მასწვალებლით ნამდვილად კმაყოფილი ვიყავი და ეს გამოცდის შედეგებმაც აჩვენა. ზოგად უნარებში 80 ლარს, ისტორიაშიც 80 ლარს, ხოლო ქართულში 120 ლარს ვიხდიდი. ფასები ყოველ წელს ემატება, რეპეტიტორებთან მომზადება ნამდვილად არასწორია, ბავშვი სკოლაში რისთვის დადის, რომ მერე რეპეტიტორთან ცალკე თანხა იხადოს მშობელმა? სწავლის ხარისხი სკოლებში სულ უფრო ეცემა".

შედარებით იაფი ჯდება ბავშვების მომზადება რეგიონებში.
ნინო გურიელიძე, სიღნაღის რაიონის მკვიდრი: "ჩემი ბიჭი წელს აბიტურიენტია. სამ საგანში ვამზადებ, ინგლისურში, ქართულსა და ზოგად უნარებში. ქართულსა და ინგლისურში თვეში 60-60 ლარს ვიხდით, ხოლო მათემატიკაში 80 ლარს. სოფლის სკოლებში რეპეტიტორები ქალაქთან შედარებით ნაკლებ ფასად ამზადებენ მოსწავლეებს, თუმცა ესეც ხომ ფულია? სკოლა ბავშვს ვერ აძლევს იმ დონის განათლებას, რომელსაც გამოიყენებს ეროვნულ გამოცდებზე. ჩემი შვილის კლასელები, რომლებიც წელს ეროვნულ გამოცდებზე გასვლას აპირებენ, ყველა რეპეტიტორთან დადის".

განათლების საკითხებში ექსპერტის, თემურ ნანეიშვილის თქმით, განათლების სისტემაში ამ პრობლემის მოგვარება რამდენიმე კომპონენტის გადაჭრას საჭიროებს.

"განსაზღვრული უნდა იყოს ისე, რომ რასაც ბავშვებს სკოლაში ასწავლიან, ის უნდა მოსთხოვონ აბიტურიენტს გამოცდაზე. რაც უფრო დაბალი იქნება მოთხოვნების დონე, მით უფრო უარესი შეიძლება იყოს სკოლის პროგრამა. სინამდვილეში კი, თუ უმაღლესში ჩასაბარებელი მოთხოვნები იქნება მაღალი, მაშინ სკოლაშიც უნდა იყოს მაღალი დონის პროგრამები. როგორც ახლანდელი ვითარება აჩვენებს, უმაღლესში შედარებით უფრო მაღალი მოთხოვნებია, ვიდრე სკოლას შეუძლია მოამზადოს მოსწავლე, ამიტომ დადიან რეპეტიტორებთან, რაც ამ შეუთავსებლობის შედეგია.

რაც შეეხება დაბალი კლასის მოსწავლეების მომზადებას, ჩემი აზრით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ სასკოლო სახელმძღვანელოები და მასწავლებლები არ არიან მზად შესაბამისი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ეს შედეგი კი მშობელსაც არ აკმაყოფილებს და ამიტომ მიჰყავს ბავშვი რეპეტიტორთან", - ამბობს ექსპერტი.

კითხვაზე, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა, თემურ ნანეიშვილი ამბობს:

"აუცილებელია მასწავლებლების კვალიფიკაცია, სასკოლო პროგრამების სწორი ორგანიზება და სწვალების პროცესის გაუმჯობესება, ასევე მნიშვნელოვანია კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის განსაზღვრა, რომელიც პედაგოგიკის ძირითადი საკითხია. ისევე როგორც 45 წუთი არის დადგენილი გაკვეთილის ხანგრძლივობა, ასევე უნდა იყოს დადგენილი ნორმა კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა. მხოლოდ იმის გამო, რომ ამა თუ იმ სკოლაში მინდა შვილის მიყვანა და იქ კლასში იყოს 40 ბავშვი, არასწორი მიდგომაა.

ეს ასევე სოციალურ პირობებთან არის დაკავშირებული. რამდენადაც მდიდარია ქვეყანა, მით უფრო უკეთესად აქვს დაყენებული ეს საკითხი. ჩვენ ახლა მოვითხოვოთ ის, რაც დავუშვათ ფინეთის სკოლებშია, არარეალურია, მაგრამ აქაც შეიძლება სწავლის ხარისხის გაუმჯობესება", - ამბობს თემურ ნანეიშვილი.

ფინეთის "საგანმათლებლო სასწაული" - რა უნდა გადმოვიღოთ ფინური განათლების სისტემიდან?

myquiz