თბილისის მერია მოსახლეობას უფასო სასწავლო პროგრამას სთავაზობს | Allnews.Ge

თბილისის მერია მოსახლეობას უფასო სასწავლო პროგრამას სთავაზობს

თბილისის მერია პროფესიულ კოლეჯთან თანამშრომლობით პროფესიული გადამზადების პროგრამას იწყებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელება სამუშაო ადგილების პრობლემის მოგვარებას ემსახურება.

"ზოგადად, სამუშაო ადგილები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. დასაქმება არის ყველაზე მოთხოვნადი და ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ქვეყანაში. ამ მიზნით ვიწყებთ ძალიან საინტერესო პროექტის განხორციელებას პროფესიულ კოლეჯთან თანამშრომლობით. ვიწყებთ გადამზადების პროგრამას, "ისწავლე და დასაქმდი". ამ პროგრამის მიზანია სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების გადამზადება სპეციალობებში და მათი დასაქმების ხელშეწყობა. ზოგადად, ვიცით, რომ კონკრეტულ მიმართულებებზე არის ძალიან დიდი მოთხოვნა, თუმცა ხშირ შემთხვევებში ადამიანების კვალიფიკაცია არ არის მოთხოვნის შესაბამისი და ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წამოვიწყოთ ეს კონკრეტული პროექტი, რათა ხელი შევუწყოთ ადამიანების გადამზადებას. ტურიზმის მომსახურეობასა და სამშენებლო სფეროს 15 სპეციალობაში გადავამზადებთ მსურველებს, ასაკი შეზღუდული არ არის, 18 წლის ასაკიდან, ნებისმიერ ადამიანს ექნება შესაძლებლობა ჩაერთოს პროგრამაში. მთავარია მოქალაქე იყოს რეგისტრირებული თბილისში", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭება სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, ომის ვეტერანის ოჯახის წევრებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, დედით ან მამით ობოლ პირებს და მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს.

"რეგისტრაცია გაგრძელდება 4 მაისამდე და მინდა ყველა ადამიანს აქტიურობისკენ მოვუწოდო. ყველა ხარჯს თავის თავზე თბილისის მერია აიღებს. ჩვენ გვინდა ხელი შევუწყოთ ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვს, რომ ხვალ და ზეგ იყოს დასაქმებული. ეკონომიკა ვითარდება, ბაზარი იზრდება, დამკვეთის მხრიდანაც უკვე დიდია მოთხოვნა და ჩვენ გვჭირდება მეტი კვალიფიური, პროფესიონალი ადამიანი. იაქტიურეთ, მიიღეთ მონაწილეობა ამ პროექტში, რომელიც გამოგადგებათ მომავალ საქმიანობაში", - განაცხადა კალაძემ.

myquiz