საბავშვო ბაგა–ბაღების შენობები ხანძარსაწინააღმდეგო დეტექტორებით აღიჭურვება | Allnews.Ge

საბავშვო ბაგა–ბაღების შენობები ხანძარსაწინააღმდეგო დეტექტორებით აღიჭურვება

თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების შენობები ხანძარსაწინააღმდეგო დეტექტორებით აღიჭურვება. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განუცხადა, სახანძრო უსაფრთოების მიზნით მინიმალური სტანდარტები ყველა ბაღის შენობაშია უზრუნველყოფილი. თუმცა, დამატებითი ინვენტარის შესაძენად სატენდერო წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მიზნით სააგენტო ტენდერს აპრილის ბოლოს გამოაცხადებს.

"ბავშვთა უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია. სახანძრო უსაფრთოების მიზნით, ძირითადი სტანდარტი რასაც მოითხოვს: სტენდები, ცეცხლმაქრი და ასე შემდეგ, ბაღები ამ ინვენტარით უკვე უზრუნველყოფილია. მაგრამ ასევე არის დამატებითი ინვენტარი, რომლითაც ჩვენ ბაღებს უზრუნველვყოფთ. დამატებით ინვენტარს დეტექტორები წარმოადგენენ, რომლებიც კვამლის გაჩენის შემთხვევაში რეაგირებენ.

ამ საკითხზე ჩვენ 112–ის წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშავეთ და სადაც საჭიროება არის, დეტექტორებით საბავშვო ბაღებში იმ სივრცეებს დავფარავთ", – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

მისივე თქმით, სატენდერო დავალება მომავალი კვირის ბოლოს იქნება მზად და გაირკვევა, რა ოდენობის თანხა დაიხარჯება ამ მიზნით.

myquiz