მაია მიმინოშვილი აბიტურიენტებს მიმართავს | Allnews.Ge

მაია მიმინოშვილი აბიტურიენტებს მიმართავს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი აბიტურიენტებს მიმართავს, ყურადღებით მოეკიდონ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის პროცესს.

როგორც მაია მიმინოშვილმა განმარტა, არის ცალკეული შემთხვევები, როცა აბიტურიენტებს ავიწყდებათ "შენახვის ღილაკზე დაჭერა", რის გამოც გარკვეული მონაცემები ერთიანი ეროვნული გამოცდების ბაზაში არ ფიქსირდება.

მიმინოშვილი აბიტურიენტებს ურჩევს, ყურადღება მიაქციონ ელექტრონულ ფოსტას, რომელზეც რეგისტრაციის პროცესის ან შემდეგ განხორციელებული ცვლილებების შესახებ შეტყობინებები ავტომატურად იგზავნება.

"რეგისტრაცია ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რომ მივიღოთ მონაწილეობა ერთიან ეროვნულ გამოცდებში. თუ ვადებს გავუშვებთ ხელიდან, უბრალოდ ვერ მოვახერხებთ გამოცდებში მონაწილეობას. ყველა აბიტურიენტს ვთხოვ, ყურადღებით მოეკიდოს ამ პროცესს.

არის ცალკეული შემთხვევები, როცა აბიტურიენტებს ავიწყდებათ შენახვის ღილაკზე დაჭერა და ასეთ შემთხვევაში მონაცემები ჩვენს ბაზაში არ აისახება. ამისგან თავის დასაცავად, ჩვენი პროგრამა ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში აბიტურიენტს ელექტრონულ ფოსტაზე ავტომატურად უგზავნის შეტყობინებას, რაც იმის დამადასტურებელია, რომ აბიტურიენტების მონაცემები ან მის მიერ შეტანილი ცვლილებები ასახულია ჩვენს პროგრამაში. თუ აბიტურიენტი ელექტრონულ მისამართზე შეტყობინებას არ მიიღებს, ეს იმის მანიშნებელია, რომ ის აუცილებლად კიდევ ერთხელ უნდა ეწვიოს საკუთარ გვერდს და შეამოწმოს, სრულად გაიარა თუ არა რეგისტრაცია ან განახორციელა თუ არა სასურველი ცვლილება", - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

გარდა ამისა, მაია მიმინოშვილი აბიტურიენტებს ურჩევს, რეგისტრაციის გავლის პერიოდიდან აგვისტომდე ყურადღება მიაქციონ ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალს.

"რეგისტრაციის გავლის დროს ბუნებრივია, აბიტურიენტები იხილავენ იმ უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალს, რომლებსაც აქვთ ავტორიზაცია და გავლილი აქვთ აკრედიტაცია დღევანდელი მონაცემებით, მაგრამ აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალი შეიძლება შეიცვალოს. აქედან გამომდინარე, ყველა აბიტურიენტის საყურადღებოდ მინდა ვთქვა, აუცილებლად მიადევნონ თვალი რეგისტრაციის პერიოდში ამ ცვლილებებს. დიდი ალბათობით, ჩამონათვალი უმაღლესი სასწავლებლებისა შეიცვლება აგვისტომდე და ბუნებრივია, იმისთვის, რომ მათ შეცდომა არ დაუშვან, არ მიუთითონ ის უმაღლესი სასწავლებელი, რომელსაც შეიძლება შეუჩერდეს ავტორიზაცია და სადაც ჩარიცხვა ვერ განხორციელდება, უნდა შეამოწმონ პერიოდულობით უმაღლესი სასწავლებლების განახლებული ჩამონათვალი", - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

დღეს, 15:00 საათიდან 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად აბიტურიენტების რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაციის პირველი ეტაპი 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

myquiz