საქართველოში ჩინური ენა თანდათან უფრო პოპულარული ხდება - მას 16 საჯარო სკოლაში უკვე ასწავლიან | Allnews.Ge

საქართველოში ჩინური ენა თანდათან უფრო პოპულარული ხდება - მას 16 საჯარო სკოლაში უკვე ასწავლიან

დღეს, როდესაც ცხოვრების ტემპი ასეთი აჩქარებულია, ვცდილობთ, რაც შეიძლება ბევრი რამ მოვასწროთ, მომავალი სწორად დავგეგმოთ და წარსულში მიღებული ცოდნა მაქსიმალურად გამოვიყენოთ, ყველაზე ძვირად ერთი რამ ფასობს - დრო. სწორედ ამიტომ, ყველაზე ძვირფასი რამ იმაში უნდა დავხარჯოთ, რაც მომავალში გამოგვადგება, ეს კი თანამედროვე მსოფლიოსთვის უკვე ჩინური ენის შესწავლა ხდება. აღნიშნულ ტენდენციას კი საქართველო ფეხს ნელ-ნელა უწყობს.

ჩინურ ენას, რომელიც მსოფლიოს 10 ყველაზე რთული და ამავე დროს გამოსადეგი ენის სიაშია, თბილისის 16 საჯარო, მათ შორის 89-ე, 64-ე, 49-ე სკოლებში, დაახლოებით 400 მოსწავლე სწავლობს. როგორც "ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად" პროგრამის მენეჯერი, თეა ვახტანგაძე Allnews.ge-სთან საუბარში განმარტავს, ჩინური ენის შემსწავლელი მოსწავლეების რაოდენობა ბოლო წლებში მზარდია.

მანდარინი ანუ ჩინური ენა ინგლისურ ენასთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული ხდება. ამ ენაზე მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მეტყველებს. გარდა ამისა, მილიარდერები უკეთესი მომავლის შესაქმნელად, შვილებს ჩინურ ენას ასწავლიან. ამისი მაგალითია Quantum Fund-ის დამაარსებლის, ჯიმ როჯერსის შემთხვევა. როდესაც მას შვილები შეეძინა, გადაწყვიტა, რომ ჩინური ენის შესწავლა ერთ-ერთი საუკეთესო რამ იქნებოდა, რასაც მათთვის გააკეთებდა, ამიტომ ბარგი ჩაალაგა და ოჯახთან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გადავიდა საცხოვრებლად.

რატომ ასწავლიან მილიარდერები შვილებს ჩინურს?

როგორც საქართველოში არსებული ტენდენცია გვიჩვენებს, არამხოლოდ ამერიკელი, არამედ ქართველი მშობლებიც შვილებისთვის ჩინური ენის შესწავლით აქტიურად ინტერესდებიან. "ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად" პროგრამის მენეჯერის, თეა ვახტანგაძის განმარტებით, საქართველოს საჯარო სკოლებში ჩინური ენის წრეები არსებობს, რომლის წევრობაც ნებაყოფლობითია. წრეებში გაკვეთილებს ჯამში 20 მოხალისე ჩინელი მასწავლებელი ატარებს. თეა ვახანტაძის თქმით, ჩინურის შესწავლით დაინტერესება ნელ-ნელა იზრდება, შესაბამისად, როგორც მოსახლისე მასწავლებელთა, ისე წრეების რაოდენობაც იმატებს.

"2012 წელს ჩინეთის კონფუცის ინსტიტუტთან გავაფორმეთ მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც ინსტიტუტს უნდა უზრუნველყო კვალიფიციური მოხალისე კადრების გამოგზავნა. 2013 წელს საქართველოში 10 მოხალისე მასწავლებელი ჩამოვიდა, შემდეგ მათი რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდა, 2018-2019 წლებში კი დაგეგმილია, რომ ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. ჩინური ენის შესწავლით დაინტერესებულთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, სკოლების ადმინისტრაციები, რომელთაც სურვილი აქვთ, რომ ამ პროგრამაში ჩაერთონ, თვითონ გვიკავშირდებიან. ეს არის ჩვენ მიერ დაინტერესებულთათვის შეთავაზებული უფასო სერვისი, ხოლო მასწავლებლების ცხოვრების ხარჯებს თვითონ კონფუცის ინსტიტუტი აფინანსებს. ალბათ მოსწავლეებში ჩინური ენის მიმართ ინტერესი და მოთხოვნა სწორედ ამან გაზარდა, რადგან ყოველწლიურად პროგრამას 5-6 სკოლა ემატება" - განმარტავს ის.

ენები, რომლებიც ყველაზე მეტად გამოგვადგება

თეა ვახანგაძის ინფორმაციით, ჩინური ენის შესწავლის პროგრამაში, სირთულიდან გამომდინარე ძირითადად, ზედა საფეხურის მოსწავლეები არიან ჩართულები, თუმცა წრეებში დაწყებითი კლასის მოსწავლეების რაოდენობა არც ისე მცირეა.

"ენის შემსწავლელი გაკვეთილები ძალიან საინტერესო და ტექნიკურად გამართულია. მოსწალვეები ენას მრავალფეროვანი და ინოვაციური მეთოდებით ითვისებენ" - აღნიშნავს თეა ვახტანგაძე.

მანდარინი (ჩინური ენა) საკმაოდ სფეციფიკური გრამატიკით ხასიათდება. ვიეტნამური ენის მსგავსად, ამ ენაში ზმნებს ყველა დრო არ აქვს. ჩინურ ენაში მნიშვნელობა ენიჭება ბგერის ტონს, ორი სხვადასხვა ტონით ნათქვამი ერთი და იგივე სიტყვას სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. წერითი სისტემა კი თავისი სირთულებიით ყველასთვის ცნობილია. ანბანის ნაცვლად ჩინური დამწერლობა სიმბოლოებს იყენებს. ერთი სიმბოლო შეიძლება მთელ სიტყვას ნიშნავდეს.

myquiz