არის თუ არა რელიგიის გაკვეთილები სავალდებულო საგანი ევროპის და ამერიკის სკოლებში? | Allnews.Ge

არის თუ არა რელიგიის გაკვეთილები სავალდებულო საგანი ევროპის და ამერიკის სკოლებში?

სკოლებში რელიგიის სწავლება მას შემდეგ გახდა კვლავ აქტუალური, რაც განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ შესაძლოა, რელიგიის გაკვეთილები აღდგეს. ჩხენკელი არ აკონკრეტებს რელიგიის გაკვეთილები იქნება თუ არა სავალდებულო და რა ფორმით ჩატარდება გაკვეთილები, თუმცა, საზოგადოების მხრიდან მის ან განცხადებას რეზონანსი მოჰყვა. მშობელთა აზრი ორად არის გაყოფილი. მანამ კი ვიდრე საკითხზე საქართველოში გადაწყვეტილებას მიიღებენ, Allnews.ge დაინტერესდა როგორ ისწავლება რელიგია ევროპისა და ამერიკის საჯარო სკოლებში. ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე ქვეყნის მაგალითს:

ინგლისი

ინგლისში დაწყებით და საშუალო სკოლაში რელიგიის გაკვეთილები სავალდებულო საგანია. სკოლებში რელიგიის პროგრამები ადგილობრივი ეროვნული წესების შესაბამისად არის შედგენილი.

ინგლისის ყველა საჯარო სკოლა ვალდებულია რელიგიის გაკვეთილები ჩაატაროს, თუმცა აირჩევს თუ არა ამ საგანს მოსწავლე მისი გადასაწყვეტია. რელიგიის გაკვეთილეზე მოსწავლეები სხვადასხვა რელიგიის ისტორიას სწავლობენ.

მიუხედავად ამისა, სასწავლო გეგმაში უპირატესობა ქრისტიანულ ცხოვრებას უჭირავს. გარდა ამისა, თუ კლასში მოსწავლეების 51 პროცენტი ქრისტიანია, სკოლა ვალდებულია მოსწავლეებს ყოველდღიურად ლოცვა შეასრულებინონ. მიუხედავად იმისა, რომ სკოლა ვალდებულია რელიგიის გაკვეთილები ჩაატაროს, თითოეულ მშობელს აქვს უფლება შვილი რელიგიის გაკვეთილზე არ ატაროს.

საფრანგეთი

საფრანგეთში რელიგიის გაკვეთილები არ ფინანსდება. გამონაკლისია ალსეზ-მოსელის ტერიტორია, სადაც ისტორიული მიზეზები გამო (ამ ტერიტორიას გერმანია მართავდა) ადგილობრივი კანონმდებლობით, საჯარო სკოლაში ზოგიერთი რელიგიის სწავლებას მხარს უჭერს. ამ ტერიტორიაზე ისწავლება შემდეგი რელიგიები - კათოლიკური, პროტესტანტული და ებრაული.

გერმანია

გერმანიაში რელიგიური განათლება ფედერაციული მხარეების კანონმდებლობით რეგულირდება. ამ ქვეყანაში თითქმის ყველა სკოლას აქვს ვალდებულება რელიგია ასწავლონ. რელიგიური გაერთიანებები კი რელიგიის სწავლების შინაარსზე არიან პასუხისმგებელნი. ეს გაერთიანებები ძირითადად რომაულ კათოლიციზმად და პროტესტანტიზმად იყოფა. ზოგიერთ ფედერალურ მხარეში დომინანტი რელიგია არის მართლმადიდებლობაც. ბერლინში, ბრემენში და ბრანდერბურგში, რელიგიური განათლება სავალდებულო არ არის.

ბავშვები, რომლებიც სხვა აღმსარებლობის არიან, მათ შეუძლიათ რელიგიის ნაცვლად ეთიკისა და ფილოსოფიის გაკვეთილებს დაესწრონ, რომელსაც 14 წლამდე ბავშვის შემთხვევაში მშვობელი იღებს გადაწყვეტილებას, 14 წლის ზემოთ კი მოსწავლეები თავად იღებენ გადაწყვეტილებას.

აშშ

აშშ-ის კონსტიტუციის თანახმად ქვეყანაში რელიგიური თავისუფლებაა. 1962 წელს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ საჯარო სკოლებში ლოცვა და ქადაგება აკრძალა. ზოგიერთმა სკოლამ სასწავლო საგანთა შორის ბიბლიის შემსწავლელი კურსი მაინც შემოიღო, რომელიც სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო. ახლა აშშ-ში საჯარო სკოლის მოსწავლეებს უფლება აქვთ რელიგიური კლუბების შექმნა და სასწავლო საათების შემდეგ მსგავს კურსებზე სიარული. ზოგიერთი მშობელი თვლის, რომ ეს საკმარისი არ არის და შვილებს კერძო რელიგიურ სკოლებში გზავნიან.

აშშ-ის კანონების მიხედვით საჯარო სკოლებში რელიგიური სწავლება აკრძალულია, თუმცა სპეციალურ კერძო კოლეჯებში და უმაღლესი რელიგიურ სასწავლებლებში დაშვებულია.

საბერძნეთი

საბერძნეთის საჯარო სკოლებში მოსწავლეები ბერძნულ მართლმადიდებლობას სწავლობენ. თუმცა, მშობლების თანხმობით, მათ შეუძლიათ გაკვეთილებზე უარი თქვან.

ლატვია

ლატვიაში 2004 წლიდან პირველიდან მესამე კლასის ჩათვლით მშობელს შეუძლია არჩევანი გააკეთოს რელიგიასა და ეთიკას შორის.

პოლონეთი

პოლონეთის საჯარო სკოლებში რელიგიის გაკვეთილები არსებობს, თუმცა მშობელს შეუძლია არჩიოს ან რელიგიის გაკვეთილი, ეთიკა ან არც ერთი.

რუმინეთი

რუმინეთის საჯარო სკოლებშიც სავალდებულოა რელიგიის სწავლება, თუმცა მშობელი ირჩევს თუ რომელ რელიგიას ისწავლის მისი შვილი. სკოლებში დომინანტი რელიგია მარლთმადიდებლობაა.

myquiz