რამდენმა მასწავლებელმა გადაინაცვლა მომდევნო საფეხურზე ორი წლის განმავლობაში? | Allnews.Ge

რამდენმა მასწავლებელმა გადაინაცვლა მომდევნო საფეხურზე ორი წლის განმავლობაში?

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა უკვე ორი წელია მოქმედებს. სქემის მიხედვით პედაგოგები 4 კატეგორიად - პრაქტიკოსად, უფროს, წამყვან და მენტორებად გადანაწილდნენ. პედაგოგებს სქემა საშუალებას აძლევს კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

როგორი შედეგი აქვს სქემას ორი წლის შემდეგ და რამდენმა პედაგოგმა შეძლო სტატუსის გაუმჯობესება. ამ თემაზე ALLNEWS.GE მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს, მანანა რატიანს ესაუბრა.

მისი თქმით, ამჟამად სისტემაში 44579 პრაქტიკოსი, 18768 უფროსი, 257 წამყვანი და 9 მენტორი პედაგოგია. 

მანანა რატიანი: მასწავლებელთა მიმართულებით ერთ-ერთი პირველი მსხვილი რეფორმა, რაც განხორციელდა ესაა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა. ამ სქემამ დაარეგულირა, თუ როგორი კვალიფიკაციის მასწავლებელი გვინდა რომ სისტემაში გვყავდეს, როგორ ხედავს სახელმწიფო თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს მასწავლებელი პროფესიულად და ამავე დროს კარიერული წინსვლით მასწავლებელს რა შესაძლებლობებს აძლევს.

ამ პერიოდის მანძილზე სისტემაში წამყვანი და მენტორი მასწავლებლებიც გამოჩნდნენ, ასევე პედაგოგი, რაც უფრო წინ მიიწევს ხელფასიც მატულობს. ამჟამად უფროსი მასწავლებლის დანამატს 320 ლარი, წამყვანისას 500 ლარს, ხოლო მენტორის დანამატს 700 ლარი შეადგენს.

სისტემამ რა ცვლილებაც მოიტანა ისაა რომ მასწავლებელთა შეფასება მხოლოდ ცენტრალიზებული არ არის. აქამდე პედაგოგთა კვალიფიკაციას და სტატუსს მხოლოდ გარე შეფასების სისტემა, გამოცდის კომპონენტი ადგენდა.

დღევანდელი შეფასების კომპონენტების უმრავლესობა სკოლის ბაზაზეა გადატანილი. ეს ერთგვარად სკოლაზე პასუხისმგებლობის გადატანას ნიშნავს. მასწავლებელი, რომელიც იქ მოღვაწეობს თავად სკოლამ უნდა შეაფასოს. რა თქმა უნდა, ეს სკოლის ბაზაზე პროფესიონალი გუნდის განვითარებას უწყობს ხელს.

კატეგორიაშია დაწინაურებისთვის პედაგოგი რას უნდა აკმაყოფილებდეს და რა დროა საჭირო?

სქემა საკმაოდ მოქნილია, იმისათვის რომ პედაგოგმა თავად განსაზღვროს თუ რა ტემპით იმუშავებს და პროფესიაში როგორ დაწინაურდება. ეს შეიძლება ძალიან სწრაფად 6 თვეშიც გააკეთოს და შესაძლოა 2-3 წელიც მოანდომოს.

რაც შეეხება აქტივობებს, ეს ძირითადად მოსწავლის გარშემოა ორიენტირებული. ყველა აქტივობა მიმართულია იქითკენ, რომ მოსწავლეებმა უკეთეს შედეგს მიაღწიონ.

მაგალითად, პროფესიული განვითარების მიმართულებით გათვალისწინებულია - კონფერენციები, სამუშაო შეხვედრები და ტრენინგები. ამას ისიც ემატება თუ როგორ გაკვეთილს ატარებს. მასწავლებელთა შეფასებაში არის ჩვეულებრივი გაკვეთილები, რასაც ის ყოველდღიურად ატარებს. ასევეა სამოდელო გაკვეთილები, რომელიც ინტეგრირებული და ინოვაციურია. გარდა ამისა არის გარე დაკვირვებისა და არაფორმალური განვითარების კომპონენტები, რაც პროექტებსა და სხვადასხვა აქტივობებს ითვალისწინებს. საბოლოო ჯამში ამ აქტივობებით პედაგოგი კრედიტ ქულებს აგროვებს, რაც პედაგოგს საშუალებას აძლევს კატეგორიაში დაწინაურდეს.

კატეგორიების მიხედვით პედაგოგები როგორ არიან გადანაწილებულები და დაწინაურების შემთხვევაში პედაგოგის განათლებას თუ აქვს მნიშვნელობა?

თავდაპირველი განაწილებისას შესაბამისი კრიტერიუმები დავაწესეთ. ყველა მასწავლებელს რომელსაც სახელმწიფოს წინაშე თავისი კომპენტენცია დადასტურებული არ ჰქონდა პრაქტიკოსებად გადანაწილდნენ. სერტიფიცირებულ პედაგოგებს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ, ხოლო წამყვანი პედაგოგები გახდნენ დოქტორები, რომლებიც ამავდროულად სერტიფიცირებულიც იყვნენ. თავდაპირველ პერიოდში მენტორი მასწავლებელი არ გვყოლია. თუმცა, ორი წლის შემდეგ სისტემაში ყველაზე მაღალი კატეგორიის მენტორის სტატუსი მქონე 9 პედაგოგიც გამოჩნდა.

სისტემაში შესასვლელად დაწესებულია გარკვეული საკვალიფიკაციო მოთხოვნები - ესენია საგნობრივი და პედაგოგიური კვალიფიკაცია. ეს შეიძლება მოხდეს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის ფარგლებში, ასევე საგნობრივი კვალიფიკაცია დადასტურებული უნდა ჰქონდეს.

რაც შეეხება უშუალოდ უკვე სისტემაში მყოფ პედაგოგებს, არ აქვს მნიშვნელობა რომელ კატეგორიაში მოხვდნენ, კრედიტ ქულების დაგროვებით კატეგორიაში დაწინაურდებიან.

myquiz