"დაძალება გამოსავალი არ არის" - ფსიქოლოგი ზაზა ვარდიაშვილი გვირჩევს, როგორ მივაჩვიოთ ბავშვი მეცადინეობას
დაწყებით კლასებში ბავშვების ნაწილს ხშირად უჭირს იმის გაგება, რატომ უნდა შეასრულოს დავალება ყოველდღიურად და რატომ უნდა ისწავლოს, ამის გადასალახად კი მშობლები სხვადასხვა ხერხს მიმართავენ.
როგორ მივაჩვიოთ ბავშვი მეცადინეობას?
ამ საკითხზე Allnews.ge ფსიქოთერაპევტ, ზაზა ვარდიაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, ბავშვი სწავლობს მშობლების მაგალითით და საშინაო დავალებების მომზადების პროცესსა და მისი ლიტერატურით დაინტერესებისთვის ყველაზე ეფექტური ეს არის. ფსიქოთერაპევტი ამ მიმართულებით საკუთარ პრაქტიკას გვიზიარებს.
"ამ პრობლემით ბავშვები ჩემთან ხშირად მოჰყავთ. მაგალითად, მშობლები მოვიდნენ თავიანთ 7 წლის შვილთან ერთად, რომელსაც წიგნთან მიკარებაც კი არ უნდოდა, საბოლოოდ კი შევთანხმდით ასე: დედა და ბებია უნდა ყოფილიყვნენ სახლში და დღის განმავლობაში ეკითხათ. როდესაც ისინი ამ პერიოდის განმავლობაში კითხულობდნენ, ბავშვი წინააღმდეგობრივად მხოლოდ სამი დღის განმავლობაში იყო განწყობილი, მეოთხე დღეს კი წიგნი აიღო და ოჯახის წევრებს გვერდით მიუჯდა. ეს შემთხვევაც გვიჩვენებს, რომ მაგალითის ჩვენება ყველაზე მნიშვნელოვანია", - განმარტავს ზაზა ვარდიაშვილი.
ფსიქოთერაპევტის თქმით, ბავშვისთვის მეცადინეობაში ხელისშემშლელი შეიძლება, ტექნიკაც იყოს, ამიტომ ზომიერების დაცვა ამ მხრივ მნიშვნელოვანია.
"ძალიან ხშირად მშობლებს მოჰყავთ 4 წლის ბავშვი და სიამაყით მეუბნებიან, რომ მას თავად შეიუძლია ნებისმიერი ტექნიკის გამოყენება, ყველაფერს თვითონ რთავს და ა.შ, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ კი მოჰყავთ იგივე ბავშვი იმ პრობლემებით, რომ ვერ აშორებენ ტელეფონს, კომპიუტერს... ეს სწორედ იმის შედეგია, რომ რასაც მცირე ასაკში ბავშვში ჩადებენ, იმას იღებენ ხოლმე მოგვიანებით," - აღნიშნავს ის.
ზაზა ვარდიაშვილის თქმით, თუ ბავშვს მეცადინეობა არ სურს, დაძალება გამოსავალი არ არის, რადგან ამან შეიძლება, პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავოს. მისი განმარტებით, ასეთ შემთხვევებში შეიძლება ბავშვის ნიჭის აღმოჩენაც და მისი განვითარებისთვის ხელის შეწყობა.
"მთავარია გავიგოთ ის, რომ უნიჭო ბავშვი არ არსებობს. შესაძლებელია, ის ანალიტიკური უნარების პატრონი არ იყოს, მაგრამ ჰქონდეს ხატვის, სიმღერის ან სპორტის ნიჭი და ა.შ. მშობელმა იპოვნოს, ბავშვს რისი ნიჭი აქვს და იმაზე უნდა გააკეთოს აქცენტი" - განმარტავს ის.
ფრაზები, რომელიც ბავშვს ხშირად უნდა უთხრათ - ფსიქოლოგის რჩევები
ფსიქოთერაპეტი გამოყოფს მშობლის იმ ძირითად ქმედებებსაც რაც ბავშვზე ცალსახად ნეგატიურად მოქმედებს:
"ეს არის მისი სხვა ბავშვებისთვის შედარება, მუქარა, რომ წავა და მიატოვებს და თქმა, რომ მის გამო ცუდადაა, თავის სტკივა და ა.შ. ასევე არც ის მიდგომაა სწორი, ბავშვს წინასწარ რაღაცებს რომ ჰპირდებიან და თუ მაგალითად, იმეცადინებს, შემდეგ რაღაცას აჩუქებენ", - დასძენს ის.
მისი შეფასებით, დღეს წიგნების წასაკითხად, როგორც წესი, ვერ ვიცლით, მათ შორის, სკოლის საგნებისა და ლიტერატურის ინტერესით არც ბევრი ბავშვი გამოირჩევა, ამიტომ მათი მოტივირება ძალიან მნიშვნელოვანია.
"მოტივაციის ამაღლება უნდა იყოს ორიენტირებული პროცესზე და არა მაგალითად შედეგზე, რომ ბავშვმა მაღალი ქულა მიიღოს ანუ აქცენტი უნდა გაკეთდეს ცოდნის მიღებაზე. მთავარია, არ გადავტვირთოთ, მასზე ზედმეტი ზეწოლა არ მოვახდინოთ. გადატვირთვაში იგულისხმება ბავშვისთვის იმაზე მეტი მასალის მიცემა, ვიდრე მას ამის დაძლევა შეუძლია, ყველა ინდივიდუალურია, ამიტომ შესაბამისი პროგრამის შერჩევას საჭიროებ", - აღნიშნავს ის.
რაც შეეხება დაზეპირების მეთოდს, რაც განათლების ექსპერტების ნაწილისა და ყოფილი განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავასგან კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა, ზაზა ვარდიაშვილის თქმით, როგორც ბაღის, ისე სასკოლო ასაკში, თუ ამას დაძალების ფორმა არ აქვს, ბავშვზე დადებითაც აისახება, რადგან ვერბალურ აპარატს ავითარებს.