ვინ არის მიხეილ ჩხენკელი, რომელიც ალექსანდრე ჯეჯელავას ჩაანაცვლებს | Allnews.Ge

ვინ არის მიხეილ ჩხენკელი, რომელიც ალექსანდრე ჯეჯელავას ჩაანაცვლებს

განათლების მინისტრის პოსტს, ალექსანდრე ჯეჯელავას ნაცვლად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი დაიკავებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სტრუქტურული და საკადრო ცვილლებების მიხედვით, განათლების სამინისიტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის კომპონენტი. რაც შეეხება მიხეილ ჩხენკელს, პრემიერის თქმით, მას კარგად იცნობენ აკადემიურ წრეებში, პროფესიით იგი მათემატიკოსია, - "მას საუკეთესო სწავლებისთვის მიღებული აქვს პენსილვანიის უნივერსიტეტის არაერთი ჯილდო. მიხეილ ჩხენკელს აქვს მჭიდრო პროფესიული კავშირები მრავალ უნვიერსიტეტთან, მათ შორის ჰარვარდის, ბრისტოლისა და სხვა უნივერსიტეტებთან", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ვინ არის მიხეილ ჩხენკელი?

მიხეილ ჩხენკელი აკადემიურ საქმიანობაში დიდი ხანია აქტიურადაა ჩართული, 2016 წლიდან კი თსუ-ის პრორექტორის პოზიციას იკავებდა.

მიხეილ ჩხენკელმა ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, სადაც იგი აკადემიკოს მუსხელიშვილის სახელობის სტიპენდიანტი იყო.

განათლებისა და მეცნიერების მომავალმა მინისტრმა აშშ-ში დაამთავრა პენსილვანიის უნივერსიტეტის დოქტორანტურა, სადაც მას მიენიჭა მათემატიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. აღსანიშნავია, რომ 20 წლის განმავლობაში ჩხენკელი აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში ასწავლიდა, მიღებული აქვს საპროფესორო ოსკარი და პენსილვანიის უნივერსიტეტის 9 ჯილდო საუკეთესო სწავლებისთვის, ასევე Goldman Sachs-ის ფონდის პრემია.

ასევე მიხეილ ჩხენკელი ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოცემული წიგნების რეცენზენტი და სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოებების წევრია. ამავე ქვეყანაში მუშაობისას მიხეილ ჩხენკელი იყო მათემატიკის დეპარტამენტის კომპიუტინგის კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორთა სენატის წევრი, მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების საკონკურსო კომიტეტების წევრი, ტექნოლოგიის, ანალიტიკური აზროვნების, აკადემიური სტანდარტების კომიტეტების წევრი, ამერიკის მათემატიკური საზოგადოების სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციების ჟიურის წევრი, სამეცნიერო-კვლევითი კონფერენციების და მათემატიკური ოლიმპიადების ორგანიზატორი, Cengage Learning-ის მრჩეველი და გოლდვოტერის პრემიის კომიტეტის წევრი.

აღსანიშნავია, რომ განათლების ახალი მინისტრი აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციებში, მათ შორის ამერიკის მათემატიკური საზოგადოების და ამერიკის მათემატიკური ასოციაციის სამეცნიერო კონფერენციებში.

მიხეილ ჩხენკელი არის ამერიკის უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის წევრი.

აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ გაცხადებული სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები განსახილვევად საქართველოს პარლამენტს უნდა წარედგინოს.

myquiz