რა სიახლეებია მოსალოდნელი საჯარო და კერძო ბაგა-ბაღებში? | Allnews.Ge

რა სიახლეებია მოსალოდნელი საჯარო და კერძო ბაგა-ბაღებში?

სკოლამდელ დაწესებულებებში განათლების ხარისხის ასამაღლებლად საქართველოს მთავრობამ შესაბამისი სტანდარტები დააწესა. სტანდარტები როგორც აღმზრდელ–პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებას, ისე ბავშვებისთვის განათლების ამაღლებასა და სკოლისთვის შესაბამისი უნარების შეძენაში დაეხმარება.

კონკრეტულად რა ცვლილებებია მოსალოდნელი საჯარო და კერძო ბაგა-ბაღებში? – ამის შესახებ Allnews.ge თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, თემურ თორდინავას ესაუბრა.

რა ცვლილებები დამტკიცდა ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონში?

ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონი მოიცავს მთელი რიგი ტექნიკური რეგლამენტებისა და ნორმატიული აქტების შემუშავებას კონკრეტული თვითმმართველობების მიერ.

პირველი სტანდარტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის აღმზრდელი პედაგოგის პროფესიული სტანდარტი, რომლის შესაბამისად, გათვალისწინებულია თუ რა უნარ–ჩვევებს უნდა ფლობდეს აღმზრდელ–პედაგოგი ადრეულ და სკოლამდელი აღზრდა–განათლების დაწესებულებებში, რა კვალიფიკაცია უნდა გააჩნდეს მას. ყველაზე მნიშვნელოვანი სტანდარტის შინაარსში არის ის, რომ ეს სავალდებულოა როგორც საჯარო, ასევე კერძო საბავშვო ბაღებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული სტანდარტი ერთიან ჩარჩოში აქცევს საჯარო და კერძო ბაღებს.

მთავარი კომპონენტი აღმზრდელ–პედაგოგის პროფესიულ სტანდარტში არის ის, რომ რეალურად, 2024 წლის პირველ სექტემბრამდე დასაქმებული ადამიანებისთვის აუცილებელი არ არის, პედაგოგის ბაკალავრის ხარისხი ჰქონდეს, ანუ შესაძლებელია, ბაკალავრის ხარისხის მქონე ნებისმიერი პროფესიის ადამიანი, შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციის მიღების შემდეგ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში დასაქმდეს, ხოლო 2024 წლის პირველი სექტემბრიდან სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით უმაღლესი განათლება უკვე აუცილებლად უნდა ჰქონდეს მიღებული.

აღნიშნული სტანდარტი 2024 წლიდან იმიტომ იგეგმება, რომ ეს უმაღლესი სასწავლებლებისთვის ერთგვარი შესაძლებლობაა, რომ მათ თავიანთ პროგრამებში აღმზრდელ–პედაგოგის საბაკალავრო პროგრამები დანერგონ და ამ პერიოდის განამვლობაში ამ მიმართულებით დეფიციტი არ შეიქმნას.

დაინერგება თუ არა ახალი სტანდარტები ბავშვების აღზრდისა და მომზადების მეთოდოლოგიაში?

მეორე სტანდარტი არის ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტი, რომელიც ჩაშლილად, მოიცავს სამ სტადარტს, მათ შორის პირველი სტანდარტი მოიცავს 0–დან 2 წლამდე პერიოდს, მეორე ბაგის ასაკის ბავშვს, ანუ 2–დან 3 წლამდე ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტს და მესამე ნაწილი განსაზღვრავს 3–დან 5 წლამდე ბავშვის აღზრდისა და განათების სტანდარტს.

სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტი, რომელიც უკვე ორი წელია თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში დაინერგა, მოიცავს პერიოდს 5 წლის ასაკიდან სკოლაში შესვლის პერიოდამდე ასაკს.

მესამე კი არის ადრეული და სკოლამდელი დაწესებულებების გარემოსა და სასწავლო აღმზრდელობითი ხარისხის სტანდარტი. აქ არის უსაფრთხოების კომპონენტი, მეთოდოლოგიები, ფიზიკური გარემო, საგანმანათლებლო პროცესი, ოჯახისა და მშობლების ურთიერთობა საბავშვო ბაღის პერსონალთან. ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ინკლუზია და ა.შ.

როდიდან დაინერგება უკვე დამტკიცებული სტანდარტები თბილისის ბაგა–ბაღებში?

სასკოლო მზაობის პროგრამა თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში უკვე დანერგილია, ხოლო რაც შეეხება ყველა სტანდარტის დანერგვასა და განვითარებას, ამას ეტაპობრივად განვახორციელებთ. ვფიქრობ, რომ 2018 წელი ამ კონკრეტული სტანდარტების დანერგვისა და განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წელი იქნება, შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი სააღმზრდელო წლიდან აღნიშნული მიმართულებით ბევრად მეტი სიახლე გვექნება, ვიდრე წელს.

როგორ აისახება ბავშვებზე აღნიშნული ცვლილებები?

ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის ერთ–ერთი მთავარი ასპექტი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საგანმანათლებლო კომპონენტის განვითარებაა. ვფიქრობ, ამ სტანდარტების დანერგვით, საბავშვო ბაღებში საგანმანათლებლო კომპონენტი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც ჩვენი პატარების უფრო მეტად განვითარებასა და მათთვის ბევრად უფრო თანამედროვე სტანდარტების სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფს.

myquiz