საღეჭი რეზინი, ჩიფსი და კრემიანი ნამცხვარი - კიდევ რა არ გაიყიდება სკოლის ბუფეტებში ახალი სასწავლო წლიდან? | Allnews.Ge

საღეჭი რეზინი, ჩიფსი და კრემიანი ნამცხვარი - კიდევ რა არ გაიყიდება სკოლის ბუფეტებში ახალი სასწავლო წლიდან?

ახალი სასწავლო წლიდან სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა იკრძალება. როგორც ეკონომიკური პორტალი bpn.ge წერს, შესაბამისი ბრძანება განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას უკვე გამოცემული აქვს.

ბრძანების თანახმად, სასკოლო კვების ორგანიზებისას აიკრძალება - საღეჭი რეზინის, კანფეტების, შოკოლადის, არომატიზებული წასახემსებლების (მაგალითად ჩიფსები, ჟელიბონი და ა.შ.) გაყიდვა, გარდა თხილეულის, ხილისა და ბოსტნეულის, რომელთაც მარილი, შაქარი ან ცხიმი აქვთ დამატებული. იკრძალება ასევე - მაიონეზით შეზავებული პროდუქციის, სოკოს, ასევე დაკონსერვებული პროდუქტების, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმის, მინერალური წყლის გარდა სხვა გაზიანი სასმელების, თერმულად დაუმუშავებელი კვერცხის გაყიდვა.

ამასთან, ბრძანებაში აღნიშნულია ის პროდუქტები, რომელთა გამოყენებაც სკოლის ბუფეტებში მიზანშეწონილი იქნება. ამ პროდუქტების ჩამანათვალი ასე გამოიყურება: ხილი და ბოსტნეული; წყალი, ხილის წვენი, ხილის კომპოტი, კისელი, ფერმენტირებული რძის სასმელი (იოგურტი), ხილის წვენითა და დაბალცხიმიანი რძით ან იოგურტით დამზადებული სასმელები (სასურველია გამდიდრებული კალციუმით), ჩაი და კაკაო.

აღნიშნული ბრძანების პირობების შესრულების მონიტორინგს სკოლებში დირექციასთან ერთად განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველო განახორციელებს.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს" განათლების სამინისტროში განუცხადეს, დარღვევის შემთხვევაში ბიზნესოპერატორთან გაფორმებული ხელშეკრულება მომენტალურად გაუქმდება.

მინისტრის ბრძანება 5 მაისით თარიღდება.

myquiz