თბილისის მერია სოციალურად დაუცველ სტუდენტებს დააფინანსებს | Allnews.Ge

თბილისის მერია სოციალურად დაუცველ სტუდენტებს დააფინანსებს

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად პირველი სექტემბრიდან საბუთების მიღებას იწყებს.

მერიის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაფინანსდებიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000-ზე ნაკლებია და სწავლობენ სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ, აკრედიტებულ, სახელმწიფო ან კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე.

ახალი წესის შესაბამისად მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები სასწავლო გრანტის ფარგლებში 50%- დან 100%-მდე დაფინანსდებიან.

"დაფინანსების მისაღებად სტუდენტმა მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: პირადობის მოწმობის ასლი; ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან; ცნობა უნივერსიტეტიდან წლიური გადასახადის მითითებით; უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა; უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა); I სემესტრის სტუდენტებისათვის სავალდებულოა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულებისა და შედეგების შესახებ ცნობა; რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა); სამოტივაციო წერილი;

2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დაფინანსებისთვის განცხადებები მიიღება მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება", - წერია მერიის განცხადებაში.

myquiz