ალექსანდრე ჯეჯელავა - გამოცდები სტრესული საქმეა და იქაც, სადაც კონდიცირებაა, გულის წასვლა და ბევრი ასეთი რამ ხდება | Allnews.Ge

ალექსანდრე ჯეჯელავა - გამოცდები სტრესული საქმეა და იქაც, სადაც კონდიცირებაა, გულის წასვლა და ბევრი ასეთი რამ ხდება

იმედი გვაქვს, დროთა განმავლობაში ყველა ჩვენი ცენტრი კონდიცირებული იქნება, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მშობლების უკმაყოფილებას, რომ ეროვნულ გამოცდებზე კონდიციონერებს არ რთავენ და ერთ-ერთ აბიტურიენტს გამოცდაზე გული წაუვიდა.

მინისტრის განმარტებით, ზოგან ტექნიკური, ზოგან კი, სხვა სახის პრობლემაა.

"გამოცდები ძალიან სტრესული საქმეა და სამწუხაროდ, იქაც, სადაც კონდიცირება არის, გულის წასვლა და სხვა სტრესის გამო ძალიან ბევრი ასეთი რამ ხდება, რაც ძალიან სამწუხაროა. სიცხე ნამდვილად არის პრობლემა, თან სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ სწორედ ეროვნული გამოცდების დაწყებას დაემთხვა ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება. საგამოცდო ცენტრები ადრე სხვადასხვა ადგილას იყო. ბოლო წლებში დავიწყეთ თავმოყრა, ერთსა და იმავე ადგილებში ტარდება ეროვნული გამოცდები.

იმედი გვაქვს, დროთა განმავლობაში ყველა ჩვენი ცენტრი კონდიცირებული იქნება. რაც შეეხება კითხვას, რომ კონკრეტულ ადგილებში კონდიციონერს არ რთავენ, ზოგან ტექნიკური პრობლემაა, ზოგან სხვა სახის პრობლემაა და სამწუხრაოდ, ისეთი ვითარებაც გვაქვს, როდესაც ვიღაცას ხელს უშლის, პირიქით, პრობლემაა. ეს უდავად არის რაღაც, რის გამოსწორებაზეც ჩვენ უნდა ვიმუშავოთ", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

myquiz