ასრულებს თუ არა ჯეჯელავა დაპირებას | Allnews.Ge

ასრულებს თუ არა ჯეჯელავა დაპირებას

გამომცემლები და განათლების სამინისტრო სახელმძღვანელოების გრიფირების წესზე ვერ თანხმდებიან. გამომცემლების თქმით, მეორდება გიორგი მარგველაშვილის დროინდელი პრაქტიკა, როცა გამომცემლებს სახელმძღვანელოების ბეჭდვის უფლება ჩამოართვეს და ბავშვებს უფასო სახელმძღვანელოები დაურიგეს.

თუმცა "უფასო სახელმძღვანელოების" პროექტმა სახე ძალიან მალე იცვალა და ყოველ წელს სკოლის მოსწავლეებს მერხებზე, ხშირ შემთხვევაში, ძველი და სწავლისთვის გამოუსადეგარი სახელმძღვანელოები ხვდებოდათ, რის გამოც მათი შეძენა "შავ ბაზარზე" მშობლებს უწევდათ. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ სამინისტრო წლიდან წლამდე სულ უფრო ნაკლებ სახელმძღვანელოს ბეჭდავდა, თუმცა ჯიუტად არც იმას აღიარებდა, რომ მოსწავლეების მნიშვნელოვან ნაწილს დაქსეროქსებული წიგნებით უწევდა სწავლა.

მოქმედი მინისტრის ერთ-ერთი პირველი დაპირება სწორედ სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებასა და წონის შემსუბუქებას ეხებოდა. თუმცა გამომცემლებთან გამართული 28 შეხვედრის შემდეგაც კი ვერ ხერხდება შეთანხმება მთავარზე - გრიფირების წესზე. გამომცემლების განმარტებით, სამინისტრო მათგან ისევ მხოლოდ ე.წ. კონტენტს ითხოვს, ხოლო წიგნების ბეჭდვის უფლებას თავად იტოვებს. ეს კი გამომცემლების შეფასებით, სახელმძღვანელოების "შავ ბაზარს" წაახალისებს, ხელს შეუწყობს კორუფციულ გარემოსა და ხელოვნური მონოპოლიების შექმნას.

ვიდრე გამომცემლები და სამინისტრო შეხვედრებს უშედეგოდ მართავენ, ცნობილი ხდება, რომ მომავალი სასწავლო წლისთვის ვერ მოესწრება ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული განახლებული სახელმძღვანელოების დაბეჭდვა I-VI კლასებისთვის, ამიტომ მოსწავლეებს ისევ ძველი და ზოგჯერ, ალბათ, დაქსეროქსებული სახელმძღვანელოებით სწავლა მოუწევთ.

"წარმატებული გრიფირების შემთხვევაშიც არ ვიცით, შეიძენს თუ არა სამინისტრო ჩვენგან სახელმძღვანელოებს"

თინათინ მამულაშვილი, "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" დირექტორი: "1996 წლიდან დაიწყო სახელმძღვანელოების რეფორმა და თავისუფალი ბაზრის გახსნა. მანამდე ერთი სახელმძღვანელოთი ისწავლებოდა ყველა სკოლაში. ვითარება თანდათან შეიცვალა. ჯერ დაუშვეს ორი ალტერნატიული სახელმძღვანელო, ხოლო შემდეგ - რამდენიმე. ამას მოჰყვა ქართველი ავტორებისა და გამომცემლების კვალიფიკაციის ამაღლება, სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესება, კონკურენტული გარემოს შექმნა. ნებისმიერ სკოლას შეეძლო არჩევა რამდენიმე სახელმძღვანელოს შორის. ყველა ამ ეტაპზე ქართველი გამომცემლები აქტიურად იყვნენ ჩართული და პარტნიორული ურთიერთობა ჰქონდათ განათლების სამინისტროსთან. საბოლოო მიზანი ის იყო, რომ მოსწავლეებს მიეღოთ თანამედროვე ხარისხიანი სახელმძღვანელო, დაფუძნებული თანამედროვე სტანდარტებზე და შექმნილი ქართველი ავტორების მიერ. მთელი ეს ოცწლიანი გამოცდილება წყალში ჩაიყრება, თუ გამომცემლობები სახელმძღვანელოების შექმნის პროცესს ჩამოშორდებიან.

ბოლო 6 თვის განმავლობაში მინისტრთან ინტენსიური შეხვედრებისას განიხილებოდა და იურიდიულად მუშავდებოდა გრიფირების ისეთი წესი, რომლის თანახმადაც, გრიფირების კონკურსში მონაწილე გამომცემლები შექმნიდნენ სახელმძღვანელოებს, ბეჭდავდნენ და წინასწარ დადგენილი საფასურის სანაცვლოდ გადასცემდნენ სამინისტროს.

ახალგამოქვეყნებული წესის თანახმად კი, ჩვენი ხარჯებით უნდა შევქმნათ სახელმძღვანელო, რაც ურთულესი, შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია, დავაბანდოთ ინვესტიცია, მაგრამ თუნდაც წარმატებული გრიფირების შემთხვევაში, არ ვართ დარწმუნებული, შეიძენს თუ არა სამინისტრო ჩვენგან სახელმძღვანელოებს.

ამ ხნის განმავლობაში მტკივნეული იყო დისკრიმინაციის საკითხიც. მაშინ, როცა ჩვენი უფლებები ირღვეოდა, უცხოური გამომცემლობა პირდაპირი მიყიდვის წესით აწვდიდა ინგლისური ენის სახელმძღვანელოებს განათლების სამინისტროს. ვშიშობთ, მიუხედავად ახალი გრიფირების წესისა, სამინისტრო დისკრიმინაციულ პოლიტიკას კვლავ განაგრძობს.

თუკი სამინისტრო მზად არის, დაბეჭდილი სახელმძღვანელოები იყიდოს უცხოური კომპანიისგან, რატომ არის ეს შეუძლებელი ქართველი გამომცემლების შემთხვევაში?

საბოლოოდ, თუკი გამომცემლები ამ პროცესებს გამოეთიშებიან, კიდევ უფრო დაზარალდება საგამომცემლო სექტორი და ვერ შეძლებენ 2018 წელს საქართველოს ღირსეულად წარდგენას ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, სადაც საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსი ექნება".

"სახელმძღვანელოების შესყიდვის წესი ვერ უზრუნველყოფს ჯანსაღ კონკურენციას"

ლია შალვაშვილი, ბუნებისმეტყველების სახელმძღვანელოების ავტორი, გამომცემლობა "შემეცნების" დირექტორი: "სამწუხაროდ, სამინისტროს მიერ შემოთავაზებული გრიფირების პირობები და სახელმძღვანელოების შესყიდვის წესი ვერ უზრუნველყოფს ჯანსაღ კონკურენციას და ინტელექტუალური შრომის ადეკვატურ ანაზღაურებას. გამომცემლობა "შემეცნებას" დიდი სურვილი აქვს, საგანმანათლებლო მასალებში - სახელმძღვანელოს შინაარსსა და სწავლების მეთოდიკაში შეიტანოს ინოვაციები, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული აქტივობები, რასაც დაწყებითი საფეხურის თანამედროვე სწავლების მეთოდიკა აუცილებლად მოითხოვს, მაგალითად, სხვადასხვა მოდელს (მათ შორის ვირტუალურს), სამაგიდო თამაშებს, აუდიო-ვიდეომასალებს და ა.შ. თითოეული ეს კომპონენტი კი საკმაოდ დიდ ხარჯს მოითხოვს. ხაზგასმით ვამბობთ, რომ სახელმძღვანელოების შემოთავაზებული შესყიდვის წესი არ უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ სასტამბო ტირაჟირების ღირებულებას და ტენდერით არ უნდა შეირჩეს ყველაზე იაფი და შესაბამისად, თანამედროვე მოთხოვნების უგულებელყოფით შედგენილი სახელმძღვანელოები. ასე საგანმანათლებლო სექტორი დაზარალდება".

"უნდა მოგვეცეს საშუალება, თავისუფლად განვკარგოთ ჩვენი საკუთრება"

ირინა რუხაძე, მათემატიკის სახელმძღვანელოების ავტორი, გამომცემლობა "პედაგოგიკის" ხელმძღვანელი: "27 წელია სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორი ვარ, 24 წელია მათ გამოვცემ. გამომცემლები მთელი ეს დრო ვახერხებდით და ვთანამშრომლობდით განათლების სამინისტროსთან. ინტელექტუალური საკუთრების უფლებაც დაცული იყო. 2012 წლიდან კი საავტორო და ინტელექტუალური საკუთრების უფლებები უხეშად ირღვევა.

განათლების სამინისტროსა და გამომცემლებს შორის ურთიერთობას სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების წესი არეგულირებს.

განათლების სამინისტრო გვთავაზობს, შექმენით სახელმძღვანელო, მაგრამ არ გექნებათ მისი განკარგვის უფლებაო. ეს ნიშნავს, რომ სახელმძღვანელოს შექმნისა და ბეჭდვის კომპონენტები იქნება გამიჯნული. ავტორი და გამომცემელი შექმნის, მოამზადებს სახელმძღვანელოს, გაურკვეველი საფასურის ნაცვლად გადასცემს განათლების სამინისტროს და ამით მისი უფლებებიც და მოვალეობებიც ამოწურული იქნება. ჩვენ კი გვსურს, დაცული იყოს საკუთრების უფლება და საშუალება გვქონდეს, თავისუფლად განვკარგოთ ჩვენი საკუთრება".

"მიმდინარეობს დიდი ზეწოლა"

კახმეგ კუდავა, გამომცემლობა "ინტელექტის" ხელმძღვანელი: "როგორც ჩანს, ეს კონფლიქტი თანამდებობრივი დაწინაურების კარგი საშუალებაა ზოგიერთი მინისტრისთვის. გამომცემლობების დაყაჩაღების შემდეგ, მინისტრი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტი გახდა. ამჟამინდელ მინისტრთან ოცზე მეტი სამუშაო შეხვედრა კონსტრუქციულის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ საბოლოოდ პიარისთვის გათვლილი კამპანია გამოდგა - ალექსანდრე ჯეჯელავა ვიცე-პრემიერად მოგვევლინა. იხილეთ გაგრძელება

ემა ტუხიაშვილი

myquiz