საქართველოში ნავთობის ძიება დაიწყო - რა არის ცნობილი ინდურ კომპანიაზე, რომელიც საბადოებს მოძებნის
ინდურ კომპანია Hindustan Silichine Private Limited საქართველოში არსებული ნავთობის საბადოებს განავითარებს. კერძოდ, დაგეგმილია 7 მოქმედი ჭაბურღილის დაღრმავება-გაბურღვა და 2 ახალი საძიებო ჭაბურღილის ბურღვა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
ამის შესახებ ხელშეკრულება საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა და ინდურ კომპანიას შორის გაფორმდა, რასაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო თავის Facebook-გვერდზე ავრცელებს.
პროექტის საინვესტიციო პაკეტის მოცულობა შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 50 მლნ დოლარს შეადგენს, ხოლო ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტში 4.15 მლნ დოლარს გადაიხდის.
-
რას წარმოადგენს Hindustan Silichine Private Limited
ნავთობის და ბუნებრივი გაზის მოპოვება-წარმოების ინდური ჰოლდინგი, Hindustan Silichine Private Limited ერთ-ერთ ძირითად აქტივს საქართველოში მანამდეც ფლობდა. კერძოდ, 2017 წელს უპეშ და გაურავ თაკარების მიერ დააარსებული Hindustan Silichine თავის ვებგვერდზე კუთვნილ ძირითად აქტივებს შორის ნავთობისა და გაზის დადგენილი რეზერვებიდან ინდოეთის გუჯარათში მდებარე სანანდ-მიროლსა და ანკლეშვარს, ასევე, საქართველოში არსებულ ნავთობისა და გაზის ბლოკ 7B-ს ასახელებს, რომელიც შავი ზღვის მახლობლად 1,175 კვ. კმ ფართობის საწარმოო ბლოკია.
„ჩვენი ქართული აქტივი ამჟამად ნავთობს აწარმოებს და გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ მოწინავე ტექნოლოგიების, ასევე, ინდოელი და ქართველი პროფესიონალების გუნდის მეშვეობით წარმოება ორი წლის განმავლობაში 20-ჯერ გავზარდოთ,“ - წერია ვებგვერდზე.
ამასთან, კომპანია მიზნად ისახავს, ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვება-წარმოების (E&P) წამყვანი კომპანია გახდეს.