საქართველოში 708 ათასამდე ადამიანი სიღარიბეში ცხოვრობს - რამდენი ითხოვს შემწეობას
საქართველოში ყოველი მე-3 ადამიანი თავს ღარიბად თვლის, ხოლო ყოველი მე-5 საარსებო შემწეობას იღებს. ამაზე მოწმობს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2025 წლის ბოლო, ივლისის სტატისტიკა.
უფრო კონკრეტულად, ივლისის მდგომარეობით საქართველოში საარსებო შემწეობას 707 817 ადამიანი იღებდა. აქედან 466 506 ადამიანი მხოლოდ საარსებო შემწეობის მიმღებია, ხოლო 241 311 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეთა სიაშია, რომელთაც 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად უნარჩუნდებათ. გასული წლის ივლისში შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 677 495-ს შეადგენდა.
ამასთან, მიმდინარე წლის ივლისის მდგომარეობით 1 298 660-ს შეადგენს სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობა, ანუ მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ ღარიბია და დახმარებას საჭიროებს. 2024 წლის ივლისში ასეთი ადამიანების რიცხვი შეადგენდა 1 249 543-ს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის 3 704 500 ადამიანი ცხოვრობს.