„სუბსიდირების პროგრამა არ უნდა იყოს იმის წამახალისებელი, რომ ფერმერმა აღარ აწარმოოს მაღალი ხარისხის ვაშლი“ - ასოციაცია | Allnews.Ge

„სუბსიდირების პროგრამა არ უნდა იყოს იმის წამახალისებელი, რომ ფერმერმა აღარ აწარმოოს მაღალი ხარისხის ვაშლი“ - ასოციაცია

„არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება მცირედი დახმარებაა ფერმერებისთვის, რომ ფინანსური სტაბილურობა შეინარჩუნონ, თუმცა ეს პროგრამა არ უნდა იყოს იმის წამახალისებელი, რომ ფერმერმა აღარ აწარმოოს მაღალი ხარისხის ვაშლი“, - ამის შესახებ ფერმერთა ასოციაციის აგრონომმა ალექსანდრე ღამბაშიძემ „ბიზნესპრენიუსთან“ განაცხადა.

შეგახსენებთ, არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება წელსაც განხორციელდება. ვაშლის სუბსიდირებაზე წელს ბიუჯეტიდან 5 მლნ ლარის დახარჯვა იგეგმება. სუბსიდია გაიცემა კომპანიებზე, რომლებიც თავის მხრივ ფერმერებს 1 კგ. ნაკლოვან ვაშლში მინიმუმ 27 თეთრს გადაუხდიან. ამ 27 თეთრიდან კი სახელმწიფო 10 თეთრს დაასუბსიდირებს.

როგორც ალექსანდრე ღამბაშიძე აღნიშნავს, მთლიანად წარმოებული ვაშლის თითქმის 30% დაბალი ხარისხისაა. ამ ფონზე აგრონომი მიიჩნევს, რომ საჭიროა სუბსიდირების პროგრამის შენარჩუნება.

„მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებმა აწარმოონ მაღალი ხარისხის ვაშლი, რომელიც არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო სტანდარტებსაც დააკმაყოფილებს და საექსპორტო ბაზრებზეც გავა. ეს ფერმერებს საშუალებას მისცემს, რომ მიიღონ მაღალი ფასი წარმოებული პროდუქციაზე და უზრუნველყონ მეურნეობის ფინანსური გამართულობა. აღსანიშნავია, რომ პირველი ხარისხის ქართული ვაშლი დიდი მოთხოვნით სარგებლობს საექსპორტო ბაზრებზე.

სერიოზული პრობლემაა ის, რომ იწარმოება დიდი რაოდენობით დაბალი ხარისხის ვაშლი, მიუხედავად იმისა, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ინტენსიური ბაღები არის გაშენებული მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით. მაგალითად, 2024 წელს კომპანიებმა ჩაიბარეს 45 000 ტონა დაბალი ხარისხის ვაშლი, რაც საერთო ბაზრის დაახლოებით 30%-ს შეადგენს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელია სუბსიდირების მექანიზმის შენარჩუნება და გაუმჯობესება, რადგან ფერმერებმა შეძლონ დაბალი ხარისხის ვაშლის ჩაბარებით ფინანსური ზარალის თავიდან არიდება. სუბსიდირება მცირედი დახმარებაა ფერმერებისთვის, რომ ფინანსური სტაბილურობა შეინარჩუნონ“, - აღნიშნა აგრონომმა.

ამავე დროს, ღამბაშიძე აღნიშნავს, რომ აუცილებელია, ფერმერები ორიენტირებულები იყვნენ მაღალი ხარისხის ვაშლის წარმოებაზე, რაც ბევრად მეტი შემოსავლის მომტანი იქნება მათთვის, ვიდრე სუბსიდირების პროგრამა. იხილეთ სრულად