რა ელის ლარს და ეკონომიკას, თუ ევროპა უვიზო მიმოსვლას შეგვიწყვეტს
ბოლო დღეების განმავლობაში ლარი ევროსთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუფასურდა. ყოველ შემთხვევაში, შუა კვირაში, ერთ დღეში, ნახტომისებურად გაუფასურებამ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 7 თეთრს მიაღწია. მართალია, კვირის ბოლოს გამართული ვაჭრობის შედეგად გაუფასურება ცოტა შემცირდა, მაგრამ ასეთი რყევები, ფაქტობრივად, ტურისტული სეზონის პიკზე, ბევრ კითხვას აჩენს, მით უმეტეს, ორი კვირაც კი აღარ რჩება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება-არშეჩერების შესახებ საბოლოო მსჯელობის დაწყებამდე. უკავშირდება თუ არა ამას ლარის კურსის მერყეობა და რა ელოდება ქართულ ეკონომიკას, მით უმეტეს, მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების ფონზე, ამ საკითხებზე ეკონომიკის პროფესორს სოსო არჩვაძეს ვესაუბრებით:
- აქ ყველაფერი ერთმანეთთანაა გადაბმული - წმინდა ეკონომიკური ფაქტორებიც, პოლიტიკური მდგენელიც, გარკვეული მოლოდინები, აღქმები ანუ სუბიექტური დამოკიდებულება. ამიტომ რომელიმე ერთი ფაქტორის გამოყოფა რთული იქნება. მაგრამ მთლიანობაში ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ძირითადი ვალუტის ანუ დოლარის მიმართ ლარი პოზიციებს ინარჩუნებს და ტაქტიკურ წარმატებასაც აღწევს, სამხედრო ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ. ამაში როგორც ეკონომიკის ზრდა მონაწილეობს, ისე სეზონურ ფაქტორსაც ნუ დავუკარგავთ თავის წვლილს, იმიტომ, რომ ზაფხული, როგორც წესი, ტურისტული სეზონია და დამსვენებელთა რიცხვი იმატებს, დიდი რაოდენობით უცხოელია შემოსული და როგორც იტყვიან, ჯიბეში ხელს ცოტა ღრმად იყოფენ. ეს კი ნიშნავს, რომ მეტ ადამიანს სჭირდება მეტი სურსათი, დასასვენებელი სივრცე, სასტუმრო, გართობის საშუალება და ა.შ. ეს ყველაფერი ითხოვს შესაბამის ხარჯებს, მეორე მხრივ კი შესაბამის შეთავაზებას. ერთობლივად ეს ყველაფერი ზემოქმედებს ფულად სისტემაზე, რაც მერე სტატისტიკის სამსახურის მონაცემებში აისახება და საბოლოო ჯამში ეკონომიკის ზრდაში ნახულობს გამოხატულებას. ამიტომ ამ მიმართულებით საკმაოდ პოზიტიური შედეგები გვაქვს და იმედია, კვლავაც გაგრძელდება. თუმცა საზოგადოების ყურადღება და მათ შორის, მედიასაშუალებების, უფრო პოლიტიკურ ასპექტებზეა კონცენტრირებული და ეკონომიკა, უფრო სწორად, ეკონომიკის მიმართ საზოგადოების ყურადღება შედარებით ჩრდილშია მოქცეული. საბოლოოდ კი ბაზისური ურთიერთობები განსაზღვრავს, ანუ კლასიკური ტერმინოლოგიით რომ ვისარგებლოთ, ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას და ამ ყოფიერებას სჭირდება ადეკვატური მატერიალური სივრცე და უზრუნველყოფა. ეკონომიკაც ამის საფუძველს, ჯერჯერობით მეტ-ნაკლებად წარმატებით იძლევა.
„დიახ, ქართული ეკონომიკა პოლიტიკის მძევალია!“
- ანუ თქვენ ამ ეტაპზე ლარის, თუნდაც ევროსთან შედარებით გაუფასურებაში პოლიტიკურ ფაქტორს გამორიცხავთ და მთლიანად ეკონომიკურ ფაქტორებზე აკეთებთ აქცენტს?
- არა, ძალიანაც რომ გვინდოდეს, პოლიტიკურ ფაქტორებს ვერ გამოვრიცხავთ. პოლიტიკა თავისთავად იმდენად დიდ გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, რომ გაცვეთილი ფრაზა, ეკონომიკა პოლიტიკის მძევალიაო, რეალობაში ერთმნიშვნელოვნად გამოიხატება. თვით ის ფაქტი, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მოთხოვნით ნატოს წევრი ქვეყნები, ზოგი ნებით და ზოგი იძულებით, გახადეს ვალდებული, რომ თავიანთი სამხედრო ბიუჯეტი მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ უახლოეს წლებში, სწორედ იმას ადასტურებს, რომ ეკონომიკა მაინც პოლიტიკის სურვილებს, მოთხოვნებსა და პრინციპებს ითვალისწინებს და ექვემდებარება. საქართველოშიც ვერ ავუვლით გვერდს ამ ვითარებას. გააგრძელეთ კითხვა...