„ქართველი კადრის პოვნა ძალიან რთული და ძვირია - მუშახელი ჩამოდის უკრაინიდან, ინდოეთიდან, ტაჯიკეთიდან, პაკისტანიდან“
„სეზონური მუშახელი ნომერ პირველი პრობლემა გახდა სოფლის მეურნეობისთვის“, - ამის შესახებ ფერმერთა ასოციაციის სერტიფიცირების სპეციალისტმა ილია კუნჭულიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ბაზარზე მუშახელი დეფიციტურია, კადრების ნაკლებობის პირობებში კი ადგილობრივი მუშახელი გაძვირებულია.
„ბიზნესპრესნიუსთან“ სხვადასხვა კულტურის მწარმოებელი ფერმერები გასულ პერიოდში საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ აღმოსავლეთ საქართველოში, მოსავლის აღების პერიოდში, დეფიციტის პირობებში, კადრები დასავლეთ საქართველოდანაც ჩამოჰყავთ.
როგორც ფერმერთა ასოციაციაში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, მოსავლის აღების პერიოდში კადრები კახეთის რეგიონში ჩადიან როგორც დასავლეთ საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან.
„უკვე შესამჩნევია ინდოელებისა და პაკისტანელების სიმრავლე სეზონურ საქმეებზე"
უფრო კონკრეტულად, ილია კუნჭულიას განცხადებით, უცხოელთა დასაქმება ძირითადად სეზონურია. კადრები არიან როგორც ტაჯიკეთიდან, ისე ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, უკრაინიდან, ინდოეთიდან და პაკისტანიდან.
„კადრები ჩამოდიან არამარტო დასავლეთ საქართველოდან, არამედ მკრეფავები მოდიან უცხოეთიდანაც. ლურჯი მოცვის კრეფაზე უკრაინიდანაც ჩამოდიან კადრები. მუშახელი არის აზიის ქვეყნებიდანაც, მაგალითად, ტაჯიკეთიდან, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან ჩამოსულ მუშახელს სულ უფრო ხშირად ვხედავთ ფერმებში დასაქმებულებს.
სეზონურ საქმეებზე უკვე შესამჩნევია ინდოელებისა და პაკისტანელების სიმრავლე. უნდათ ამ ადამიანებს მუშაობა და ფულის შოვნა და თუ აქვთ საშუალება რომ რეგიონში ჩამოვიდნენ და იმუშაონ, არ ამბობენ უარს. ქართველების პოვნა ძალიან რთულია, ხოლო თუ იპოვი, ძალიან ძვირი“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ ილია კუნჭულიამ.