საქართველოს ყოფილი ელჩი ასახელებს იმ 7 პოტენციურ შედეგს, რაც ვიზალიბერალიზაციის დაკარგვას მოჰყვება
„ვიზალიბერალიზაციის დაკარგვა გამოიწვევს მძიმე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ შედეგებს: ფულადი გზავნილების დაკარგვა, ტურიზმის კოლაფსი, დასაქმება, სიღარიბე და ა.შ. ამიტომ არის ივანიშვილის და მისი მარიონეტების პოლიტიკა პრორუსული და არა ქართული“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში, ელგუჯა ხოკრიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
ხოკრიშვილი ასახელებს იმ შესაძლო შედეგებს, რომელთაც საქართველოს ვიზალიბერალიზაციის დაკარგვა და ევროპასთან სხვა იზოლაციური ტიპის შეზღუდვები მოუტანს.
„ვიზალიბერალიზაციის დაკარგვა გამოიწვევს მძიმე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ შედეგებს, კერძოდ:
ფულადი გზავნილების დაკარგვა: 1.5 მილიარდი აშშ დოლარი წელიწადში - მშპ-ის 8.4%; 2017 წლის შემდეგ ევროკავშირიდან გზავნილები გაიზარდა 25%-დან 41%-მდე. ფულადი გზავნილები ხელს უწყობდა მაკროეკონომიკურ სტაბილურობას კრიზისების დროს.
ტურიზმის კოლაფსი: ევროკავშირიდან ტურისტების 50-70% შემცირება. ოპტიმისტრურ სცენარში შემოსავლების დანაკარგი: 1.5-1.8 მილიარდი აშშ დოლარი. მშპ-ის დანაკარგი: 5-6%. ყველაზე ცუდი სცენარი - მშპ-ის პირდაპირი დანაკარგი: 7-8%; მთლიანი დანაკარგი: 10-12% (ტურიზმს აქვს მაღალი მულტიპლიკატორის ეფექტი: სასტუმროები, ტრანსპორტი და ა.შ.; მთლიანი დანაკარგი იქნება 1,5-2-ჯერ მეტი პირდაპირ დანაკარგებთან შედარებით); 3-4 მილიარდი აშშ დოლარის დანაკარგი;
დასაქმება: 300-400 ათასი ადამიანი დასაქმებულია ტურიზმში, შესაბამისად, 150-200 ათასი სამუშაო ადგილი რეალური საფრთხის ქვეშ;
სოციალური კატასტროფა: კიდევ უფრო დამძიმდება დემოგრაფიული კრიზისი - 2023 წელს 39,400 ბავშვი დაიბადა (6-წლიან ჭრილში 17%-ით შემცირება); 2022-2023 წლებში 118,000 მეტი ქართველი წავიდა, ვიდრე დაბრუნდა. ქვეყანა უკვე განიცდის მოსახლეობის დაბერებასა და აქვს უარყოფითი ბუნებრივი მატება;
კიდევ უფრო გაიზრდება სიღარიბე: 668,000 (18%) ადამიანი იღებს საარსებო შემწეობას; მოსახლეობის 35% ამბობს, რომ საარსებო მინიმუმი არ გააჩნია; ყოველი მე-3 ბავშვი (250 ათასი) გაჭირვებულია; ბავშვების 38% განიცდის მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს;
ოჯახების დაშორება: 1 მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს უცხოეთში - ვიზის დაკარგვა კიდევ უფრო გააძნელებს ოჯახების შეერთებას;
განათლებისა და ბიზნესის შეზღუდვა: შეზღუდავს განათლების შესაძლებლობებს ევროკავშირში და დააბრკოლებს ბიზნეს კონტაქტების დამყარებას.
ამიტომ არის ივანიშვილის და მისი მარიონეტების პოლიტიკა პრორუსული და არა ქართული“, - წერს ხოკრიშვილი.