„საქართველოში სათამაშო ბიზნესს 108 000%-იანი ზრდა აქვს, არც ერთ ქვეყანაში არც ერთ ბიზნესს ასეთი ზრდა არ აქვს“ - გუგა ბესელია | Allnews.Ge

„საქართველოში სათამაშო ბიზნესს 108 000%-იანი ზრდა აქვს, არც ერთ ქვეყანაში არც ერთ ბიზნესს ასეთი ზრდა არ აქვს“ - გუგა ბესელია

ერთ-ერთი ბოლო მონაცემით, საქართველოში სათამაშო ბიზნესის წლიური ბრუნვა 76 მლრდ ლარს შეადგენდა. კოლოსალური რიცხვებია, რაც თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს და მიუთითებს“, - ამის შესახებ „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“, აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ბესელიამ განაცხადა.

ბესელია საქართველოში თამაშდამოკიდებულ ადამიანთა რაოდენობას ასახელებს და მათ რეალურ პრობლემებზე აქცენტირებს.

„საქართველოში დაახლოებით 300 ათასი თამაშდამოკიდებული ადამიანია. იმის მიუხედავად, რომ თამაშდამოკიდებულება ფსიქიკურ პრობლემად ჯერ კიდევ 1975 წელს აღიარეს, მასთან სისტემური ბრძოლა დაახლოებით ბოლო 15 წელია დაიწყო, რადგან თამაშის გლობალურად გავრცელება იწყება 2010 წლიდან, როცა თამაშის შესაძლებლობა ონლაინში გაჩნდა, თანაც, უამრავი ალტერნატივით.

რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს, ჩვენთან პირველი ონლაინ სათამაშო სივრცე 2008 წლიდან ჩნდება და მას შემდეგ გასაოცარი მასშტაბის ზრდა აქვს - 108 000%-იანი, სიტყვიერადაც ვიტყვი - 108 ათასი პროცენტი! ასეთი მასშტაბით, დროის მსგავს მონაკვეთში, არც ერთი ბიზნესი არ იზრდება, არც საქართველოში და არც რომელიმე სხვა ქვეყანაში. წარმოიდგინეთ, ერთ-ერთი ბოლო მონაცემით, საქართველოში სათამაშო ბიზნესის წლიური ბრუნვა 76 მლრდ ლარს შეადგენდა. კოლოსალური ზრდა და კოლოსალური რიცხვებია, რომლებიც თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს და მიუთითებს.

ეს სოციალური პრობლემაა, რადგან პირდაპირ ადამიანების ფსიქიკიდან მოდის, ჩვენთან კი ლუდომანებს უყურებენ არა როგორც დაავადებულ ადამიანებს, არამედ როგორც ცუდ ადამიანებს. ასეთი სტიგმა არსებობს, რაც მათ კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში აყენებს და თავიანთ პრობლემაზე საუბარი კიდევ უფრო უჭირთ.

შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს ცნობიერების ზრდასა და ამ პრობლემასთან რეალურ ბრძოლას. მეტი უნდა გააკეთოს როგორც სახელმწიფომ, ისე საზოგადოებამ, რომელიც ასეთ ადამიანებს განსაკუთრებული წნეხის ქვეშ ამყოფებს, რაც ვითარებას ძალიან, ძალიან ართულებს“, - განაცხადა ბესელიამ.