საქართველოში გამოკითხულთა რამდენი პროცენტი იყენებს ონლაინ ვაჭრობისთვის Temu-ს? - ACTR-ს კვლევა
საქართველოში გამოკითხულთა 75% ონლაინ ვაჭრობისთვის Temu-ს იყენებს, - ამის შესახებ „ეისითი კვლევის“ (ACTR) მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული.
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ გამოკითხულთა მნიშვნელოვანი ნაწილი - 54% ჩართულია ონლაინ ვაჭრობაში.
ამასთან, კვლევის თანახმად, შესყიდვებისთვის მომხმარებლები მიმართავენ როგორც ქართულ, ისე უცხოურ პლატფორმებს.
„საინტერესოა გეოგრაფიული ნიშნით ონლაინ მოვაჭრეთა დახასიათება. მათ შორის მაღალია რეგიონის წარმომადგენელთა წილი და 65%-ს შეადგენს. რაც შესაძლოა განპირობებული იყოს სხვადასხვა პროდუქტისა და სავაჭრო ობიექტების ნაკლები მრავალფეროვნებით,“ - აღნიშნულია კვლევაში.
ამასთან, კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ უცხოური პლატფორმებიდან ცალსახა პოპულარობით სარგებლობს Temu, კერძოდ გამოკითხულთა 75% სწორედ ამ ვებ-გვერდს იყენებს ონლაინ-ვაწრობისთვის. საყურადღებოა, რომ ამ მაჩვენებლით მსოფლიოს გიგანტი ონლაინ სავაჭრო ორგანიზაცია Amazon-იც (16%) კი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება Temu-ს.
ცნობისთვის, გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით, 804 ზრდასრულ მოსახლეს შორის, საქართველოს მასშტაბით. გამოკითხვა მიმდინარეობდა 2025 წლის 22-26 აპრილს. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება, საშუალოდ, არ აღემატება 3.5%-ს. გამოყენებული მეთოდი – სატელეფონო გამოკითხვა.