რა ქონებას ფლობს ვახტანგ გომელაური, რომელმაც შს მინისტრისა და ვიცე-პრემიერის პოსტი დღეს დატოვა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ვახტანგ გომელაურმა დაკავებული თანამდებობები დატოვა. მან ამის შესახებ განცხადება თავად გაავრცელა.
„ბიზნესპრესნიუსი” დაინტერესდა, რა ქონებით დატოვა პოსტი ვახტანგ გომელაურმა.
როგორც ცნობილია, თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები ანტიკორუფციული ბიუროს ვებ-გვერდზე უნდა იყოს საჯაროდ განთავსებული, თუმცა, რამდენიმე თვეა ეს ინფორმაცია საიტზე ხელმისაწვდომი არ არის. ამის მიზეზად პორტალის ტექნიკური სამუშაოები სახელდება.
თუმცა, სანამ ეს დეკლარაციები ჯერ კიდევ საჯაროდ იყო ხელმისაწვდომი, არასამთავრობო ორგანიზაციამ IDFI-მ მოამზადა შესაბამისი ბაზა, სადაც თავმოყრილია 2017-2024 წლების (პორტალზე წვდომის სრულად შეზღუდვამდე) თანამდებობის პირთა მიერ შევსებული დეკლარაციები.
როგორც IDFI-ს ამ ბაზაში ჩანს, ვახტანგ გომელაურმა ქონებრივი დეკლარაცია გასული წლის ივნისში შეავსო.
რა ქონებას ფლობს ვახტანგ გომელაური
დოკუმენტის მიხედვით, მის საკუთრებაშია თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე 201 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა, რომელშიც 2022 წელს 542 ათასი ლარი გადაიხადა. ამასთან, ვახტანგ გომელაურის მეუღლის სახელზეა საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი ტაბახმელაში, ასევე აგარაკი და მიწის ნაკვეთი თიანეთში.
ამასთან, დეკლარაციის თანახმად, ვახტანგ გომელაურს შს მინისტრის პოსტზე, 2023 წელს ხელფასის სახით 96 788 ლარი აქვს აღებული.
რაც შეეხება ყოფილი მინისტრის ფინანსურ მდგომარეობას, ვახტანგ გომელაურს ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჰქონდა: 41 ათას ლარზე მეტი, 800 აშშ დოლარი და 3000 ევრო.
ამასთან, ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში ვახტანგ გომელაურს ნაღდი ფულის სახით 7 400 დოლარი და 18 ათასი ლარი ჰქონდა. იხილეთ სრულად