რამდენი უნდა იყოს მინიმალური ხელფასი საქართველოში? | Allnews.Ge

რამდენი უნდა იყოს მინიმალური ხელფასი საქართველოში?

საკანონმდებლო დონეზე დადგენილი მინიმალური ხელფასის გაზრდა წლებია ვერ ხერხდება. მიუხედავად არაერთი საკანონმდებლო წინადადებისა, ვერ მოიძებნა ოპტიმალური ვერსია, რომელსაც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო განიხილავდა, დააკორექტირებდა და მიიღებდა.

2019 წელს ერთ-ერთი ასეთი კანონპროექტის ავტორი იყო იმ დროს დამოუკიდებელი დეპუტატი, ახლა უკვე „სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი ბექა ნაცვლიშვილიც.

როგორც ის „ბიზნესპრენსიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, იდეოლოგიური თვალსაზრისით, პოლიტიკური პარტიები და ხელისუფლება ერთი და იგივე ხედვით არიან, კერძოდ მიიჩნევენ რომ ეს არის ორ სუბიექტს შორის ურთიერთობა, შესაბამისად, კი არ ეთანხმებიან, ეწინააღმდეგებიან კიდეც ამ საკითხის საკანონმდებლო დონეზე განხილვას.

კითხვაზე, რამდენი უნდა იყოს საქართველოში მინიმალური ხელფასი? - ბექა ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ ყველაზე გავრცელებული მოდელების მიხედვით, ის საშუალო ხელფასის ნახევრით ან მედიანური ხელფასის 80-90%-ის ოდენობით უნდა განისაზღვროს. ცნობისთვის, საქართველოში ხელფასების წლიური მონაცემები რომ ავიღოთ, 2024 წლის მონაცემებით, საშუალო თვიური ხელფასი 2058 ლარს შეადგენდა.რაც შეეხება მედიანურ ხელფასს, „საქსტატს“ ჯერჯერობით 2023 წლის მონაცემი აქვს გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც მედიანური ხელფასი 1238 ლარი იყო. (შესაბამისად, ამ მონაცემებს თუ დავეყრდნობით, გამოდის რომ შესაბამის კანონმდებლობის არსებობის შემთხვევაში მინიმალური ხელფასი 1000 ლარის ფარგლებში უნდა იყოს).

„ყველა დარგს თავის სპეციფიკა აქვს, მაგრამ ქვემოთა ზღვარი მაინც უნდა დადგინდეს. სხვადასხვა მოდელი არსებობს, მაგალითად, საშუალო ხელფასის ნახევრით ისაზღვრება. ასევე, ქვეყნების ნაწილში არის მედიანური ხელფასის 80-90%. მედიანური და საშუალო ხელფასი ერთმანეთისგან განსხვავდება, საშუალო ხელფასი არის ყველაზე მაღალ და დაბალ ხელფასს შორის საშუალო, ხოლო მედიანური არის, ყველაზე ხშირად რა მოცულობის ხელფასიც აქვთ ადამიანებს, ის რაოდენობა.

თავის დროზე, ჩემი შეთავაზება იყო, რომ განსაზღვრულიყო საშუალო ხელფასიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მაშინ მედიანურს სტატისტიკის სამსახური არ ითვლიდა. ყოველ შემთხვევაში არ აქვეყნებდა. შემდეგ უკვე ინფლაციის შესაბამისად, უნდა მომხდარიყო ყოველ წელს მისი გადახედვა, ეკონომიკისა და ინფლაციის ზრდის საფუძველზე.

ეს თემა არის ძალაუფლების საკითხი. თუ ძლიერია მხარე, მაგალითად, დასაქმებულები კარგად არიან ორგანიზებული და საზოგადოებაც ძლიერია, მას ასეთი საკითხები მიაჩნია ყველაზე მნიშვნელოვნად. ნებისმიერ გამოკითხვას რომ გადახედოთ, პრობლემების ჩამონათვალი ასეა: დასაქმება, ხელფასები. თუმცა, ვინც ეს პროცესები უნდა დაძრას და დღის წესრიგში დააყენოს, მაგალითად, პოლიტიკურმა პარტიებმა, მათ ინტერესში არ არის. იდეოლოგიური თვალსაზრისით, პოლიტიკური პარტიები და ხელისუფლება ერთი და იგივე ხედვით არიან, რომ ეს არის ორ სუბიექტს შორის ურთიერთობა და ა.შ. შესაბამისად, კი არ ეთანხმებიან, ეწინააღმდეგებიან კიდეც ამ საკითხის საკანონმდებლო დონეზე განხილვას,“ - ამბობს ბექა ნაცვლიშვილი.

ცნობისთვის, Eurostat-ის მიხედვით, 2025 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, მინიმალური ხელფასი ევროკავშირის 27 წვერი სახელმწიფოდან 22-ს ჰქონდა დაწესებული. კერძოდ, 2025 წლის იანვარში ევროკავშირის 10 ქვეყანას მინიმალური ხელფასი 1000 ევროზე ნაკლების ფარგლებში ჰქონდა. უფრო კონკრეტულად: ბულგარეთი (551 ევრო), უნგრეთი (707 ევრო), ლატვია (740 ევრო), რუმინეთი (814 ევრო), სლოვაკეთი (816 ევრო), ჩეხეთი (826 ევრო), ესტონეთი (886 ევრო), მალტა (968 ევრო) საბერძნეთი (90 ევრო).

6 ქვეყანაში თვიური მინიმალური ხელფასი 1000 ევროდან 1500 ევრომდე მერყეობდა. კერძოდ: კვიპროსი (1 000 ევრო), პორტუგალია (1 015 ევრო), ლიტვა (1 038 ევრო), პოლონეთი (1 091 ევრო), სლოვენია (1 278 ევრო) და ესპანეთი (1 381 ევრო).

დანარჩენ 6 ქვეყანაში კი, თვიური მინიმალური ხელფასი 1 500 ევროს აჭარბებდა. ეს ქვეყნებია: საფრანგეთი (1 802 ევრო), ბელგია (2 070 ევრო), გერმანია (2 161 ევრო), ნიდერლანდები (2 193 ევრო), ირლანდია (2 282 ევრო) და ლუქსემბურგი (2 638 ევრო).

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში დღემდე მოქმედებს საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც მინიმალური ხელფასი 20 ლარს შეადგენს. მისი გაზრდის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტს ბოლოს პროფკავშირების გაერთიანებამ 2023 წელს მიმართა.

მათი შეფასებით, მინიმალური ხელფასი უნდა გაიზარდოს „საქსტატის“ მიერ დაანგარიშებული წლიური საშუალო ხელფასის 40%-მდე.

ამასთან, პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრმაც (ICFRP). წინადადების მიხედვით, საქართველოში მინიმალური ხელფასი „საქსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით უნდა განისაზღვროს. კერძოდ, უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრი მიიჩნევს, რომ მინიმალური ხელფასი, საქმიანობის სფეროების მიხედვით, საშუალო ნომინალური ხელფასის ოდენობით უნდა დადგინდეს.