საქართველოში შესაძლოა, ხორბალი და ფქვილი გაძვირდეს - მთავარ იმპორტიორ ქვეყანაში ხარისხიანი პროდუქტის დეფიციტია
რუსეთში ხარისხიანი ხორბალი დეფიციტშია და ფქვილი შესაძლოა, გაძვირდეს. ფასები კი მოიმატებს არა მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისთვის, ასევე გაძვირდება საექსპორტო პროდუქციაც. იმის გამო, რომ ფქვილი და ხორბალი საქართველოში ძირითადად რუსეთიდან შემოდის, გამორიცხული არ არის, რომ ქვეყანას ამ პროდუქტების იმპორტი გაუძვირდეს.
რუსეთში მაღალი ხარისხის დასაფქვავი ხორბლის გაძვირების რისკი კი წარმოების შემცირების გამო გაჩნდა. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრ ოქსანა ლუტმა პუტინს წერილობით აცნობა, რაც “კომერსანტმა” მოიპოვა.
ამასთან, რუსეთის მცხობელთა კავშირის განცხადებით, ხორბლის გაძვირება პურზე ფასის ზრდას გამოიწვევს, რადგან ფქვილის წილი პურის თვითღირებულებაში 18-25%-ს აღწევს. კავშირის ცნობით, ბოლო ერთი თვეში პურის ორმა მსხვილმა მწარმოებელმა, ფუნთუშ-საკონდიტრო ჰოდინგ “კოლომენსკიმ” და “კარავაიმ” საცალო მოვაჭრეებისთვის თავიანთ პროდუქტებზე ფასები უკვე გაზარდეს.
მინისტრი, ოქსანა ლუტი პუტინისადმი წერილში წერს, რომ მარცვლეულის ფასმა შესაძლოა, სახელმწიფოს მიერ დადგენილ მაქსიმალურ ზღვარს გადააჭარბოს, რაც მესამე კლასის ტონა ხორბალზე 15,6 ათას რუბლს (175,5 დოლარს), ხოლო მეოთხე კლასის ხორბალზე 15,1 ათას რუბლს (170 დოლარს) შეადგენს. სამინისტროს მონაცემებით, თებერვლის დასაწყისში მესამე კლასის ხორბლის ღირებულება, წინა წელთან შედარებით, უკვე 11,3%-ით გაიზარდა და ტონაზე 14,3 ათას რუბლს (161 დოლარს) მიაღწია, რაც 0,6%-იანი თვიური ზრდაა. მეოთხე კლასზე ფასმა წლიური თვალსაზრისით 20%-ით, ხოლო თვიურად 1,9%-ით მოიმატა და ტონაზე 13,8 ათასი რუბლს (155 დოლარს) მიაღწია.
თუმცა აგროანალიტიკურ ცენტრ SovEcon-ს უფრო ცუდი მონაცემები აქვს. ცენტრში აცხადებენ, რომ ხორბლის ღირებულებამ სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფასებს უკვე გადააჭარბა. კერძოდ, მესამე კლასის ტონა ხორბალი უკვე 16,1 ათას რუბლი (181 დოლარი), ხოლო მეოთხე კლასის 15,5 ათასი რუბლი (174 დოლარი) ღირს. ეს წლიური თვალსაზრისით პირველის შემთხვევაში 24%-იანი, ხოლო მეორეს შემთხვევაში 48%-იანი ზრდაა.
SovEcon მიზეზად ნაკლებ მოსავალს ასახელებს. კერძოდ, გასულ სასოფლო-სამეურნეო წლის განმავლობაში მარცვლეულის მოსავალი 14%-ით, 125 მლნ ტონამდე, ხოლო ხორბლის მოსავალი 16%-ით, 82 მლნ ტონამდე შემცირდა. ამ მოცულობიდან, დაახლოებით, 10 მლნ ტონა ხორბალი ბეღელებში, უბრალოდ, დალპა, რადგან ქვეყანას ხორბლის სწორი შენახვის საკმარისი სიმძლავრე არ აქვს.
რაც შეეხება საქართველოს, 2025 წლის იანვარში რუსეთიდან საქართველოში 4.698 მლნ დოლარის ღირებულების 19,451 ტონა ხორბალი და მესლინი შემოვიდა, რაც მთლიანი იმპორტის თითქმის 89%-ია. იანვარში ქვეყანამ სულ 5.289 მლნ დოლარის 22,041 ტონა ხორბალი იყიდა.
რაც შეეხება ფქვილს, წელს იანვარში საქართველოში 1.003 მლნ დოლარის ღირებულების 3,603 ტონა პროდუქტი შემოვიდა, აქედან 87% რუსეთიდან. 2025 წლის იანვარში ჩრდილოეთში 871.6 ათასი დოლარის 3,385 ტონა ფქვილი ვიყიდეთ.