106 მლნ-ზე მეტი მოგება - როგორია GWP-ის ფინანსური მაჩვენებლები?
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 2022 წელი მოგებით დაასრულა. ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგებიდან ჩანს. კერძოდ, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის წმინდა მოგება 106.034 მლნ ლარი იყო, რაც თითქმის 77%-ით აღემატება 2021 წლის მაჩვენებელს. 2021 წელს კომპანიის მოგებამ 60.013 მლნ ლარი შეადგინა.
ამასთან, როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, საანგარიშო პერიოდში წყალმომარაგებიდან და მასთან დაკავშირებული მომსახურებიდან მიღებული ამონაგები - 195.672 მლნ ლარი იყო.
ანგარიშგების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში კომპანიამ თანამშრომელთა ხელფასებზე 15.409 მლნ ლარი დახარჯა, ხოლო პრემიებზე - 2.173 მლნ ლარი.
გარდა ამისა, როგორც კონსოლიდირებული ანგარიშგებიდან ჩანს, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის საკუთრებაში 671.554 მლნ ლარის აქტივები იყო.
ცნობისთვის, კომპანია GWP საქართველოში 1997 წლიდან ფუნქციონირებს. მესაკუთრეა სააქციო საზოგადოება „ჯორჯია გლობალ იუთილითიზ“, ხოლო მმართველი ორგანოა საერთო კრება.