რამდენი მდიდარი, ღარიბი და საშუალო ფენის წარმომადგენელი ცხოვრობს საქართველოში? - იხილეთ ფენების საშუალო პროცენტული განაწილება | Allnews.Ge

რამდენი მდიდარი, ღარიბი და საშუალო ფენის წარმომადგენელი ცხოვრობს საქართველოში? - იხილეთ ფენების საშუალო პროცენტული განაწილება

საქართველოში უთანასწორობის მაჩვენებელი გასულ წელს, წინა წელთან შედარებით, თითქმის არ შეცვლილა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს ჯინის კოეფიციენტმა მთლიანი შემოსავლების და მთლიანი სახსრების მიხედვით 0.36 და 0.37 შეადგინა.

ამასთან, მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით გაიზარდა 0.02-ით და 0.36 შეადგინა, ხოლო მთლიანი ხარჯების მიხედვით გაიზარდა 0.01-ით და 0.40 შეადგინა.

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე „ბიზნესპრესნიუთან“ ამბობს, რომ სტატისტიკის სამსახურის კრიტერიუმებით, საქართველოში ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა 11-დამ 20%-მდეა. თუმცა, არსებობს დაანგარიშების სხვადასხვა კრიტერიუმები, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებულ შედეგებს იძლევა.

სტატისტიკოსის თმით, არაპირდაპირი შეფასებით, ქვეყანაში მდიდარი ადამიანების რაოდენობა მოსახლეობის 5-7%-ს წარმოადგენს, ხოლო საშუალო ფენა, სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით (გააჩნია დაანგარიშების მეთოდს) 20-იდან 50%-მდეა.

„როდესაც სოციალურ კლასიფიკაციაზე ვსაუბრობთ, აქ რამდენიმე კრიტერიუმი არსებობს, აქედან 3 ძირითადს დავასახელებ, ეს არის სტატისტიკური მეთოდი, რომელიც გულისხმობს შემდეგს, მაგალითად, თუ ადამიანის შემოსავალი 500 ლარზე ნაკლებია, ღარიბია, თუ მეტია, ის ღარიბთა კატეგორიას არ მიეკუთვნება. ამ სტატისტიკურ მეთოდს უფრო რთული გაანგარიშების პროცედურა აქვს. მეორე არის სოციალური კუთვნილების მიხედვით, ანუ ადამიანი ამა თუ იმ პროფესიის მიხედვით, რომელ კატეგორიას მიეკუთვნება. შეიძლება ის მივაკუთვნოთ ღარიბთა კატეგორიას, საშუალოს ან მდიდარს, მიუხედავად იმისა, როგორია მისი მიმდინარე შემოსავალი. მესამე მეთოდია, წმინდა სუბიექტური თვითშეფასება, ზოგისთვის 1000 ლარი შეიძლება იყოს საკმარისი, მაგრამ ნაწილისთვის მინიმალურ ხარჯს წარმოადგენდეს. იმის მიხედვით, თუ რომელი კრიტერიუმით ვისარგებლებთ, სიღარიბის ზღვარს მყოფი მოსახლეობის აბსოლუტურად განსხვავებულ მაჩვენებელს მივიღებთ.

არაპირდაპირი შეფასებებით კი, 5-7% მიეკუთვნება მდიდართა კონტინგენტს, საშუალო ფენა, რადგან მკაფიო კრიტერიუმები არ არსებობს, იმის და მიხედვით, რა კრიტერიუმებს გამოვიყენებთ, 20-იდან 50%-მდე მერყეობს. ხოლო ღარიბის მოსახლეობის რაოდენობა ოფიციალურად 20%-მდეა, მაგრამ თუ მკაცრ კრიტერიუმებს შემოვიტანთ, 40-ზე მეტიც იქნება. იხილეთ სრულად

myquiz