ჩინური კონსორციუმი ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში გამოცხადდება - ეკონომიკის მინისტრის განცხადება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჩინური კონსორციუმი ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.
"საბოლოოდ, ჩვენ მივიღეთ წინადადებები მხოლოდ ჩინური კონსორციუმის მხრიდან. ამ შემთხვევაში, დეტალური აპლიკაცია წინადადება არის სრულყოფილი, წარმოდგენილია შესაბამისი საბანკო გარანტიები. აქედან გამომდინარე, უახლოეს დღეებში გვექნება დაზუსტებები, რომლის შემდეგაც ჩინურ კონსორციუმს გამოვაცხადებთ გამარჯვებულად და დავიწყებთ მოლაპარაკებებს საპარტნიორო შეთანხმების შესახებ.
ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. ამ პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს, ის არაერთ ადამიანს დაასაქმებს“,- განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება გამარჯვებული კომპანია, რომელიც ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოებს „მყისიერად შეუდგება“.
"კერძო პარტნიორის შერჩევის პარალელურად, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა სამშენებლო სამუშაოების მიმართულებითაც. ზუსტად ამიტომ ჩვენ შევქმენით სახელმწიფო კომპანია, რომელიც საბოლოდ იქნება თანამონაწილე იმ ერთობლივი საწარმოსი, რომელიც ანაკლიის პორტს განავითარებს და მართავს. ამ სახელმწიფო კომპანიას გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები და ის საჭირო სახელმწიფო საკუთრება, რომელიც საჭიროა პორტის განვითარებისთვის. გასულ წელს, სამშენებლო სამუშაოების ტენდერის ტექნიკური პირობების მომზადებაზე მუშაობა დაიწყო. განაცხადების მიღება დაახლოებით, ერთი თვის წინ დავასრულეთ. სამი განაცხადია მიღებული. ახლა ჩვენი საერთაშორისო ექსპერტები (ეს არის ბელგიური კომპანია) სწავლობენ სამშენებლო ტენდერის განაცხადებს. ძირითადი სამუშაო უკვე დასრულებულია და აქაც რამდენიმე დღეში ჩვენ გვეყოლება გამარჯვებული სამშენებლო კომპანია, რომელიც მყისიერად შეუდგება სამშენებლო სამუშაოებს.
რაც შეეხება სახელმწიფოს დაფინანსებებს - ჩვენ ამ ეტაპზე ბიუჯეტში გვაქვს ასიგნებები ამ პროექტის ჩვენი ნაწილის დასაფინანსებლად. ჩვენ მივყვებით გეგმას. იცით რომ რამდენიმე წელი დასჭირდება ამ სამშენებლო სამუშაოებს. ჩვენ წელს დავიწყებთ უკვე მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოების ორგანიზებას, მაგრამ ყველაზე აქტიურად გაგრძელდება 2025 და 2026 წლებში. შესაბამისად, ამ თანხებს სახელმწიფო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიღებს,“ - განაცხადა დავითაშვილმა.