„თუ ჩავიხსნებით საერთაშორისო საფინანსო ინსტრუმენტებიდან, გავღარიბდებით და 90-იანი წლები მოგვენატრება“ | Allnews.Ge

„თუ ჩავიხსნებით საერთაშორისო საფინანსო ინსტრუმენტებიდან, გავღარიბდებით და 90-იანი წლები მოგვენატრება“

„მთავარი ნებისმიერი მოქალაქისთვის არის ის, რომ თუ მათ გაუჩნდათ განცდა, რომ დასანქცირებისა და ბანკის მიერ სანქციების პირობების არ შესრულების გამო პრობლემა შეექმნებათ მათ ფულს, ამას მოჰყვება ის, რომ ბევრი ადამიანი მიადგება ბანკს, რომ მოსთხოვონ საკუთარი ფული“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა, გიორგი კეპულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მსგავს შემთხვევას ვერც ერთი ქვეყნის საბანკო სისტემა ვერ გადაიტანს.

„მგონი, ეროვნული ბანკიც კარგად ხვდება რა საფრთხის შემცველია ეს და საბოლოო ჯამში ყველა უნდა მიხვდეს, მათ შორის ის ბიზნესმენები, რომლებიც დღეს ჩუმად არიან, მათ უნდა იმუშაონ პოლიტიკოსებთან (ჰყავთ მეგობრები „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის), რომ ქვეყანა არ მივიდეს კატასტროფულ სცენარამდე. საქართველო არ არის ბელარუსი ან რუსეთი, რომელსაც შეუძლია, რომ დიქტატორულ და ავტორიტარულ რეჟიმსა და დასანქცირებული ხელისუფლების პირობებში იცხოვროს - იზოლაციაში უბრალოდ ვერ გავძლებთ“, - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

გაჩნდა მოსაზრება, რომ სანქციების დაწესების შემთხვევაში, შესაძლოა, გაჩნდეს რისკები იმისა, რომ ჩავეხსნათ საერთაშორისო საფინანსო ინსტუმენტებიდან. კითხვაზე, რა მოხდება ასეთ შემთხვევაში, კეპულაძე პასუხობს, რომ „გავღარიბდებით და 90-იანი წლები მოგვენატრება“.

„თუ კი რამე გაკეთებულა ბოლო 30 წლის განმავლობაში, იმის 90% გაკეთდა დასავლური გრანტებით, ინვესტიციებითა და სამთავრობო სესხებით. ყველა გზა საერთაშორისო ბანკების კრედიტით იგება, ავტობანი რომ გვიხარია და მთავრობა რომ მიდის და დიდის ამბით ხსნის გვირაბებს და გზებს, ესეც უცხოური დაფინანსებით კეთდება. ჩვენ თუ ჩავიხსნებით (საერთაშორისო საფინანსო ინსტრუმენტებიდან), უბრალოდ აღმოვჩნდებით ჩაკეტილ სამყაროში, გავღარიბდებით და 90-იანი წლები მოგვენატრება. ეს არ არის უტრირება იმიტომ, რომ საქართველოს რეპუტაცია უკვე შელახულია, ამაზე მეტყველებს ის, რომ განცხადებები რაც კეთდები. ინვესტორებიც, ფინანსისტებიც და ეკონომისტებიც ყოველთვის უსმენენ პოლიტიკოსების განცხადებებს, ეს პროცესები ყოველთვის დიდი გავლენას ახდენს საფინანსო სისტემაზე, ბირჟებსა და მთლიანად ეკონომიკაზე“, - აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებისა და მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, 14 მაისს მესამე მოსმენით დაამტკიცა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი. იხილეთ სრულად

myquiz