„გარდაუვალია ფასების ზრდა - სანქციების დაწესების შემთხვევაში პროდუქტი და მომსახურება თვიდან-თვემდე 20%-ით გაძვირდება“
„ეს არის მარტივი ეკონომიკური დაკვირვება, იმიტომ, რომ მყიფე ეკონომიკა გვაქვს. ზუსტად ასევე ვპროგნოზირებ ახლაც, საყოველთაო საზოგადოებრივი მოხმარების საგნებსა და მომსახურებაზე ფასების ზრდას სანქციების შემდეგ“ - ამ თემაზე რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ეკონომისტმა ოთო აბესაძემ ისაუბრა.
კითხვაზე, გველოდება თუ არა ფასების მნიშვნელოვანი ზრდა, ეკონომისტი პასუხობს, რომ პროცესების მსგავსი სცენარით გაგრძელების შემთხვევაში ფასების ზრდა გარდაუვალია.
„გარდაუვალია ფასების ზრდა, ვინაიდან, საქართველოში რასაც მოვიხმართ, ვიკვებებით, ვაცმევთ, ან ვიყენებთ, საქონლისა და მომსახურების 72%-ზე მეტი არის იმპორტირებული, ანუ ამას ვყიდულობთ დოლარში, ევროში და ძალიან მცირე შემთხვევაში იენში ან დავუშვათ თურქულ ლირაში. ძირითადი აქტორი, ანუ მეინსტრიმი არის დოლარი. როდესაც მოხდება სანქცირება და დოლარის გარკვეული დეფიციტი შეიქმნება ქვეყანაში, ეს თავისთავად, ბუნებრივად, ყოველგვარი ზედმეტი ქირურგიული ჩარევის გარეშე, გამოიწვევს საშუალოდ თვიდან-თვემდე მინიმუმ 20%-იან ფასების ზრდას… ეს არის შეუქცევადი პროცესი“ ,- განაცხადა აბესაძემ.