ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებმაც ტყიბულის წყალსაცავში მდებარე 2 კუნძული იყიდეს | Allnews.Ge

ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებმაც ტყიბულის წყალსაცავში მდებარე 2 კუნძული იყიდეს

ტყიბულის წყალსაცავში, სოფელ მანიჭორში მდებარე 3 კუნძული 3,040 მლნ ლარად გაიყიდა. სამივე კუნძულს სხვადასხვა მფლობელი ჰყავს. ორთან ხელშეკრულება უკვე გაფორმდა და შესაბამისად, მათი ვინაობაც ცნობილია. მესამესთან კი, როგორც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, ჯერჯერობით ხელშეკრულება არ გაფორმებულა. შესაბამისად, უწყებაში მისი ვინაობა არ დაგვისახელეს.

შეგახსენებთ, რომ ტყიბულის კუნძულების გასაყიდად სამი აუქციონი 2023 წლის დეკემბერში ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა. სამივე აუქციონი 28 დეკემბერს დასრულდა. კუნძულების საწყისი ფასი ერთობლივად 2 მლნ ლარს შეადგენდა, თუმცა მაღალი ინტერესის გამო და აუქციონის წესების შესაბამისად, საბოლოოდ სამივე კუნძული 3,040 მლნ ლარად გაიყიდა.

წყალსაცავში მდებარე ყველაზე დიდი ზომის კუნძული შეისყიდა კომპანიამ „ემ&ეს“. კუნძულის ფართობია 315,018 კვადრატული მეტრი; მისი საწყისი გასაყიდი ფასი იყო 1,7 მლნ ლარი, მყიდველმა კი 1,701 მლნ ლარი გადაიხადა. დოკუმენტაციის მიხედვით, ახალმა მფლობელმა 5 წლის განმავლობაში კუნძულზე 6 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია „ემ&ეს“-ი 2021 წლის ნოემბერში დაფუძნდა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი არის მანუჩარ ქათამაძე.

მეორე - 31,828 კვადრატული მეტრის კუნძული, რომლის საწყისი ფასი იყო 180 000 ლარი, 663 000 ლარად კომპანია „ემ კაპიტალმა“ იყიდა. საინვესტიციო ვალდებულება ერთ მლნ ლარს შეადგენს. ამ შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია, რომ აღნიშნული ინვესტიცია 4 წლის ვადაში განახორციელოს და მოაწყოს ტურისტული ინფრასტრუქტურა.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია 2021 წლის ნოემბერში დაფუძნდა. კომპანიის მფლობელია მიხეილ ვერულაშვილი.

რაც შეეხება მესამე კუნძულს, რომლის ფართობი 21,421 კვადრატული მეტრია, 676 000 ლარად გაიყიდა. საწყისი ფასი კი 120 000 ლარს შეადგენდა. საინვესტიციო ვალდებულება აქაც ერთ მილიონ ლარს შეადგენს. თუმცა ამ ეტაპისთვის, უცნობია, ვინ შეისყიდა აღნიშნული კუნძული, რამდენადაც, ხელშეკრულების გაფორმებამდე ტყიბულის მერიაში მის ვინაობას არ ასახელებენ.

myquiz