რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსის მიღება ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველოს მოქალაქეებისთვის? | Allnews.Ge

რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსის მიღება ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველოს მოქალაქეებისთვის?

რაც უფრო ახლოვდება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ოფიციალურად მინიჭების საკითხი, საზოგადოებაში მით უფრო იზრდება ევროკავშირული პერსპექტივების მოლოდინი. ეს კი, როგორც წესი, ხშირად ეკონომიკურ საკითხებს უკავშირდება. რას ნიშნავს საქართველოს მოქალაქეებისთვის სტატუსის მიღება ეკონომიკური თვალსაზრისით და როდის შევძლებთ გავხდეთ ევროკავშირის თუნდაც ყველაზე ღარიბი ქვეყნის დონის - ხელფასებით, პენსიებითა და სხვა სოციალური დაცულობის სტანდარტებით, ამ საკითხებზე ეკონომიკის პროფესორ სოსო არჩვაძეს ვესაუბრებით.

- ჩვენს საზოგადოებასა და მედიასაც ცალმხრივი დამოკიდებულება აქვთ ევროკავშირის წევრობის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით - ანუ ჯერ მივიღებთ თუ არა და მერე, რომ მივიღებთ, რა შეღავათი გვექნება. რას ვთავაზობთ, რით შევდივართ, რომ ჩვენი ქვეყანა საინტერესო იყოს და მოძრაობა ცალმხრივი არ იყოს? ხომ არ შეიძლება, ერთი მხრივ, აქცენტს ვაკეთებდეთ ჩვენს ისტორიულ წარსულზე, მეცნიერების ამა თუ იმ სფეროში მიღწევებზე გვქონდეს პრეტენზია, მეორე მხრივ კი ეკონომიკის სფეროში ვიყოთ მარადიული მთხოვნელებისა და მიმღებების როლში.ამ მიმართულებითაც იქნება საჭირო ზომების მიღება, რათა ჩვენც ვიყოთ საინტერესო და გარკვეულწილად დონორის როლის შემსრულებელი. ამ მიზანს თუ დავისახავთ, უფრო სწრაფად წავალთ წინ. რაც შეეხება წმინდა ეკონომიკას, რა თქმა უნდა, კავშირშია თანაბარ პასუხისმგებლობასთან, სამართლებრივი ნიჰილიზმი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ არის, უნდა შეიცვალოს. მაგალითად, არის ასეთი ანეკდოტი თუ გამოთქმა, პენალის დარტყმას ვინ ჰკითხავს მსაჯსო, და ამაზე გვეცინება, მაგრამ ფრანგსა და გერმანელს ამაზე არ გაეცინება, ვერ მიხვდება, რადგან იცის, რომ თამაშში გადამწყვეტი ფიგურა მსაჯია, ისევე როგორც საზოგადოებაში კანონი და არავის აქვს უფლება, კანონს გვერდი აუაროს და ისე მოიპოვოს უპირატესობა. როცა ამ ანეკდოტზე აღარ გაგვეცინება, მაშინ ნამდვილად ვიქნებით ისეთი ევროპელები, რასაც მოაქვს სტაბილურობა, განვითარება და სამართლიანობა.

წმინდა ეკონომიკურად კი, როდესაც კანდიდატი ხდები, ეს ნიშნავს, რომ შენი ცხოვრების წესი და სამართლებრივი ჩარჩოები მოგყავს შესაბამისობაში იმასთან, რაც მიღებულია ევროკავშირში, და ის ამ პროცესში დახმარებას გიწევს როგორც ტექნიკური ხასიათისას, ისე მონეტარულს. ეს იმისთვის, რომ გვქონდეს ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნებთან თავსებადი სავაჭრო სისტემა, სტაბილური ბიზნესგარემო, საინვესტიციო მიმზიდველობა. ამ მხრივ პროგრესი გვაქვს, ბოლო წლებში საგარეო ვაჭრობის 70% ევროკავშირზე მოდის და, თუ გაერთიანებულ სამეფოსაც ჩავთვლით, უფრო მეტი წილი გამოდის. ეს მოგვიტანს წარმოების მასშტაბების გაფართოებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოგვცემს საშუალებას, საექსპორტო ბაზრების მეტი დივერსიფიცირება მოვახდინოთ და მეტი საქონელი გავიტანოთ. დღეს არა მარტო ჩვენი ექსპორტის მოცულობა ჩამორჩება იმპორტს, არამედ სასაქონლო ნომენკლატურითაც საკმაოდ მოკრძალებულად გამოვიყურებით. ნაკლები დასახელების საქონელი გაგვაქვს, ვიდრე შემოგვაქვს, და თითოეული სასაქონლო პოზიციის მიხედვითაც, ექსპორტი იმპორტს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. გარდა ამისა, ევროკავშირთან დაახლოება ნიშნავს, რომ ქართველ ექსპორტიორებს გარკვეულწილად შეუმცირდებათ ხარჯები. პარალელურად, რა თქმა უნდა, დაგვჭირდება მეტი მუშაობა, რათა დავიცვათ მომხმარებელთა უფლებები - ევროკავშირის ბაზარი არა მარტო მაღალი გადახდისუნარიანობით გამოირჩევა, არამედ განსაკუთრებული მოთხოვნით პროდუქციის ხარისხის მიმართ. ქართული მხარე სერიოზულ სარგებელს მიიღებს ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვის მხრივაც, რადგან მეტი მოტივაცია გაუჩნდებათ სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს. მეცნიერებამ უნდა დაიბრუნოს თავისი საზოგადოებრივი როლი და ფუნქცია, რაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გარკვეულწილად დავკარგეთ. ეს კი აისახება წარმოებული პროდუქციის ფასზე, რაც თითოეული მოქალაქის შემოსავალსა და კეთილდღეობას გაზრდის. ეს არის უალტერნატივო გზა, რათა ქვეყანამ მიიღოს სტაბილური, გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა. ეს არის ჩვენი ამოცანა და რომ გითხრათ, ამ მიმართულებით ყველაფერი რიგზეა, მართალი არ ვიქნები. თითქმის ათი წელი გავიდა, რაც ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, და მაშინ თუ ევროკავშირის საგარეო ვაჭრობაში საქართველოს წილი იყო 0,6%, 0,9%-მდე ავიდა. საგარეო სავაჭრო ბრუნვა იზრდება, მაგრამ ევროკავშირის წილი კი არ გაზრდილა, ბოლო პერიოდში რამდენადმე შემცირდა.

- ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანასთან მიმართებაში როგორია საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები? რა დრო დაგვჭირდება, რომ თუნდაც ამ ყველაზე დაბალ მაჩვენებლებს მივუახლოვდეთ?

- ეკონომიკური განვითარებით ევროკავშირის ყველაზე სუსტი რგოლი ბულგარეთია. ის ევროკავშირის წევრი 2007 წელს გახდა. მაშინ საქართველოს მშპ ერთ სულზე ბულგარეთის მაჩვენებლის დაახლოებით 53%-ს შეადგენდა, 2022 წლის მონაცემებით კი არის სადღაც 68%-ის დონეზე - ანუ 15 წელიწადში თითო პუნქტით დავძლიეთ ბულგარეთთან ჩამორჩენა და ამ ტემპით გამოდის, ბულგარეთის დონეზე 32 წლის შემდეგ გავალთ. იმისათვის, რომ მოკლე ვადებში დავძლიოთ ისტორიული ჩამორჩენა, საჭიროა მეტი ინოვაცია და კოოპერირება. ბოლო წლებში სახმელეთო მეზობლებთან შედარებით ეკონომიკური ზრდის შედარებით მაღალი ტემპი რომ გვაქვს, ცუდი არ არის, მაგრამ არ კმარა იმისთვის, რომ მაღალგანვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში გადავინაცვლოთ. ევროკავშირთან დაახლოება გვაძლევს ისტორიულ შანსს და აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ეს არის ჩვენი თაობის სერიოზული ამოცანაც, გამოწვევაც და შანსიც. იხილეთ სრულად

myquiz