ვინ არიან მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებიც მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის შემთხვევებში ფიგურირებენ?
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აგრძელებს ინფორმაციის სისტემატიზებულ შეგროვებას მაღალი დონის კორუფციის შესაძლო დარღვევებზე, რომელთა შესახებ ბოლო წლებში გახდა ცნობილი.
მათი ცნობით, ორგანიზაციის მიზანია, შექმნან მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევათა პერიოდულად განახლებადი კატალოგი, რომელიც ამ დარღვევების თვალყურის დევნების შესაძლებლობას იძლევა.
ორგანიზაციის შეფასებით, კორუფციის კუთხით საქართველოში ამჟამად არსებული ვითარება ხასიათდება, ერთი მხრივ, წვრილმანი კორუფციის შთამბეჭდავად დაბალი დონით და ამავე დროს, მაღალი დონის კორუფციის - თითქმის სრული დაუსჯელობით.
გთავაზობთ, ორგანიზაიის მიერ მოკვლეულ მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის შემთხვევების შესახებ ინფორმაციას:
ნინოწმინდის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილის, გარუშ არზუმანიანის ბიძამ და მმართველი პარტიის შემწირველმა, რაზმიკ ღუმაშიანმა, 2013-2023 წლებში ნინოწმინდის მერიის შესყიდვებით 2 840 710 ლარი მიიღო, აქედან 1 759 795 ლარი (მიღებული თანხის 61.9%) სხვების დისკვალიფიკაციის, უკონკურენტოდ ტენდერებისა პირდაპირი შესყიდვების გზით.